გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2009 წლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი ევროპისა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გასული წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლებთან შედარებით, საერთო ჯამში, 28,31 %-ით შემცირდა. თუ ექსპორტირებული ბოთლის რაოდენობა ადრე 3 მლნ-ს აჭარბებდა, ახლა 2 მლნ. 280 248 ბოთლია. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი პროდუქციის გატანით უკრაინა პირველ ადგილზეა – 41%, თუმცა რაოდენობა აქაც შემცირდა (51, 89 %-ით) და თითქმის განახევრებულია.
უკრაინის შემდეგ ქართული ღვინის მნიშვნელოვანი ბაზარი ბელორუსიაა, სადაც ექსპორტირება გასულ წელთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 261 168 ბოთლი შეადგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საექსპორტო მაჩვენებლების სიის მიხედვით, ქართული ღვინის გატანა გაიზარდა ყაზახეთში (თითქმის 3-ჯერ), პოლონეთში (200 000-მდე ბოთლი) და ლიტვაში, ხოლო შემცირდა – აშშ-ში, ლატვიასა და ესტონეთში. მათივე ინფორმაციით, თუკი შარშან საექსპორტო არეალი 26 ქვეყანას მოიცავდა, წელს მათი რიცხვი 33-მდე გაიზარდა, ესენია, მაგალითად, ჩინეთი, შვედეთი, ყირგიზეთი, სადაც იანვარ-მარტის მონაცემებით, საერთო ჯამში, 129 517 ბოთლი ღვინო გავიდა.
ჩვენ ღვინის მწარმოებელ რამდენიმე კომპანიას დავუკავშირდით და თითოეული მათგანის მონაცემებს გავეცანით:
ღვინის მწარმოებელი კომპანია "ალავერდის" მენეჯერის სოსო გიოშვილის თქმით, მათი პროდუქციის ექსპორტი არ შემცირებულა. ისინი კვლავინდებურად განაგრძობენ 20 დასახელების ღვინის გატანას ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, კორეაში, იაპონიაში, უკრაინაში, ყაზახეთსა და სხვა ქვეყნებში. 1 ბოთლი ღვინის ფასი 5-7 დოლარია, რაოდენობა _ კი ფირმის საიდუმლო.
კომპანია "ბაგრატიონი 1882"-ის PR-მენეჯერის ლიკა კაპანაძის თქმით, ექსპორტი ზოგადად ყველგან შემცირდა, მაგრამ ისინი წელს ახალ ბაზრებზე გასვლას გეგმავენ, რაც რომელიმე ქვეყანაში შემცირებული ექსპორტის წილს დააბალანსებს. ვინაიდან ყველა ქვეყანას ფასწარმოქმნის თავისი სისტემა აქვს, 11 დასახელების ცქრიალა ღვინო ყველგან სხვადასხვა საექსპორტო ფასად იყიდება. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე ჩინეთის, უკრაინის, აშშ-ს, ყაზახეთისა და სხვა ბაზრებს გერმანიის, სომხეთის, აზერბაიჯანის, პოლონეთისა და თურქეთისაც მიემატება. ამ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
"ქინძმარაული" ღვინის ის კომპანიაა, რომლის მრავალრიცხოვანი პროდუქციაც ბევრ სხვა ქართულ კონკურენტზე მეტი რაოდენობით გადის საექსპორტოდ. მისი საბაზრო არეალი აშშ, იაპონია, გერმანია, პოლონეთი, შვედეთი, უკრაინა და სხვა ქვეყნებია. 30-40 დასახელების ღვინის საექსპორტო ფასი 2 ევროდან იწყება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ექსპორტის მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა იმ ქვეყნებში არსებული და არა ქართული კრიზისიდან გამომდინარე.
კომპანია "მანავის ღვინის მარანი" ძირითადად ქართულ ბაზარს ემსახურება და რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების შემდეგ მისი გატანა ახლა მხოლოდ აზერბაიჯანში ხდება. როგორც გენერალური დირექტორის მოადგილემ ინგა გოგიშვილმა გვითხრა, 2-3 წლის წინ მათ უკრაინასთან ჰქონდათ მოლაპარაკება, საქმე უკვე აქციზური მარკების დაკვრამდე იყო მისული და ამ დროს უკრაინულმა მხარემ ამ კონკრეტული ღვინის შეძენა გადაიფიქრა. მისი თქმით, ამ სფეროში მონოპოლიის დამკვიდრებას აქვს ადგილი და მხოლოდ ერთეულ ფირმებს აქვთ ფართო გასაქანი აღნიშნულ ბაზრებზე.
კომპანია "ღვინის სამყაროს" მენეჯერის, ნინო ულარჯიშვილის თქმით, ისინი დაახლოებით 15 წამყვან ქართულ კომპანიასთან თანამშრომლობენ და მათი მომხმარებლები ძირითადად ტურისტები იყვნენ. აგვისტოს მოვლენების შემდგომ კი რეალიზაცია საკმაოდ შემცირდა, დაახლოებით 30%-ით.
შემცირდა კომპანია "ოკამის" 14 დასახელების ღვინის რეალიზაციაც. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ალეკო თავაძის განმარტებით, აზიური ბაზრის დაპყრობის გეგმა თითქმის გაჩერდა. თუკი ადრე დაახლოებით 400 000 ბოთლის ექსპორტს ახდენდნენ საერთო ჯამში, ახლა ეს ციფრი შემცირდა. რაც შეეხება 1 ბოთლი ღვინის ფასს, მის დასახელებაზე ალეკო თავაძემ კატეგორიული უარი განაცხადა.
წარმოებულ პროდუქციას კომპანია "წინანდლის ძველი მარანიც" აშშ-ში, კანადაში, შვეიცარიაში, იაპონიაში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში აგზავნის. როგორც გაყიდვების მენეჯერმა, ანრი სავინოვსკიმ აგვიხსნა, 20-ზე მეტი დასახელების ღვინის რეალიზაცია ჩამოთვლილთაგან ზოგიერთ ბაზარზე შესაძლოა შემცირდა, სამაგიეროდ, სხვაგან გაიზარდა. გარდა ამისა, გაიზარდა ფირმის ცნობადობა და მოთხოვნაც, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ საერთო ჯამში ექსპორტის რაოდენობა იგივეა და კრიზისს დიდი გავლენა არ მოუხდენია.
ღვინო გაედინება, მაგრამ ფული დროულად შემოედინება თუ არა, საკითხავია. გატანილ ღვინოს რეალიზაცია და ისეთი PR სჭირდება, რომლის წყალობითაც ის უმაღლესი ხარისხის ევროპულ ანალოგიებს კონკურენციას გაუწევს და ქართველ მეწარმეებს ექსპორტირებული პროდუქციისთვის გაწეული დანახარჯები უკან მოგებით დაუბრუნდებათ. მსოფლიო კრიზისით შეწუხებულ და მისი დაძლევის გზებზე ფიქრით ტვინგადაღლილ ევროპელებს, აზიელებსა თუ ამერიკელებს, ალბათ, ნაკლებად აღელვებთ განვითარებადი ქვეყნიდან შესული ალკოჰოლური პროდუქტის გემო და ექსპორტის შემცირებაც შესაძლოა გარკვეულწილად ამითაც აიხსნას.
მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ისედაც აუთვისებელ საზღვარგარეთულ ბაზარზე ახალფეხადგმული, ჩვენთვის საამაყო ღვთიური სითხე, გლობალური კრიზისის პირობებში, კიდევ უფრო დაიჩაგრა.
თამთა დადეშელი