ნანახია: 533
2009 წლის პირველ ნახევარში მკვეთრად შემცირებული საინვესტიციო აქტივობის ფონზე ცნობილი ხდება, რომ საქართველოში ორი ებრაული კომპანია იწყებს ინვესტიციების განხორციელებას. სატელეფონო მომსახურების ბაზარზე კომპანია Net Vision-ი შემოვიდა, რომელიც ისრაელის საკომუნიკაციო ბაზრის 36%-იან წილს ფლობს. როგორც ცნობილი გახდა, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე თავდაპირველად 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს და რამდენიმე ათეულ სამუშაო ადგილს შექმნის. კომპანია პირველ ეტაპზე მომსახურებას საერთაშორისო კოდით 8-52 დაიწყებს. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან ლოკალური ზარების განსახორციელებლად სატელეფონო ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის შესყიდვასაც გეგმავს. ამასთან, კომპანია სექტემბრიდან ინტერნეტ-მომსახურების ბაზარზეც გეგმავს შესვლას. ამავდროულად, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას კიდევ ერთი ებრაული კომპანია "ინფორტ ტექნოლოჯი" აპირებს, რომელიც საქართველოს ჰოსპიტალური განვითარების გეგმაში ჩაერთვება და ამ პროექტის ფარგლებში 93 მილიონ დოლარს ჩადებს. ეს კომპანია 23 ქალაქში საავადმყოფოებს ააშენებს, რაც დაწყებული ჰოსპიტალური განვითარების გეგმის გაგრძელებაა. ამ გეგმის მიხედვით სამ კომპანიას ჩეხურ `ბლოკ-ჯორჯიას~, "ავერს" და "პსპs" 1000 აშშ დოლარად საავადმყოფოები კერძო მფლობელობაში გადაეცა და მათ თანამედროვე საავადმყოფოების აშენება დაევალა, თუმცა ჯერ-ჯერობით, მხოლოდ რამდენიმე მათგანია დასრულებული. უცნაურია, იმ დროს, როცა სხვა უცხოელი ინვესტორები მაქსიმალურად იკავებენ თავს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებისგან, ებრაელი ბიზნესმენები მაინც აქტიურობენ. ეს ყველაფერი ნამდვილად ჩვენი ეკონომიკის მინისტრის დამსახურება უნდა იყოს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი ისრაელში და საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს იქაურ ბიზნესმენებთან. ფაქტია, რომ მიმდინარე წლის პირველმა ნახევარმა ინვესტიციების მხრივ არ გაამართლა. პირველ კვარტალში ქვეყანაში განხორციელებულმა უცხოურმა ინვესტიციებმა მხოლოდ 124,681,000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ომის შემდგომ პერიოდში შემოსულ ინვესტიციებზეც კი საკმაოდ ნაკლებია. ახლა ხელისუფლება იმედებს წლის მეორე ნახევარზე ამყარებს, თუმცა ექსპერტების პროგნოზით, შემოდგომაზე ქვეყანაში პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, რაც ამ მოლოდინს არარეალურს ხდის. მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში მხოლოდ პირადი ნაცნობობით თუღა ხერხდება. გასარკვევი მხოლოდ ერთი საკითხიღა რჩება: როცა ეს რესურსი ამოეწურება ხელისუფლებას, შემდეგ რა ხერხს მიმართავს ქვეყანაში ინვესტორების შემოსაყვანად. ეს საკითხი, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ჯერ-ჯერობით, უცნობია.
შოთა ბუჩუკური
|