ნანახია: 834
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით 2008 წელს დაწყებული "იაფი კრედიტის" პროგრამა წელს მხოლოდ ახლა, აგვისტოს ბოლოდან დაიწყება. შარშანდელისგან განსხვავებით, წლეულს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ 3 ბანკმა, "ბაზისბანკმ", "ვითიბიმ" და "სახალხო ბანკმა" გამოთქვა. პროგრამის ფარგლებში სესხის აღების სურვილი ამ დროისათვის 97 კომპანიამ გამოთქვა. მათგან 92 განაცხადი, "ბაზისბანკში" შევიდა. ბანკის ცნობით, კრედიტებზე მოთხოვნის 90%-ი ძირითადად სოფლის მეურნეობაზე მოდის. "ვითიბი" ბანკში ამ ეტაპზე მხოლოდ 5 პროექტია წარდგენილი. პროგრამაში მონაწილე ბანკებიდან განაცხადების მიღება ჯერ არ დაუწყია "სახალხო ბანკს". ბანკის ინფორმაციით ისინი ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულების გაფორმებას ელოდებიან. განაცხადების მიღების პირველი ეტაპი 30 ივლისს მთავრდება, ხოლო მეორე 15 აგვისტოს. 2009 წელს, "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში, 18,486 მილიონი ლარის კრედიტი გაიცემა. მთავრობა ბანკებს 2%-ად მისცემს სესხს, ხოლო ისინი თავისთავად მაქსიმუმ წლიური საპროცენტო 12%-იანი განაკვეთის ფარგლებში მცირე მეწარმეებს დააკრედიტებენ. პირობის მიხედვით, თითოეული კრედიტის მაქსიმალური ოდენობა 20 ათას ლარია ვადა კი 7 წელი. "იაფი კრედიტის" პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: - სოფლის მეურნეობის სექტორში მომუშავე, სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ, აგრეთვე აღნიშნულ სექტორებში ბიზნესის დაწყების მსურველ მეწარმეებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც პროგრამის ფარგლებში, საკუთარ საქმიანობას რეგიონებში განავითარებენ; - რეგიონებში ხალხური რეწვით დაკავებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; - სხვადასხვა სექტორებში სამეწარმეო საქმიანობით დაკავებულ, აგრეთვე, აღნიშნულ სექტორში ბიზნესის დაწყების მსურველ მეწარმე სუბიექტებს. აღსანიშნავია, რომ "იაფი კრედიტის" პროგრამით შარშან 62,4 მლნ. ლარის დაბალპორცენტიანი სესხი გაიცა. მათ შორის სესხი სულ 117 კომპანიამ მიიღო. ამ 117 კომპანიიდან 21-მა გასულ წელს აღებულ სესხებზე საშეღავათო პერიოდის კიდევ ერთი წლით გაგრძელების თხოვნით მთავრობას მიმართა. მათი საერთო დავალიანება 1,203 მილიონი ლარია. მიზეზად მეწარმეები, ეკონომიკურ კრიზისს ასახელებენ, რის გამოც მათი პროდუქციის რეალიზაცია თითქმის 90%-ით შემცირდა და კრედიტის მომსახურებისთვის საჭირო თანხების მოძიებას ვერ ახერხებენ. მათი განცხადებით, თუკი მთავრობა სესხის რესტრუქტურიზების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მათ აგვისტოდან კრედიტის დაფარვა უნდა დაიწყონ, რამაც შესაძლოა საწარმოები გაკოტრებამდე მიიყვანოს. ხელისუფლება მიხვდა არსებული სიტუაციის სირთულეს და გადაწყვიტა იმ მეწარმეებს, რომლებიც სესხის დაფარვას ვერ ახერხებენ, საშეღავათო პერიოდი კიდევ გადაუვადოს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა. მართალია, დღეისათვის ჯერ არაა ცნობილი, თუ რამდენ მეწარმეს და რა ვადით გადაუვადდებათ სესხები, მაგრამ თვითონ ფაქტი, მისასალმებელია. გამომდინარე იქიდან, რომ 2009 წლის პირველ კვარტალში მცირე საწარმოების ბრუნვამ 209 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 35 პროცენტით ნაკლებია. ამავე პერიოდში მცირე ბიზნესმა 111 მილიონი ლარის პროდუქცია გამოუშვა, რაც 36 პროცენტით ჩამორჩება 2008 წლის მონაცემს. "იაფი კრედიტის" პროგრამით სესხები კი სწორედ მცირე მეწარმეებზე გაიცა. რა თქმა უნდა, თუ იმ დარღვევებს არ ჩავთვლით, რომელიც შარშან ამ პროგრამის განხორციელებას თან სდევდა. ასევე აღსანიშნავია, რომ შარშანდელისგან განსხვავებით, წელს "იაფი კრედიტის" პროგრამის დაფინანსების შემცირების პარალელურად, შემცირდა როგორც მასში მონაწილე ბანკების, ასევე ამ პროგრამით სარგებლობის სურვილის მქონე მეწარმეების რაოდენობაც. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში საკრედიტო შიმშილია, დაბალპროცენტიან სესხზე მოთხოვნის ასე კლება, ნამდვილად წარმოუდგენელი იყო. ეს მოვლენა კი კიდევ ერთხელ მის მიმართ მოსახლეობის უნდობლობის მაჩვენებელია. მთავრობის მიერ ამ პროგრამაზე გამოყოფილი თანხის სამჯერ შემცირება კი მის უსარგებლობას უსვამს ხაზს. სამწუხაროა, მაგრამ ხელისუფლებამ `იაფი კრედიტისათვის~ დაფინანსების შემცირებით აღიარა, რომ ამ პროგრამამ არ გაამართლა. "აფი კრედიტის" პროგრამაზე საზოგადოებისა და მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირებაზე საკუთარი ხედვა აქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში" (აფბა), - "2008 წელს, როდესაც ამ პროგრამის ინიცირება, ხოლო შემდგომ მისი განხორციელება, დაიწყო, ძალზედ საინტერესო და მისასალმებელი პროექტი იყო. მისი არსით იგი მიმართული იყო ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისაკენ, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ფაქტია. მაშინ, როდესაც ბიზნესს კრედიტის გარეშე განვითარება უჭირს, საქართველოში კი ბანკები ძალიან ძვირად გასცემდნენ კრედიტებს, "იაფი კრედიტის" პროგრამა იმ მეწარმეებისთვის მისწრება იყო, რომლებიც საკუთარი ბიზნესის განსავითარებლად დაბალპროპცენტიან სესხს ეძებდნენ. ამიტომ, პროგრამა თავისი არსით ძალიან კარგი პროექტი იყო. სამწუხაროა, რომ პროგრამის განხორციელებას თან ახლდა რიგი ხარვეზებისა. მაგალითად, ზოგჯერ ხდებოდა ისეთი ფაქტებიც, რომ სესხები გაიცემოდა პირადი ნაცნობებისთვის, რომლებიც არასამეწარმეო გარემოში ხარჯავდნენ აღებულ სესხს. ასევე იყო ისეთი ფაქტიც, როდესაც პროგრამის ფარგლებში კომპანია "ჯორჯიან ეარ სერვისს" 2,5 მლნ.-ს დაბალპროცენტიანი სესხი თვითმფრინავის შესაძენად გამოეყო. ეს ფაქტი "იაფი კრედიტის" არცერთ ჩარჩოში არ ჯდებოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროგრამით გათვალისწინებული იყო, რომ 100 ათას ლარზე მეტი ერთ კომპანიაზე სესხი არ უნდა გაცემულიყო. ეს და სხვა უფრო მცირე დარღვევები მრავლად ახლდა ამ პროგრამას თან. სწორედ ასეთი ფაქტების გამო, მეწარმეებს ამ პროგრამის მიმართ უნდობლობა გაუჩნდათ და ამიტომაცაა, რომ წელს იაფ სესხზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ `იაფი კრედიტის~ პროგრამას ჯერ კიდევ შეუძლია ადგილობრივი წარმოებისთვის ჯეროვანი სარგებლობის მოტანა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ პროგრამა თუ ობიექტურად განხორციელდება, მთელ რიგ მეწარმეებს შეეძლებათ მისით სარგებლობა, საკუთარი ბიზნესის დაწყება ან განვითარება, რაც ქვეყანაში უმუშევრობას, თუნდაც სულ მცირედით, მაინც შეამცირებს, რაც თავისთავად დადებითი ფაქტია", - აღნიშნავენ "აფბაში".
მერაბ ჯანიაშვილი
|