ნანახია: 795
საქართველოს ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკის მიერ კრიზისის პირობებში გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას საფრანგეთის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი პიერ გარელო აფასებს. მისი განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ფინანსური სტიმულირების პაკეტი პრაქტიკულად ფულის უაზროდ ხარჯვაა. მიმდინარე ეტაპზე არსებულ მძიმე მდგომარეობაში საჭიროა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის რეალური ხელშეწყობა. ახლა ბიზნესს ბანკებისგან ფული სჭირდება, მაგრამ მთავრობის მხრიდან წარმოდგენილი სტიმულირების პაკეტი ამას ნაკლებად უზრუნველყოფს, რადგან ბანკებს სხვა პრობლემები აქვთ. პროფესორი გარელო საქართველოს ეროვნულ ბანკსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ ჩაერიოს კომერციული ბანკების საქმიანობაში. მისი აზრით, ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა ქართული კომერციული ბანკები იმყოფებიან, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის ბრალია. "მათ არ ჰქონდათ რისკების მართვა სათანადო დონემდე განვითარებული. გასაკოტრებელი ბანკი უნდა გაკოტრდეს და შემდეგ იგი ახალ მფლობელს უნდა გადაეცეს, ეს გამოიწვევს იმას, რომ ბანკირები მეტ ყურადღებას მიაქცევენ საკუთარი საქმიანობის იმ კომპონენტებს, რომელიც ნაკლებად აქვთ განვითარებული," - აცხადებს პიერ გარელო. ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა რამდენიმე კვირის წინ საქართველოში მყოფმა ევროს ავტორმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა რობერტ მანდელმაც გააკრიტიკა. განსაკუთრებით კი მონეტარულ და საგადასახადო პოლიტიკას შემოსწყრა. მანდელმა მთავრობას საგადასახადო წნეხის შემცირებისკენ მოუწოდა და აქცენტის გაკეთება ინდუსტრიისა და მრეწველობის განვითარებაზე ურჩია. "ფიქრობ, მთავრობამ კრიზისის პერიოდში ინდუსტრიისა და მრეწველობის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და საინვესტიციო კლიმატი გააუმჯობესოს,"- განაცხადა ევროს ავტორმა.
|