ნანახია: 751
2008 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ”სოლიდარობამ” გერმანულ ფონდის ”ფრიდრიხ ებერტის” დახმარებით შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების სახითაა შესული და განხილვას ელოდება. პროექტი მცირე ბიზნესს ეხება. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საქართველოში არ არსებობს რაიმე სახის კანონი, რომელიც ამ სფეროს არეგულირებს."ბ&ფ" არასამთავრობო ორგანიზაცია "სოლიდარობას" მენეჯერს კახა კოხრეიძეს ესაუბრა: - ბატონო კახა, გვიამბეთ კანონპროექტის შესახებ, გაგვაცანით მისი ძირითადი ასპექტები. - კანონპროექტი მცირე ბიზნესს ეხება. როგორც იცით, საქართველოში არ არსებობს არავითარი ნორმატიული აქტი მცირე ბიზნესის შესახებ, რომელიც დაარეგულირებდა ამ სფეროს. თუ სახელმწიფოში არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკა მცირე ბიზნესთან დაკავშირებით, მას ძალიან უჭირს განვითარება, მითუმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც საკრედიტო რესურსები არ არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ახლანდელი ბანკების პირობებში. თუმცა, არც მანამდე იყო ხელსაყრელი გარემო. ბიზნესის დაწყება კი ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს კვალიფიკაციის პრობლემა ბიზნესის სფეროში მოღვაწე ადამიანების მხრივ. ასე რომ, ძალიან ბევრი ასპექტი და საკითხია, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებას და მის განხორციელებას საჭიროებენ. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმაში არის საუბარი იმის შესახებ, რომ უნდა განხორციელდეს მცირე ბიზნესის მხარდაჭერა. ასევე არის პარტნიორობის და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ევროპასთან, ხოლო სულ ახლახან ჩვენ შევუერთდით ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივას, სადაც ასევე არის საუბარი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე. გვინდა დავუახლოვდეთ ევროპის ეკონომიკურ სივრცეს და მივიღოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპასთან. რამდენიმე ქართული ბიზნესკომპანიისთვის არავინ გახსნის ევროპის ბაზარს. თუU მთლიანად ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში, ბიზნესის შექმნაში არ ჩაერთო თითოეული მოქალაქე, ბუნებრივია, ძალიან გაგვიჭირდება ხარისხიანი პროდუქციისა და მომსახურეობის წარმოებაც და ასევე უმუშევრობის პრობლემის დაძლევა, ადამიანების დასაქმება და ეკონომიკის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენი კანონპროექტის მიხედვით, იქმნება შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, რომელიც დაკავებული იქნება ყოველწლიური სამუშაო გეგმების შემუშავებითა და განხორციელებით, მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. ეს არის ამერიკული მოდელი. შეერთებულ შტატებში ასეთი სახის პოლიტიკა და საქმიანობა გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ხორციელდება, რა დროსაც მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია გარდაიქმნა და ჩამოყალიბდა ყველაზე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტად. მასზე მასშტაბური ფინანსური ინსტიტუტი არ არსებობს არა თუU შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში. ბარაკ ობამამ ოფიციალურად შეერთებული შტატების პრეზიდენტად გახდომის თანავე, 15 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა მიიღო, რომელიც გამოყოფილი იყო მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა ამ ძალიან მძიმე პერიოდში, ძალიან მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში მცირე მეწარმეებს გაუჩნდეთ მეტი შესაძლებლობები, რომ თავიანთი საქმიანობა შეინარჩუნონ და გააფართოვონ. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ლიბერალური ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც კი), ყოველწლიურად ახლადშექმნილი სამუშაო ადგილების დაახლოებით 70-80% სწორედ მცირე ბიზნესზე მოდის. ასე რომ, ამ სფეროს მხარდაჭერა, გარკვეული თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი დანიშნულების საკითხია. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტს, იგი არ არის მხოლოდ ჩვენს მიერ შექმნილი. ამაში მხარს გვიჭრეს საქართველოში არსებული გერმანული ფონდის `ფრიდრიხ ებერტის~ წარმომადგენლობა, რაზეც, ბუნებრივია, მადლიერები ვართ. მათ აქვთ ძალიან დიდი და კარგი გამოცდილება იმისა, თუU როგორ უნდა განვითარდეს ეკონომიკა. მასში ის თემებია ასახული, რომლებიც მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერაზე. ესაა თუნდაც რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება, კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და მსჯელობა იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს საგადასახადო, ფისკალური პოლიტიკის კუთხით, რომ მცირე ბიზნესი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მომგებიანი გახდეს. ამ კანონპროექტში ძალიან ბევრი სქემატური საკითხია, ძალიან ბევრი ასპექტია და ჩვენ უკვე აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ მთავრობის წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრებთან, თუ,U რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი იქნება მშვიდობიანად დაძლეული და მოგვეცემა საშუალება ვისაუბროთ ისეთ მტკივნეული თემებზე, რომლებიც ეხება ეკონომიკას, რომლებიც მართლა აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. - ანუ, კანონპროექტი განსახილველად უკვე შესულია პარლამენტში? - პარლამენტში კანონპროექტი შესულია საკანონმდებლო წინადადების სახით. ჩვენ პროექტი პარლამენტის თავმჯდომარეს იანვარში წარვუდგინეთ და უნდა დაწყებულიყო განხილვები, საკომიტეტო მოსმენები. შემდეგ, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი თუU ჩათვლიდა მიზანშეწონილად ამ კანონპროექტის განხილვას შესაძლებელი იყო, რომ პარლამენტსაც განეხილა. იქნებ პარლამენტი შემობრუნდეს ამ საკითხისკენ და აღარ იყოს ცალმხრივი დამოკიდებულება მათი მხრიდან, როგორც აქამდე ხდებოდა, როცა ისინი აცხადებდნენ, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ მცირე ბიზნესი და უგულვებელყოფდნენ ამ საკითხს. მაგრამ დღეს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა უნდა იყოს და პარლამენტში განხილვა აუცილებლად შედგება. თუმცა, იმ დაგეგმილ ნაბიჯებს, როლებიც გვქონდა პარლამენტთან ურთიერთობაში განსაზღვრული, ბუნებრივია, ვეღარ გავყევით, რადგან პარლამენტის მუშაობა შეჩერებულია. აქედან გამომდინარე, განხილვა გადაიდო და ჩვენც ველოდებით იმ დროს, როდესაც პარლამენტი დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. ეს არჩევნებამდე იქნება თუU არჩევნების მერე, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ კრიზისი განიმუხტოს. მოქალაქეებს აღარ უნდა ჰქონდეთ იმხელა პროტესტი, რომ მათ უწევდეთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ორგანოების პიკეტირება. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ისინი არ უნდა გამოხატავდნენ პროტესტს, რა თქმა უნდა, უნდა გამოხატონ და მინდა მოვუწოდო სახელისუფლებო ძალების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ ხალხის განწყობა და მოთხოვნები და გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც განმუხტავს სიტუაციას. - რის საფუძველზე დაიწერა კანონპროექტი, თუU ჩატარდა რაიმე სახის კვლევა? - ჩვენ ამ კანონპროექტზე მუშაობა 2008 წლის დასაწყისში დავიწყეთ და დაახლოებით 8 თვე მოვანდომეთ მასზე სკურპულოზურ, აქტიურ მუშაობას. გაიმართა უამრავი შეხვედრა, დისკუსია ექსპერტების, ბიზნესსფეროში დასაქმებული ადამიანების, მცირე მეწარმეების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. შემდგომ უკვე მათი აზრის და კვლევების გათვალისწინებით, ბოლო რამდენიმე თვე, ფაქტიურად, 2008 წლის შემოდგომა დავუთმეთ ამ კანონის დაწერას. პროექტის პირველადი, ნედლი სახე კვლავ ხელახლა გავაცანით საკმაოდ ფართო საზოგადოებას, გავუგზავნეთ ყველა იმ ინსტიტუტს, ვისაც შეიძლება პროექტზე თავისი დამოკიდებულება გააჩნდეს. მათგან მივიღეთ საკმაოდ ღირებული რეკომენდაციები და მოსაზრებები, რაც აისახა პროექტის დასრულებულ სახეში. ამ ყველაფრის შემდეგ ანუ დაახლოებით ერთწლიანი მუშაობის შემდეგ იგი განსახილველად წარვადგინეთ საქართველოს პარლამენტში. აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი შეხედულებით ეს არის პროექტი, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება. თუმცა ვაღიარებთ იმასაც, რომ მასში შეიძლება იყოს რამდენიმე საკითხი, რომლებიც დისკუსიასა და მსჯელობას საჭიროებს. შეიძლება მთავრობამ არ ჩათვალოს მიზანშეწონილად ამ ეტაპზე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის. თუმცა მზაობა, რა თქმა უნდა, მათი მხრიდანაც უნდა იყოს. ჩვენი მიზანია მოხდეს შეთანხმება მთავრობასა და ბიზნესს შორის და 2010 წლიდან ეს კანონი ამოქმედდეს. - რამდენად წაადგება კანონი თავად მცირე მეწარმეებს, თუ გააცანით იგი მათ და მოისმინეთ მათი აზრი? - მცირე მეწარმეებს, რა თქმა უნდა, წაადგება ეს კანონი, ის ხომ მათი საქმიანობის განვითარებაზეა ორიენტირებული. ეს ქვეყანაში შექმნის მცირე ბიზნესის ძალიან ძლიერ ლობისტურ ორგანოს. იგი ყველა მიმართულებით იმუშავებს. მცირე მეწარმეებს პროექტი გავაცანით, მათთან ძალიან ბევრი შეხვედრა გავმართეთ. ასეც ვაპირებთ გაგრძელებას. მაგალითად, ივლისში გვექნება ფართო შეხვედრა მცირე მეწარმეებთან, სადაც დეტალურად განვიხილავთ კანონპროექტს, ვისაუბრებთ მის როგორც დადებით, ისე უარყოფით მხარეებზე. რა თქმა უნდა, არ არსებობს კანონი, რომელსაც არ აქვს რაიმე სახის ნეგატიური ასპექტი, მაგრამ სახელმწიფომ უნდა განსაზღვროს, მოცემულ მომენტში, არსებული რეალობისთვის, არსებული ფინანსური თუUეკონომიკური კრიზისის ფონზე, რა ნაბიჯები გადადგას, რომ ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. ყველას გვესმის, რომ სიღარიბის დაძლევა შეუძლებელია ერთჯერადი კონპენსაციებითა და დახმარებებით, თუმცა ის შეიძლება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის გარკვეული შვება იყოს იმ ეტაპზე, მაგრამ ზოგადად კეთილდღეობა ძირითადად უნდა შეიქმნას ბიზნესის ხარჯზე. სახელმწიფოს მთავარი საქმიანობა უნდა იყოს ბიზნესის ხელშეწყობა, ხალხის მთავარი საქმიანობაც უნდა გახდეს ბიზნესი და აქედან გამომდინარე, უნდა გაგვიჩნდეს ევროპის და მსოფლიო ბაზარზე გასვლის ამბიცია. ნუ გვგონია, რომ მცირე ბიზნესი ერთ წერტილში ჩაკეტილი საქმიანობაა, რომელიც სხვა, უფრო ფართო არეალებს ვერ წვდება. საქართველოში მცირე ბიზნესს გააჩნია ძალიან დიდი საექსპორტო პოტენციალი. ამავე დროს, მცირე მეწარმეებს აქვთ ძალიან დიდი კონკურენტუნარიანობის საფუძველი, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვასა და პროტექციაზე, საუბარი ზედმეტია. ჩვენ ვგულისხმობთ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის, თავისუფალი კონკურენციის პირობებში კონკურენტუნარიანი ბიზნესების შექმნას. დიდ ბრიტანეთში, დასაქმებული ადამიანების 47% მცირე ბიზნესზე და 48% მსხვილ ბიზნესზე მოდის. მოგებაც დაახლოებით თანაბარია. ძალიან მცირე წილი აქვს საშუალო ბიზნესს. აქედან ჩანს, თუ რამხელა პოტენციალი არის მცირე ბიზნესში. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ამ პროექტს ვლობირებთ, არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ იმას, რომ რაიმე სახით ხელი შევუშალოთ მსხვილ ბიზნესს. პირიქით, მე, როგორც ეკონომისტი, ვაცხადებ, რომ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოში რამდენიმე გიგანტი, ტრანსნაციონალური კომპანიის შექმნას, რომლებიც მადე ინ გეგორგია-ს სიტყვებით გავლენ მსოფლიო ბაზარზე. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ შეუძლებელია ეკონომიკური თვალსაზრისით მდგრად განვითარებას მივაღწიოთ და ავიცილოთ პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმები, თუ ადამიანები სამუშაოს გარეშე იქნებიან, მოსახლეობა კი მშიერი და გაღატაკებული, არ ექნებათ შემოსავალი, რაც გონებრივთან ერთად, ფიზიკურ დეგრადაციას იწვევს. ეს კომპლექსური თემაა და არ უკავშირდება მხოლოდ მცირე ვაჭრობის განვითარებას, მაგრამ ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი გაგვიჭირდება.
საქართველოში მცირე ბიზნესს გააჩნია ძალიან დიდი საექსპორტო პოტენციალი ჩვენი მიზანია მოხდეს შეთანხმება მთავრობასა და ბიზნესს შორის და 2010 წლიდან ეს კანონი ამოქმედდეს იქნებ პარლამენტი შემობრუნდეს ამ საკითხისკენ და აღარ იყოს ცალმხრივი დამოკიდებულება მათი მხრიდან, როგორც აქამდე ხდებოდა, როცა ისინი აცხადებდნენ, რომ საერთოდ არ აინტერესებდათ მცირე ბიზნესი
ესაუბრა თაკო მათეშვილი[b]
|