ნანახია: 2892
მობილური ტელეფონების ბაზარი
მობილური ტელეფონის ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადია. მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობისა, მობილური ტელეფონი თითქმის ყველა სქესისა თუ ასაკის ადამიანს გააჩნია. ტექნოლოგიური ცვლილებების ფონზე, მობილურმა ბოლო დროს არა მარტო კომუნიკაციის, არამედ ფოტოაპარატის, ვიდეოს, რადიოსა და სხვა ახალ-ახალი ფუნქციები შეითვისა. ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს მობილური ტელეფონი სულაც არ წარმოადგენს ფუფუნების საგანს და ის ელვისსისწრაფით განვითარებად სამყაროში აუცილებელი კომუნიკაციის საშუალებაა. მობილური ბაზრის განვითარებამ მასზე ფასების დიფერენციაციას შეუწყო ხელი. მაგრამ გამომდინარე ქართული მენტალობიდან, ჩვენი თანამემამულეები უფრო მეტად ძვირადღირებულ ტელეფონებს ეტანებიან. მაშინ, როდესაც მის მფლობელს შეიძლება არც ისე დიდი შემოსავალი ჰქონდეს. საქართველოში ლამის ყოველდღიურად იხსნება მაღაზია, სადაც შესაძლებელია, თითქმის ყველა ფირმისა და მოდელის მობილურის შეძენა. ფასები 100-დან 2500 ლარამდე მერყეობს, თუმცა მომხმარებელი ძირითადად 300-600 ლარიან მობილურს იძენს. ტელეფონის შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ დილერებთანაც. ყველაზე ბევრი მობილური ტელეფონის მაღაზია კი სავაჭრო ცენტრ "კიდობანშია". გამყიდველთა უმეტესი ნაწილი საქონელს ადგილზე ყიდულობს და გადამყიდველს წარმოადგენს. არსებობს გამონაკლისებიც, რომელთაც ტელეფონები ევროპიდან და დუბაიდან ჩამოაქვთ. მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოთხოვნადი მობილური ტელეფონების სამი კატეგორია გამოვლინდა: ფოტოფუნქციებით მდიდარი მობილური, მობილური მელომანებისათვის და უბრალოდ, გამძლე მობილური ტელეფონი. 25 წლამდე ადამიანები პირველ ორ კატეგორიას ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო 25 წლის ზემოთ მომხმარებელი ყველაზე ხშირად გამძლე და ე.წ. მუშა ტელეფონს იძენს და თინეიჯერებთან შედარებით უფრო იშვიათად ცვლიან მათ. ყველაზე დიდი მოთხოვნა ნოკია-ს ფირმის ტელეფონებზეა, მეორე ადგილზე კი Sony Ericsson-ია. განაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ნოკია N73- სა და ნოკია N95-ზე, Sony Ericsson-ის მარკის ტელეფონებში კი ქართულ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი K800-ია. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული სოციალუ-ეკონომიკური ფონის მიუხედავად, მოთხოვნა იზრდება უახლესი მოდელის ძვირადღირებულ ტელეფონებზე. ბოლო წლებში საქართველოში აქტიურად გამოიყენება განვადებით სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, საოჯახო თუ კომუნიკაციისათვის საჭირო ნივთების შეძენა. გამონაკლისი არც მობილურების ბაზარია, ამას ხელს ქართული ბანკებიც უწყობენ. თითქმის ყველა მაღაზიაში შეიძლება მობილურის განვადებით შეძენა. ბანკების პირობები ერთმანეთისგან არც ისე მნიშვნელოვნად განსხვავდება. საჭიროა მინიმალური ხელფასი 200 ლარის ოდენობით. ნივთის ღირებულება უნდა იყოს 200 ლარზე მეტი. განვადების ვადა მერყეობს 3-12 თვემდე. ხოლო რაც შეეხება პროცენტს, იგი დამოკიდებულია ვადასა და ნივთის ღირებულებაზე. საშუალოდ პროცენტი 25-დან 30-მდე მერყეობს, რასაც საკომისიო 2% ემატება. მობილურების ბაზარზე, ისევე როგორც ზოგადად ქართულ ეკონომიკაზე, საომარმა მოქმედებებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა გაყიდვების მოცულობა, თუმცა მობილურების ბიზნესით დაკავებული ადამიანები იმედს გამოთქვამენ, რომ ეს დროებითია და მობილური ტელეფონების ბაზარი ზრდის ჩვეულ ტემპს დაუბრუნდება.
თეონა ფოფხაძე
|