ნანახია: 771
აჭარის პოლიციის მთავარმა სამმართველომ ე.წ. "ხოფის ბაზრობის" ადმინისტრაცია ბაზრობის ტერიტორიიდან გამოასახლა. ყოფილი მეპატრონის გამოსახლებას წინ უძღოდა მოვაჭრეების საპროტესტო მიტინგი. ისინი ადმინისტრაციის შენარჩუნებას ითხოვდნენ. ბაზრობის ორი მოწილე - ილია ანანიძე და ჯონი ზოიძე ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. საღამოს ექვსი საათისთვის ბაზრობის მფლობელებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველო წარმომადგენლები პოლიციის რაზმებთან ერთად მივიდნენ და ადმინისტრაციას განუმარტეს, რომ ისინი უნდა გაასახლონ. პოლიციამ ადმინისტრაციულ შენობასთან მისასვლელი ცოცხალი კორდონით გადაკეტა და მოვაჭრეებს და სხვა მოქალაქეებს პერიმეტრზე შესვლა აუკრძალა. გამოსახლების პროცესს პოლიცია სამი ვიდეო კამერით აფიქსირებდა. რამდენიმე წუთში ადმინისტრაციული შენობიდან ბაზრობის ერთ-ერთი, უკვე ყოფილი მეპატრონე, დავით ანანიძე, გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლიცია კანონს არღვევს: "კიდევ ერთხელ ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან კანონის დარღვევას, გუშინ მოგვივიდა გაფრთხილება, რომ ხუთ დღეში დაგვეცალა ადმინისტრაციული შენობა. ჩვენ გვქონდა ამ გასაჩივრების უფლება, მაგრამ ამ ხუთ დღიან ვადასაც არ დაელოდნენ. ჩვენი გამოსახლება სრულიად უკანონოდ დაიწყეს." პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, რამაზ გვარჯალძე, რომელიც ოპოზიციას ხელმძღვანელობდა, შეეცადა მოვაჭრეებისთვის აეხსნა, რომ აქ მხოლოდ დირექტორის პრობლემა წყდებოდა, მოვაჭრეები კი ჩვეულებრივ გააგრძელებენ საქმიანობას: "თქვენ ვერავინ შეგეხებათ. დღეიდან ტერიტორიას არასაუწყებო დაცვის პოლიცია გააკონტროლებს. თქვენს მაღაზიებსა და ქონებას ვერავინ შეეხება. ამის გარანტიას მე გაძლევთ." მოგვიანებით ტერიტორიაზე ბაზრობის ახალი მეპატრონე, შპს "სავაჭრო ცენტრი 2009-ის" ხელმძღვანელი აბესალომ გურგენიძე გამოჩნდა. როგორც ახალმა დირექტორმა განაცხადა, ხვალიდან ბაზრობა ჩვეულ რიტმში იმუშავებს: "არანაირი საფრთხე რიგითი მოვაჭრეების ინტერესებს არ ემუქრება. რაც შეეხება ადმინისტრაციას, ბუნებრივია, აქ ცვლილებები იქნება. იმ პირების ნდობა, ვინც უბრალო მოვაჭრეები შეცდომაში შეიყვანა და პირადი ინტერესებისთვის აქციაზე გამოიყვანა, გაგვიჭირდება. ვერ გეტყვით, კონკრეტულად რამდენ ადამიანს მოუწევს სამსახურის დატოვება. ამას უახლოესი დღეები გვიჩვენებს." ხოფის მოვაჭრეების აქცია ე.წ. "ხოფის ბაზრობა" გუშინ დილიდან დაიკეტა. დილის თერთმეტ საათზე ბაზრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიტინგი გაიმართა. მომიტინგეების განცხადებით, პირველ ეტაპზე ბაზრობის ადმინისტრაციის განდევნა იგეგმება. შემდეგ კი მათი ინფორმაციით, ხელისუფლება ბაზრობის დახურვას გეგმავს და ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსების ასაშენებლად ინვესტორს ეძებს. ბაზრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის სულიკო ბოლქვაძის თქმით, მან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ადმინისტრაციას მიმართა, რომ ხუთი დღის ვადაში ობიექტი ახალ მეპატრონეს, სახელმწიფო მეწარმე შპს "სავაჭრო ცენტრ 2009"-ს დაუთმობენ. "ამ დოკუმენტით სახელმწიფო ჩვენს უფლებებს უგულებელყოფს, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ ეს ბრძანება არ გავასაჩივროთ. ამისთვის მინიმუმ ერთთვიანი ვადა უნდა მოეცათ. ჩვენ ამ ბრძანებას სასამართლოში დღესვე გავასაჩივრებთ, მაგრამ ეჭვი გვაქვს, რომ ხელისუფლება სასამართლოს არ დაელოდება და იძულებით გაგვასახლებს." პოლიტიკოსებმა მოვაჭრეებს მთავრობის სახლთან აქციის გამართვისკენ მოუწოდეს. ბაზრობის ერთ-ერთმა მეპატრონემ, ეროვნული ფორუმი წევრმა, დავით ანანიძემ, აქციის ერთი დღით გადადება ითხოვა: "ნათელია, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული უდევს. დღეს ქვეყანაში 118 პოლიტპატიმარია, ამდენი პატიმარი ბევრ დიდ ქვეყანას არ ყავს. მე ვითხოვ დღევანდელი აქცია იყოს გამაფრთხილებელი, ხოლო ხვალ თუ ხელისუფლება გონს არ მოეგება, უფრო გრანდიოზული აქციისთვის მოვემზადოთ." ანანიძის თქმით, აქცია სპონტანურად გაიმართა. დღის პირველი საათისთვის საპროტესტო აქციამ ლევან ვარშალომიძის რეზიდენციასთან გადაინაცვლა. მიტინგი ნახევარ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. იქ მოულოდნელად ქალაქ ბათუმის მერი რობერტ ჩხაიძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ვაჟა ბოლქვაძე მოვიდნენ. მერმა მოვაჭრეებს მიმართა: "ხალხო, გასაგებია ამ მიტინგის ორგანიზატორთა პროტესტი, მაგრამ თქვენ არაფერი გემუქრებათ. ჩვენ ვიცით, რომ ბაზრობაზე თითქმის 2000 კაცია დასაქმებული და მათ უმუშევრად დატოვებას არავის ფიქრობს, ბაზრობის გაყიდვა არ იგეგმება. სახლების ასაშენებლად მერიას უამრავი ფართობი აქვს." ვითარება პოლიტიკოსებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, როცა მერმა ხალხის პარტიის ლიდერის ჯუმბერ თავართქილაძის მისამართით თქვა, - "ესენი გატყუებენ! ხალხო, ამათ არ დაუჯეროთ." მიტინგზე "რესპუბლიკელი" მურმან დუმბაძეც გამოჩნდა და მერს მიმართა: "ხელისუფლებაში ჩვენ მოგიყვანეთ. აბაშიძეს რომ ვებრძოდით, შენ მის დასაცავად ჩოლოქზე იდექი. ამის ფოტოებს დაგიდებ. დროზე წადი, თორემ შეიცვლება ხელისუფლება და შენ ციხეში მოხვდები." ასეთივე თხოვნა დუმბაძეს ბოლქვაძის მიმართაც ჰქონდა. რაც შეეხება ადმინისტრაციის ცვლილებას, ჩხაიძის განცხადებით, ერთადერთი ცვლილება ის იქნება, რომ ბაზრობაზე ახალი ადმინისტრაცია მივა, სხვა ყველაფერი ძველებურად დარჩება: "ამ ხალხს არაფერი ემუქრება. ამათ ახლა ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს." ვაჟა ბოლქვაძემ კი თავად ანანიძეს მიმართა: "აქციების გამართვას, სჯობს სასამართლოს მიმართო. თუ მართალი ხარ, დაელოდე მის გადაწყვეტილებას და ქონებაც დაგიბრუნდება." "სწორედ ეს არის უსამართლობა, რომ ხელისუფლება სასამართლოს არ დაელოდა და ქონებას მართმევს. მე რატომ უნდა ვამტკიცო ჩემი სიმართლე. წესით სახელმწიფომ უნდა დამიმტკიცოს, რომ ეს ქონება მე არ მეკუთვნის." მოვაჭრეების ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებას უნდობლად შეხვდა: "კაცს მილიონიან ქონებას ართმევთ და ჩვენ რამდენიმე კვადრატიან ჯიხურს შეგვარჩენთ? გინდათ ყველაფერი თურქებს მიჰყიდოთ. ჩვენი დირექტორი ტყუილად დაიჭირეთ. "უნივერსამის" დირექტორიც ხომ დაიჭირეთ? ჩვენ რაღას გვიზამთ?!" მოვაჭრეების ინფორმაციით, ხოფის ბაზრობის დახურვა გონიოში ახალი ბაზრობის გახსნის მოტივით იგეგმება. მოვაჭრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ტერიტორია თურქ ინვესტორებს უნდა მიჰყიდონ.
ბაზრობის წართმევის პრე-ისტორია სავაჭრო ცენტრი "ბათუმი" ე.წ. "ხოფის ბაზრობა", ყოფილი მესაკუთრეების თქმით, ერთ მილიონადაა შეფასებული. ერთ-ერთმა მეწილემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, დანარჩენ მესაკუთრეებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ, თავისივე ბრძანების საფუძველზე, "სავაჭრო ცენტრ 2009" გადასცა. ბაზრობის ერთ-ერთი მესაკუთრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი (მას გასულ თვვეს ბათუმის სასამართლომ 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა) დავით ანანიძის ინფორმაციით (ეს დოკუმენტურადაც მტკიცდება), შ.პ.ს. "სავაჭრო ცენტრ 2009-ს" ეს ბაზრობა 2009 წლის 25 ივნისს, ფირმის დაფუძნების დღეს გადასცეს. ამ ფირმის 100%-ს სახელმწიფო ფლობს. კერძო საკუთრების სახელმწიფოსთვის გადაცემის საბოლოო გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ მიიღო. საჯარო რეესტრმა ახალდაფუძნებულ "სავაჭრო ცენტრ 2009-ს" მინისტრის ბრძანების საფუძველზე ქონება გადააწერა. ამ გადაწყვეტილებაში საინტერესო ისაა, რომ ფინანსთა მინისტრმა "სავაჭრო ცენტრ 2009-ს" სასამართლოს მიერ დაყადაღებული ქონება მიაკუთვნა, რაც კანონმდებლობით დაუშვებელია. ე.წ. "ხოფის ბაზრობის" წართმევის პროცედურა ამ ხელისუფლებამ 2006 წლიდან დაიწყო. მაშინდელი ქალაქის მერის ირაკლი თავართქილაძის ერთპიროვნული ბრძანებულების საფუძველზე (მერმა ბათილად ცნო მერიის კაბინეტის გადაწყვეტილება) მერიამ ბაზრობის ტერიტორიისა და უძრავ-მოძრავი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა მოითხოვა. საჯარო რეესტრმა ბაზრობა თავისი უძრავ-მოძრავი ქონებით – 100% წილით ხელისუფლებას დაურეგისტრირა კიდეც.
ემზარ დიასამიძე გაზეთი "ბათუმელები"
|