ნანახია: 825
გუშინ ამოიწურა მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სამედიცინო საზღვევის პროგრამის "იაფი დაზღვევიs" ვადა, რომელიც 1 მარტს დაიწყო. თავდაპირველად, პროექტი 500 ათას ადამიანზე იყო გათვლილი და ამისთვის 15 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა, საბოლოოდ, ხელისუფლებამ თავისივე წინასწარი საპროგნოზო რიცხვი 250 ათას ადამიანამდე შეამცირა მას შემდეგ, რაც შეატყო, რომ ადამიანები ნაკლებად ინტერესდებოდნენ ამ პროექტით. თავად პრეზიდენტის მიერ გაპიარებული პროექტის ფარგლებში ადამიანთა დაზღვევა 1 ივლისს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მაშინ პროექტში 40 ათასამდე ადამიანი იყო ჩართული და მთავრობაც იძულებული გახდა ვადა 21 ივლისამდე გაეგრძელებინა. აღსანიშნავია, რომ სადაზღვევო კომპანიებმა "იაფი დაზღვევის" ''დამატებითი დრო" უფრო წარმატებულად გამოიყენეს და წინა პერიოდთან შედარებით დაზღვეულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდეს. ჯანდაცვის მინისტრის სანდრო კვიტაშვილის განმარტებით, პროგრამაში 120 ათასი ადამიანია ჩართული. "გაზაფხულთან შედარებით, ზაფხულში მოქალაქეები უფრო გააქტიურდნენ, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებიც შეიძლება მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან პროექტი საკმაოდ მძიმედ დაიწყო, მას მაინც წარმატებულ პროექტად ვთვლი. პროგრამის შემდეგ სადაზღვევო კომპანიების მიმართ ნდობა გაჩნდა, თუმცა ამ ეტაპზე პროგრამის გაგრძელება არ იგეგმება," _ აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. ექსპერტები `იაფი დაზღვევის~ ნაკლოვანებებზე და მის სავარაუდო ჩავარდნაზე პროგრამის განხორციელების დასაწყისშივე საუბრობდნენ. მათი განცხადებით, სადაზღვევო პაკეტის ბაზისური ფორმა არ იყო სრულყოფილი და იგი სრულად არ ითვალისწინებდა იმ ნოზოლოგიებს, რომელიც მოსახლეობას რეალურად ესაჭიროებოდა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა 2009 წლიდან სახელმწიფომ მანმადე არსებული მრავალი ავადმყოფობის მკურნალობის დაფინანსება შეწყვიტა. ექსპერტების აზრით, ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ პროგრამაში არ ჩაერთო პროგნოზირებული ნახევარი მილიონი ადამიანი, არის მოსახლეობის დაბალი ნდობა ხელისუფლების და მის მიერ შეთავაზებული პროექტების მიმართ. ასევე, მოსახლეობაში სადაზღვევო კულტურის დაბალი დონე და რაც ყველაზე მთავარია, მთავრობისა თუ სადაზღვევო კომპანიების სუსტი, არასრულფასოვანი საინფორმაციო პოლიტიკა. შეგახსენებთ, რომ პროგრამაში სულ 10 სადაზღვევო კომპანია იყო ჩართული, აქედან ხუთმა კომპანიამ 10-20 ათასამდე ადამიანი დააზღვია. სადაზღვევო კომპანიებსა და მთავრობას შორის სადაზღვევო პოლისის ღირებულების შეთანხმებისას დიდი დავა იყო. საბოლოოდ კი წელიწადში 60 ლარზე შეთანხმდნენ, საიდანაც 40-ს სახელმწიფო იხდის. ეს თანხა იმ რაოდენობის ადამიანის დაზღვევის შემთხვევაში, რისი პროგნოზიც კეთდებოდა, კომპანიებისთვის მისაღები იყო და ეს რაოდენობა მათთვის გარკვეული მოგების მომტანიც იქნებოდა. ფაქტია, რომ პროგრამის ფარგლებში პროგნოზირებული რაოდენობის მხოლოდ 24% დაეზღვია, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიების პროგრამის ადმინისტრირებისა და განხორციელების ზედნადები ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. სადაზღვევო პრემიის 60 ლარის ოდენობით შენარჩუნების პირობებში, მოსალოდნელია, რომ პროგრამის მიმდინარეობის პროცესში, კომპანიებს ტექნიკური ხასიათის პრობლემები შეექმნათ. საინტერესოა, აპირებს თუ არა მთავრობა მზღვეველებისთვის გადასახდელი პრემიის ოდენობის გაზრდას, თუ მათ სამომავლო სირთულეებისათვის გაიმეტებს. ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არც ხელისუფლება და არც სადაზღვევო კომპანიები კომენტარს არ აკეთებენ.
შოთა ბუჩუკური
|