ნანახია: 623
საქართველოს მთავრობა "არსენალის" მთის განაშენიანების პროექტის განხორციელებისთვის ახალ ინვესტორს მოიძიებს, რომელიც "კალა კაპიტალს" ჩაანაცვლებს. ეკონომიკური განვითარების მინისტრის ლაშა ჟვანიას განცხადებით, სამინისტრომ ინვესტორების მოძიებაში დახმარება "კალა კაპიტალის" დამფუძნებელს კახი კალაძეს ჯერ კიდევ დეკემბერში შესთავაზა, მას შემდეგ, რაც კალაძემ მთავრობას პროექტის განხორციელების და შესყიდული მიწის ნაკვეთის საფასურის ნაწილის გასტუმრების 3 წლით გადავადება სთხოვა. გედევანიშვილის ქუჩაზე (ს/ქ #17 ყოფ. არსენალი) მდებარე შენობა-ნაგებობების და 772,958 ათასი კვ" გასული წლის დასაწყისში შეისყიდა, მხოლოდ 19 მლნ. აშშ დოლარი აქვს გასტუმრებული. ხელშეკრულების პირობებით კალაძეს ნაწილი თანხა ეტაპობრივად უნდა დაეფარა, საიდანაც 9,49 მლნ. აშშ დოლარი 2008 წლის 15 სექტემბრამდე უნდა გადაეხადა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კომპანიას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თანხის 0,1%-ის ოდენობით საჯარიმო გადასახადი ერიცხება. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის კომპანიის მიერ გადასახდელი ჯარიმა 5 მლნ. ლარს აღწევს და ვიდრე ვალდებულება არ იქნება გასტუმრებული, საურავების დარიცხვა გაგრძელდება. "კალა კაპიტალის" წარმომადგენლის ლაშა ამაღლობელის ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არის ცნობილი მიწის ნაკვეთის გადაყიდვის შემდეგ "კალა კაპიტალს" თანხის რა ნაწილი დაუბრუნდება უკან. ეკონომიკური განვითარების მინისტრი ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ გარიგების დეტალები სახელმწიფოს, ახალ ინვესტორსა და "კალა კაპიტალს" შორის შეთანხმებით გადაწყდება. როგორ წყდება დღევანდელ საქართველოში კერძო კომპანიების წილებიდან გამოძევების საკითხი, ეს კალაძისნაირი ბევრი ბიზნესმენისთვის საკმაოდ ნაცნობი საკითხია. კახი კალაძე იტალიაში და უკრაინაში საკმაოდ კარგად თამაშობს ფეხბურთს, არანაკლები წარმატება აქვს ამ ქვეყნებში, როგორც ბიზნესმენს, მაგრამ მან რატომღაც ვერ გაიგო, რომ საქართველოში "თამაში" "ცეცხლთან თამაშია", როგორც ფეხბურთში, ასევე ბიზნესში. კალაძემ საქართველოში იმდენად მასშტაბური ბიზნესები წამოიწყო, რომ თავიდანვე ბევრი ალაპარაკდა მის ახლო ურთიერთობებზე იმდროინდელ სახელისუფლებო წრეებთან. ბიზნესის და პოლიტიკის სიახლოვეზე ისიც მიუთითებდა, რომ იმ დროს ბევრი ალაპარაკდა წარმატებული ფეხბურთელის გაპრეზიდენტებაზე. კალაძე ამ შინაარსით დასმულ კითხვებს, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არასწორი ღიმილით პასუხობდა. როგორც ჩანს, მავანმა მისი დუმილი თანხმობად მიიჩნია და მაშინვე მიუჩინეს ადგილი. "პური მეპურემ უნდა გამოაცხოს", – ეს ქართული ანდაზაა, თუ ქართული სიბრძნე იტალიაში ან უკრაინაში აქტუალური არ არის, კალაძეს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ეს საქართველოა, ეს სიბრძნე ქართული საზოგადოების ცნობიერებაშია მოხარშული. არსენალის პროექტში დახარჯულ 19 მილიონი დოლარის დიდ ნაწილს კალაძე დაკარგავს, ისე დაკარგავს, როგორც ბევრმა დაკარგა, ანუ დაკარგავს და ამას ხმამაღლა ვერ იტყვის, დაკარგავს ისე, როგორც ზურაბ ნოღაიდელთან დაახლოებულმა სხვა ბიზნესმენებმა დაკარგეს, ამას ხელისუფლების მოღვაწეობის 6 წლიანი გამოცდილება კარგად გვიჩვენებს.
ლევან მარტაძე
|