ნანახია: 643
2008 წლის 2 ივლისს ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 85 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით კრედიტის გამოყოფა დაამტკიცა, რომელიც განვითარების პოლიტიკის პირველ ღონისძიებებს მოხმარდება (DPO-1). სულ პროგრამით სამი ასეთი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც მთავრობის სტრატეგიული რეფორმებისთვის საბიუჯეტო მხარდაჭერას უზრუნველყოფს. DPO-ს ფარგლებში გასატარებელი ძირითადი რეფორმები მოკლევადიან პერსპექტივაში მიმდინარე ეკონომიკური ვარდნის ზეგავლენის შერბილებისკენ, საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესის ხელშეწყობისა და ქვეყნის კრიზისის შემდგომი პერიოდის მომზადებისკენაა მიმართული. დამაკმაყოფილებელი მაკროეკონომიკური და ფისკალური პროგრამის გარდა, პროგრამა ითვალისწინებს ისეთი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას, როგორიცაა ფინანსების დარგში ეფექტურობის დონის ამაღლება, სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესება და საგარეო ასპარეზზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. "აღნიშნული ღონისძიებების პროგრამა 2010-2013 წლებში საქართველოსთან განსახორციელებელი თანამშრომლობის სტრატეგიის ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს. იგი მხარს უჭერს მოკლევადიან ფისკალურ სტიმულებს და უზრუნველყოფს სოციალური დაცვის სფეროს გაფართოებას ღარიბი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის იმ დროს, როდესაც მის კეთილდღეობას ზიანი ადგება სამუშაო ადგილებისა და შემოსავლების დაკარგვის, ასევე იძულებით გადაადგილების გამო", - აღნიშნა ასად ალამმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში. "იმისათვის, რომ საქართველო მომზადებული რომ შეხვდეს კრიზისის შემდგომ ეკონომიკურ ზრდას, პროგრამა მხარს უჭერს იმ რეფორმების გატარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ინვესტორთა ნდობის გამყარებას, საქართველოს უკეთ ინტეგრირებას მსოფლიო ბაზრებთან და სახელმწიფო ხარჯების ეფექტურ ზრდას. ეს კი ხელსაყრელ გარემოს შეუქმნის დინამიურ და კონკურენტუნარიან კერძო სექტორს, როგორც მამოძრავებელ ძალას ქვეყნის აღორძინებისა და ეკონომიკური ზრდის გზაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში", - დაამატა ფარუკ ხანმა, პროგრამის ჯგუფის ხელმძღვანელმა. აღნიშნული პროგრამით მთავრობის მიერ გათვალისწინებული ფისკალური სტიმულები უზრუნველყოფს სახელმწიფო ხარჯების მოცულობის გაზრდასა და მათ გადანაწილებას სოციალურ და ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებზე მოკლევადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, გაიზარდა მიზნობრივი სოციალური დახმარების ოდენობა. 2009 წლის იანვრიდან ოჯახის ერთ წევრზე შემწეობის განაკვეთი გაორმაგდა და თვეში 12 ლარიდან 24 ლარამდე შეადგინა. ასევე გაიზარდა ღარიბი მოსახლეობისთვის სამედიცინო დაზღვევის პროგრამის დაფარვა - 750,000 ბენეფიციარიდან 2008 წელს 900,000 ბენეფიციარამდე 2009 წელს. აღნიშნული სტრუქტურული რეფორმების პაკეტის მხარდაჭერა მიზნად ისახავს საშუალოვადიანი ეკონომიკური ზრდისთვის პირობების შექმნას, საქართველოს საგადასახადო სისტემისა და საბაჟო პროცედურების შემდგომ სრულყოფას. შედეგებზე ორიენტირებული ბიუჯეტის ფორმირება და ეფექტური სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამის შემუშავება აამაღლებს სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობის დონეს. და ბოლოს, სტატისტიკის სისტემის რეფორმები უზრუნველყოფს საიმედო და დროული ინფორმაციის მიწოდებას ინვესტორებისთვის და მათთვის, ვინც პოლიტიკას განსაზღვრავენ. მსოფლიო ბანკი საქართველოში 1995 წლიდან მოღვაწეობს. დღეისათვის მსოფლიო ბანკს მთლიანობაში 1.15 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი 46 პროექტის დასაფინანსებლად. ამჟამად, ბანკის საკრედიტო პორტფელი 11 აქტიური პროექტისაგან შედგება, რომლისთვისაც 295.3 მილიონი აშშ დოლარია გათვალისწინებული. საერთაშორისო განვითარების ასოციაციის (IDA-ს) მიერ ახალი კრედიტები 20 წლის დაფარვის ვადით იქნება გამოყოფილი, აქედან შეღავათიანი პერიოდი 10 წელს შეადგენს.
მოამზადა ირმა ზარნაძემ
|