ნანახია: 964
საქართველოში "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების შედეგად, ევროკავშირში რეგისტრირებული ამერიკული და იაპონური მედიკამენტების რეგისტრაციის გარეშე შემოტანის გარდა, გაყიდვის მარტივი რეჟიმი ამოქმედდა და ის მედიკამენტები, რომლებიც რეცეპტს არ საჭიროებენ, სააფთიაქო ქსელის გარდა, იმ სუპერმარკეტებშიც გაიყიდება, რომლებიც კანონით დადგენილ ნორმებს დააკმაყოფილებენ. სუპერმარკეტებში მედიკამენტების რეალიზაციას ფარმაცევტული კომპანიები ეწინააღმდეგებიან. მათთვის გაუგებარია, როგორ უნდა მოხდეს მაღაზიებში უსაფრთხოების წესების დაცვა. "მედიკამენტების შენახვას თავისი წესები აქვს. ეს ეხება ტემპერატურას და სხვა საკითხებს. დახლებზე მედიკამენტების გაყიდვის მაგალითები უკვე გვქონდა, როდესაც დეზერტირების ბაზრობის ტერიტორიაზე პრეპარატები თევზისა და პურის გვერდით იყიდებოდა", _ აცხადებს "სახალხო აფთიაქის" გენერალური დირექტორი ვალერი კვარაცხელია. სუპარმარკეტებში მედიკამენტების რეალიზაციის კატეგორიული წინააღმდეგები არიან ექსპერტებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სუპერმარკეტებში მედიკამენტების უსაფრთხოდ შენახვის გაკონტროლება ვერ მოხერხდება, ამავდროულად არ არსებობს მექანიზმი, რომლის საშუალებით მაღაზიებში მედიკამენტების უსაფრთხოდ შენახვა გაკონტროლდება, ეს კი ადამიანთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის სასწორზე დადების ტოლფასია. ამასთან, სუპერმარკეტებში წამლების გაყიდვა, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც, ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და ქართველ მონოპოლისტ ფარმაცევტებს აიძულებს წამლებზე ფასები შეამცირონ. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ სუპერმარკეტები მედიკამენტებს საზღვარგარეთ შეიძენენ და არა ადგილობრივი ფარმაცევტებისგან. "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებები მთავრობის მიერ შემუშავდა და როგორც აღნიშნავენ, "მათი მიზანია უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარისხიანი ფარმაცევტული პროდუქციის არსებობა ქართულ ბაზარზე და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდა". ანუ სუპერმარკეტებში საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტები უფრო მეტად ხელმისაწვდომი იქნება, ვიდრე სააფთიაქო ქსელში. აპირებენ თუ არა სუპერმარკეტები წამლების გაყიდვას და მათ საზღვარგარეთიდან შემოტანას, ჯერ-ჯერობით უცნობია. ამ საკითხთან დაკავშირებით ჰიპერმარკეტ "გუდვილის" წარმომადგენელმა "ბანკები და ფინანსებ"-ს შემდეგი განუცხადა: "ჰიპერმარკეტში მედიკამენტების რეალიზებას მოვახდენთ თუ არა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ხოლო რეალიზაციის შემთხვევაში, მედიკამენტებს საზღვარგარეთიდან შემოვიტანთ თუ ადგილობრივი ბაზრიდან, ჩვენს პარტნიორ კომპანიებთან ერთად გადავწყვეტთ. ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი კომპანია "სუპერ ფარმაა".
თეონა ჭიტაძე
|