ლიბანური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, ქართველების სიძე, ია ფარულავას მეუღლე, რომელიც მრავალი წელია საქართველოში ქათმის ბარკლების და ბანანების იმპორტით და სხვა ბიზნესებითაა დაკავებული, თავის უკმაყოფილებას მსოფლიო საფინანსო კრიზისისა და აგვისტოს ომის წინააღმდეგ კი არ მიმართავს, არამედ საპროტესტო მშვიდობიანი აქციებისაკენ. ასეთ ბიზნესმენებს, როგორც ჩანს, დიქტატურა უფრო აძლევთ ხელს, ვიდრე ხალხის ნების თავისუფალი გამოხატვა, მით უფრო, გაუგებარია მათთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასეთი რამ, მათი აზრით, არც უნდა ჰქონდეს საქართველოს.
გთავაზობთ მის პასუხებს "ბ&ფ"-ს კითხვებზე.
- რა კონკრეტული ზეგავლენა მოახდინა საპროტესტო აქციებმა საქართველოს ეკონომიკაზე?- თავისთავად ეს საპროტესტო აქციები საქართველოს ეკონომიკაზე ძალიან მოქმედებს. მათ შორის, განსაკუთრებით რამდენიმე ასპექტია. აქედან პირველი არის ეკონომიკა. აქციების გამო ეკონომიკაში, დაახლოებით, ყოველდღიურად 10 მილიონი დოლარი იკარგება. აქციები თუ ასე გაგრძელდა, 2010 წელს ძალიან ცუდი შედეგები გვექნება. რადგან ინვესტორები საქართველოში ინვესტირებაზე უკვე უარს ამბობენ. მათ საქართველო არასტაბილურ ქვეყნად წარმოუდგენიათ. რაც ეს აქციები დაიწყო, კონკრეტულად ჩვენი ბიზნესის მოგება 30%-ით ნაკლებია. ეს ნეგატიური ეფექტები ყველასთვის ცხადია და მე არ მგონია, ამ ქუჩის აქციებიდან, დიალოგისგან განსხვავებით, რამე უკეთესი გამოვიდეს.
- ხომ ვერ გაიხსენებდით, ან ხომ არ იცით მსოფლიო საფინანსო კრიზისის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანში, სომხეთში, პოლონეთში, ხორვატიაში, სერბიაში, სლოვაკეთში, ავსტრიაში და სხვა მრავალ ქვეყანაში, სადაც 30%-ით კი არა 60%-ით შემცირდა მოხმარების მაჩვენებელი, ასეთი მასშტაბური აქციები გაიმართა. იყო ერთი-ორ დღიანი გამოსვლები. ეკონომიკა კი უკან-უკან მაინც წავიდა. უამრავ ქვეყანაში, სადაც აქციები საერთოდ არ გამართულა, ეკონომიკამ უფრო იზარალა, ვიდრე საქართველოში. ამაზე რა კომენტარს გააკეთებდით? ჩვენ გთხოვთ კონკრეტიკას და არა პოლიტიკურ განცხადებას.- ამჯერად ასეთი დასკვნის გამოტანა ნაადრევია, რადგან თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებში საპროტესტო აქციები გარკვეული პერიოდის წინ მოხდა (?! ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ მომხდარა - "ბ&ფ") დღეისათვის კი უკვე დასრულებულია. საქართველოში ეს ჯერ არ დასრულებულა და შუა პერიოდშია. შესაძლებელია ერთი ან ორი წლის შემდეგ ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი უფრო დაზუსტებით გავიგოთ. საერთაშორისო კრიზისმა, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა იქონია, მაგრამ არა ისე, როგორც ეს სხვა ქვეყნებში მოხდა. ვინაიდან ჩვენმა ეკონომიკურმა მაჩვენებელმა უფრო დიდი გამძლეობა გამოავლინა, ვიდრე სხვა ქვეყნებმა. ჩვენ ეს სიტუაცია უნდა გამოგვეყენებინა, ამ დროს ოპოზიციამ ეკონომიკას სხვა მხრიდან დაარტყა. ჩვენ შეგვეძლო გამძლე ეკონომიკის მქონე ვყოფილიყავით ამ საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისის ფონზე სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჯერად უკვე ქვეყნის შიგნით ნეგატიური მოვლენების განვითარება მოხდა. ვინც თვლის, რომ ქუჩის აქციებმა ბიზნესზე სერიოზულად არ იმოქმედა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნორმალურად არ აზროვნებს ან მატყუარაა.
ბატონი ასლის პასუხებმა უფრო მეტი კითხვები გააჩინა. ჩვენ მოკრძალებით ვთხოვეთ მას დაეზუსტებინა თავისი პოზიცია და დამატებით სამ კითხვაზე გაეცა პასუხი.
ბ-ნმა ასლიმ უარი გვითხრა.
მას, ჩანს, ამ კითხვებზე პასუხი არ აქვს.
ან პასუხები მისი პოზიციის უნიადაგობაზე ცხადყოფდა.
გთავაზობთ ამ კითხვებს და ველით მისგან პასუხებს. თუ იგი არ გასცემს პასუხს ჩვენს შეკითხვებზე, ცხადი გახდება, რატომ არის მისი პოზიცია უარგუმენტო და რატომ არის მისი სიტყვები მთავრობის პოზიციის გადამღერება. 1. ბ-ნი ასლი ბრძანებს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახა საპროტესტო აქციები.
მშპ-ს, საგარეო ვაჭრობის მოცულობა, ექსპორტ-იმპორტის სტრუქტურა, უმუშევრობის ზრდა სომხეთში, თურქეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, უკრაინასა და ესტონეთში უფრო მეტია (ანუ გაუარესებულია ეს მაჩვენებლები), ვიდრე საქართველოში. რით ახსნის ბ-ნი ასლი ამას?
2. რომელი ორგანიზაციები და ბიზნესმენები, ან ფირმების ხელმძღვანელები შედიან საერთაშორისო სავაჭრო პალატაში და რა საქმიანობას ეწევიან ისინი და ეს ბიზნეს-ასოციაცია?
3. რამდენად ხელსაყრელად მიაჩნია ბ-ნ ასლის ბიზნეს-გარემო საქართველოში და რას იტყოდა იგი იმის თაობაზე ავტორიტეტული Pricewaterhouse Coopers-ისა და მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ანგარიშის "Paying Taxes-2009" მიხედვით მსოფლიოში 180 ქვეყანას შორის 110-ე ადგილზეა. რითაა ეს გამოწვეული?
"ბ&ფ"
ო-ჰო!
"სიღარიბე ქართული მენტალიტეტის შედეგია"
ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარის ვახტანგ რჩეულიშვილის თქმით, იმაში, რომ სიღარიბის დაძლევა ვერ მოხერხდა, უმთავრესად დამნაშავე საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტია. ამის თაობაზე "ცენტრ-პოინტის" დამფუძნებელმა რადიო "კომერსანტს" განუცხადა.
"ჩვენს მოქალაქეებს განსაკუთრებულად მაღალი პოლიტიკურ-რევოლუციური შეგნება აქვს, თუმცა, ამის პარალელურად მოსახლეობის ეკონომიკური აზროვნება ნულის ტოლია".