ნანახია: 519
ხელისუფლებამ ინვესტორები უნდა დაარწმუნოს, რომ საქართველო პირველ რიგში ხელსაყრელია, როგორც პროდუქციის მწარმოებელი და არა როგორც იმპორტიორი ქვეყანა. ამ რეკომენდაციას საქართველოს მთავრობას მსოფლიო ბანკის ჯგუფის დარგობრივი კონკურენტუნარიანობის ექსპერტი საიმონ ბელი უწევს. ბელის განმარტებით, ქვეყანაში ძირითადი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, მშენებლობასა და საცალო ვაჭრობაში შემოდის. ადგილობრივი მოთხოვნა გაიზარდა, მაგრამ ადგილობრივი წარმოება მზარდი მოთხოვნის შესაბამისად არ განვითარებულა. "მცირე მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა ექსპორტზე ორიენტირებულ აგრობიზნესსა და მრეწველობაში, შედეგად იმპორტი გაიზარდა, ექსპორტში კი უფრო დაბალი ზრდა შეინიშნება", - განმარტავს ბელი და დასძენს, რომ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, სამუშაო ადგილები მცირე რაოდენობით შეიქმნა და ბოლო 5 წლის განმავლობაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, მაშინ როცა უმუშევართა რაოდენობა ოდნავ გაიზარდა. მსოფლიო ბანკის ექსპერტის განმარტებით, იმის გამო, რომ კომერციული ბანკები დამწყები ბიზნესების დაკრედიტებისგან გლობალური ფინანსური კრიზისის გამო თავს იკავებენ, სახელმწიფო პროგრამა"იაფი კრედიტის" მომავალშიც განხორციელებას მიზანშეწონილია. ბელის შეფასებით, მთავრობამ, დონორებთან ერთად მომავალშიც უნდა უზრუნველყონ მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით, აგროგადამამუშავებელ და სხვა სამრეწველო დარგებში. ბელის ეს რეკომენდაცია სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, ეს არის განცხადება, სადაც უარყოფითად არის შეფასებული ხელისუფლების საინვესტიციო პოლიტიკა, რომელიც 2004 წელს კახა ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, უპირობო გაყიდვის ლოზუნგით ხორციელდებოდა. ბოლო 5 წლის განმავლობაში მთავრობა ყოველთვის აცხადებდა, რომ მთავარია იყოს ინვესტიცია, მის შინაარსს, წარმომავლობასა და მიზანს კი მნიშვნელობას არ ანიჭებდა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა მართლაც იზრდებოდა, ამას წარმოების ზრდაზე, ანუ რეალური ეკონომიკის შექმნაზე ელემენტარულადაც კი არ უმოქმედია. ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ნაკლოვანებებზე ადგილობრივი ექსპერტებიც საკმაოდ ხშირად მიუთითებენ, თუმცა ამაზე ხელისუფლების მხრიდან რეალური რეაგირება არ მომხდარა. გავცდეთ საინვესტიციო პოლიტიკას და ელემენტარულად შევხედოთ თავად მთავრობის დამოკიდებულებას ადგილობრივი წარმოების მიმართ. თუნდაც ბოლო პერიოდის რეფორმებისა და ინიციატივების გათვალისწინებით, სახელისუფლებო ძალისხმევა, ქვეყანაში საფინანსო და ინფრასტრუქტურული მიმართულებების სრულყოფისკენ არის მიმართული. ადგილობრივი ექსპორტორიენტირებული წარმოების მხარდაჭერა კი მხოლოდ მაკრატელმომარჯვებული პრეზიდენტის მიერ მორიგი პიარაქციის დროს კარიკატურული წარმოების გახსნაა. როგორც წესი, ამგვარი საწარმოები ერთჯერადი პროექტის სახეს ატარებს და გახსნიდან რამდენიმე კვირაში იხურება. გამონაკლისი არის "პუმას" სამკერვალო საწარმოო ბათუმში, რომელიც უკვე ერთი წელია მუშაობს. ამ თითქოს ჩვეულებრივი საწარმოს ისტორია იმით არის საინტერესო, რომ პრეზიდენტმა ერთი წლის ინტერვალით იგი ორჯერ გახსნა. ასე რომ, მსოფლიო ბანკის ექსპერტს, პირველ რიგში, მეწარმეობისა და წარმოების განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობაში მთავრობის დარწმუნება მართებს.
ლევან მარტაძე
|