მცირე ბიზნესის განვითარება ქართული ეკონომიკის ხერხემალია, მაგრამ მის გაძლიერებაზე არავინ ზრუნავს
მცირე ბიზნესის განვითარება სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკის განხორციელების ოპტიმალური და უმოკლესი გზაა. იგი მნიშვნელოვანი ელემენტია ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სოციალური პრობლემების დაძლევაში.
მცირე ბიზნესი ბაზრის განუყოფელი კომპონენტია. ამდენად, მისი არსებობა-არარსებობის საჭიროებაზე საუბარი ზედმეტია. საუბარი მხოლოდ იმაზე შეიძლება იყოს, როგორ უნდა მოხდეს ბაზარზე კანონების შესრულება და როგორ უნდა მოხდეს, რომ ბიზნესი (მათ შორის, მცირე ბიზნესი) ღირსეულად არსებობდეს. ამისთვის კი მისი თავისებურებებისა და პრობლემების უფრო ღრმად დანახვა არის საჭირო.
მცირე საწარმოს განმასხვავებელი თავისებურება არის ის, რომ მისი ქონება და ბრუნვა შედარებით მცირე მოცულობისაა, საინვესტიციო რესურსები კი საკმაოდ შეზღუდული. პროდუქტის ერთეულზე მისი გაწეული ხარჯები უფრო მეტია, ვიდრე ამავე პროდუქტის მწარმოებელი მსხვილი საწარმოსი, რადგან ტექნიკურ-ტექნოლოგიური აღჭურვა რომ არ მივიღოთ მხედველობაში, ნედლეულის მცირე პარტიებით შესყიდვით, უფრო ძვირი ჯდება მარაგის შექმნა. ამას ემატება ტრანსპორტირებისა და სხვა ზედნადები ხარჯები და საბოლოო ჯამში, მცირე საწარმოს რენტაბელურობა მკვეთრად მცირდება. თუმცა მომგებიანობის დაბალი დონე მცირე ბიზნესის მაღალი მოქნილობით და ბაზრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირების მეტი უნარით კომპენსირდება. ბაზრის კონიუნქტურის მიხედვით გადაიარაღება და სხვა სახის პროდუქციის გამოშვება პატარა საამქროსთვის ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მსხვილი საწარმოსთვის. აქედან გამომდინარე, მცირე საწარმოს ნაკლებად მოეთხოვება ბიზნესის ხანგრძლივი პერიოდისთვის დაგეგმვა, სერიოზული მარკეტინგული გამოკვლევები, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მსხვილი ბიზნესისითვის.
მცირე ბიზნესი დიდ როლს ასრულებს დასაქმების კუთხით _ უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების შექმნას, არბილებს სოციალურ უთანაბრობას. სწორედ ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ქმნიან ქვეყანაში საშუალო ფენას. მცირე ბიზნესს, მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური როლის გამო, მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში ხელს უწყობს სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც სპეციალურად მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არიან დაფუძნებულნი. მცირე ბიზნესის სახელმწიფო ხელშეწყობა არ ნიშნავს ცუდად მომუშავე საწარმოს დახმარებას. სახელმწიფო მიმართულია იმ პრობლემების გადაჭრისკენ, რომლებიც საწარმოს მცირე შესაძლებლობების გამო წარმოიშვა და შეიძლება ითქვას, არათანაბარკონკურენტულ პირობებში აყენებს მსხვილ საწარმოსთან მიმართებაში.
მსოფლიო პრაქტიკაში მცირე ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მწირი ფინანსები და მათი მოპოვების სირთულე წარმოადგენს. საწარმოს ზომისა და მეწარმის გამოუცდელობის გამო, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ მეწარმე შეძლებს კრედიტის დროულ დაფარვას. ამგვარი პრობლემები დიდ ზიანს აყენებს მცირე ბიზნესის განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამ და სხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ მცირე ბიზნესი იდეალურად ლიბერალურ პირობებში ვერ განვითარდებოდა.
სახელმწიფოს ხელში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს გადასახადები წარმოადგენს. რაც უფრო პატარაა საწარმო, ერთეულ პროდუქტზე ხარჯი მით უფრო დიდია და მით უფრო გადახდისუუნარო ხდება მეწარმე. შესაბამისად, რაც უფრო პატარაა საწარმო, მით ნაკლებ გადასახადს უნდა იხდიდეს. ყველა განვითარებულ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიანი საგადასახადო სისტემით არის წახალისებული სახელმწიფოს მხრიდან, რაც მისი პროგრესული განვიათარების მაჩვენებელია.
საქართველოში კი დღეს მოქმედი საგადასახადო სისტემა მცირე მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.
გადასახადები ბიზნესისთვის, მითუმეტეს მცირე ბიზნესისთვის, (დაბალი მომგებიანობის) ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. არავინ აპროტესტებს გადასახადების აუცილებლობას, პროტესტს მხოლოდ ამ გადასახადების ზომა იწვევს. ვერცერთი მეწარმე ვერ გადაიხდის იმდენ გადასახადს, რამდენიც ხელისუფლებას სურს. მას მხოლოდ იმდენის გადახდა შეუძლია, რამდენის საშუალებაც აქვს, ეს საშუალება კი მით უფრო მცირეა, რაც უფრო სუსტია ქვეყნის ეკონომიკა. განცხადება იმისა, რომ ჩვენში მოქმედი საგადასახადო სისტემა მიახლოვებულია განვითარებული ქვეყნების საგადასახადო სისტემებთან, უბრალოდ არაკომპეტენტურობაა.
სახელმწიფო ბიუჯეტის, საგადასახადო შემოსავლების სიმცირის ადმინისტრირების დაბალი დონით ახსნა და იმის თქმა, რომ გადასახადების ადმინისტრირება არ ხდება, შეცდომაა. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ადმინისტრირება არ ხდება ლეგალურად. ხელისუფლების წარმომადგენლები მშვენივრად და პუნქტუალურად ახერხებენ ნებისმიერი ბაზრობის ჩამოვლას და კანონიერი თუ უკანონო გადასახადების აკრეფას. საქმე ის არის, სად მიდის ეს თანხა. მეწარმე იძულებულია, დამალოს გადასახადები. ეს კი განსაკუთრებით მცირე მეწარმისთვის არის რთული, რადგან მსხვილ ბიზნესმენს თავდაცვის მეტი საშუალება აქვს, მას ხელისუფლებისთვის თავისი პრობლემების დასმაც შეუძლია.
დღესდღეობით ქვეყანაში არ არის არც ერთი ნორმატიული აქტი მცირე მეწარმეობის შესახებ. ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არის განსხვავებული მცირე და საშუალო მეწარმეობა, მრავალ სირთულეს იწვევს. დღესდღეობით, საქართველოში მცირე მეწარმეთა რიცხვი დაახლოებით 85 000-ია. თბილისში თითოეული ასეთი ბიზნესმენის დაქვემდებარებაში საშუალოდ 7-მდე, ხოლო რაიონებში 4-მდე თანამშრომელი საქმიანობს. ყურადსაღებია, რომ ზემოთ ნახსენები 85 000 მეწარმიდან 35 000 იხდის გადასახადებს. რიცხვებს შორის ასეთი განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. `ჩრდილოვანი~ და `რუხი~ ეკონომიკის არსებობაა. ექსპერტთა აზრით, ამ პრობლემის მოგვარება გონივრული საგადასახადო პოლიტიკის წარმოებით შეიძლება. გადასახადები, რომლებიც მეწარმის შემოსავლების 40%-ს შეიცავს `გონივრულის~ კატეგორიაში ნამდვილად არ ჯდება. შედეგად კი ვიღებთ გადასახადების სახელმწიფოსგან დამალვის მცდელობას და შეწყვეტილ სამეწარმეო საქმიანობას. აღნიშნული, თავის მხრივ, იწვევს უმუშევრად დარჩენილ პირთა რიცხვის ზრდას, რომელიც ძირითადად საშუალო ფენის მოსახლეობას წარმოადგენს.
ამ ყველაფერს თუ დავამატებთ კომერციული ბანკებიდან მეწარმის მიერ მაღალი საპროცენტო განაკვეთით აღებულ სესხს, ბიზნესმენი იძულებულია თავის გადარჩენის მიზნით, მიმართოს `შავ ბუღალტერიას~, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.
ექსპერტი თამაზ ვაშაკიძის განცხადებით, სხვადასხვა მონაცემებით _ `ლეგალური მცირე ბიზნესის წილი საქართველოს მშპ-ში 8-14 პროცენტია. ევროკავშირის კრიტერიუმებით მუშაობა ამ ციფრებს, მინიმუმ, გააორმაგებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელ მსოფლიოში მცირე მეწარმეობას სოციალურ-ეკონომიკური ფუნქცია ეკისრება და თუ ის ფისკალურ ფუნქციასაც იტვირთებს, ეს ძალზედ დახვეწილ და გონიერ საგადასახადო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული.~
ქართულ მეწარმეობას სჭირდება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მცირე მეწარმეს სახელმწიფომ მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი გადაახდევინოს, რომლის შემთხვევაში მთავრობა ვერ ჩაერევა და ვერც აკონტროლებს საწარმოს საბუღალტრო საქმიანობას. ეს განაპირობებს მის სტაბილურ განვითარებას და ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას.
ნებისმიერი სახის ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური თამაშის წესები. მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სტაბილურობა. ამ კუთხით საქართველოში შეუსაბამო გარემოა. პოლიტიკურ სტაბილურობას რომ თავი დავანებოთ, ჩვენს ქვეყანაში არასტაბილურია ეკონომიკური სიტუაცია. საკუთრების ხელშეუხებლობა და სხვადასხვა სახის კორუფცია, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა. საგადასახადო კუთხით კი უნდა ითქვას, რომ საქართველოში ერთი წლის განმავლობაში საგადასახადო კანონმდებლობაში დაახლოებით ასობით ცვლილება მოხდა. ეს ფაქტი კი სამეწარმეო საქმიანობას ძალიან არაპროგნოზირებადს ხდის და ზრდის რისკებს.
საქართველოში ასევე არ არსებობს მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო ორგანო. თუმცა, ფუნქციონირებს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მცირე მეწარმეობის ხელშეწყობით არიან დაკავებულები -მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი, საქართველოს ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, საქართველოს საწარმოთა ხელშეწყობის პროექტი, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების ფონდი, ღია საზოგადოება-`საქართველოს ფონდი~ და სხვა, მაგრამ მცირე საწარმოები ნაკლებად არიან ამის შესახებ ინფორმირებულნი.
საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია მეწარმეობაში კვალიფიკაციის ნაკლებობა. ამ ყველაფერს კი დღითი-დღე მზარდი ინფლაცია და არაპროგნოზირებადი ლარის კურსი ემატება. უსაფუძვლოდ გამყარებული ეროვნული ვალუტა, ზოგადად, ადგილობრივ წარმოებასა და ექსპორტს მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. ძვირი ეროვნული ვალუტა ნორმალურ პირობებში აუცილებლად აძვირებს ეროვნულ პროდუქციას. გამყარებული ლარის პირობებში ქართველ მეწარმეს ინფლაციის გარეშეც უძვირდება პროდუქცია, ეს ქართულ ნაწარმს არაკონკურენტუნარიანს ხდის როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზარზე.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მცირე მეწარმეობის განვითარების დონე საქართველოში არადამაკმაყოფილებელია. აქედან გამომდინარე, საზოგადოების ინტერესი მცირე ბიზნესისადმი გარკვეულწილად ფერხდება.
ექსპერტთა აზრით, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს და გაიაზროს მცირე და საშუალო მეწარმეების პრობლემები. მის აღორძინება-განვითარებას სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური და კარგად გააზრებული ღონისძიებების გატარება სჭირდება, ეკონომიკის ეს ძალიან მნიშვნელოვანი სფერო ერთჯერადი ღონისძიებებით ვერ განვითარდება. მართალია,
ამ ყველაფრისთვის დროა საჭირო, მაგრამ დაწყება ახლავეა აუცილებელი, რადგან მოგვიანებით ვარდნის პროცესი შეიძლება შეუქცევადი გახდეს.
ნინო თამაზაშვილი