სადაზღვევო ბიზნესი საქართველოში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს. ამ სფეროში მოღვაწე კომპანიები მოსახლეობას სხვადასხვა ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს. სადღეისოდ ყველაზე მოთხოვნადი ჯანმრთელობის დაზღვევაა, თუმცა საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა ავტომობილების დაზღვევაზეც, რაც დღითიდღე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
სადაზღვევო კომპანიები ავტომობილების დაზღვევასთან დაკავშირებით პერმანენტულად გვთავაზობენ ახალ პროდუქტებს. ასე მაგალითად: ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტოტრანსპორტის დაკარგვა, ქურდობა, მინებისა და აქსესუარების დაზღვევა. მომსახურების სახეები სადაზღვევო პაკეტზე და შესაბამისად, გადასახდელ თანხაზეა დამოკიდებული. მომსახურება, რომელიც მხოლოდ ავტოსაგზაო შემთხვევებს გულისხმობს და მასში არ შედის ქურდობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, შედარებით იაფია. ხოლო თუკი იგი ისეთ მომსახურებასაც შეიცავს, როგორიც მინების და სარკეების დაზღვევაა, სადაზღვევო თანხა ამ შემთხვევაში იზრდება.
"ალდაგი ბი სი აი" ავტომობილების დაზღვევის განსხვავებულ პაკეტებს გვთავაზობს. მინიმალური დაფარვა ეკონომ-პაკეტის მეშვეობით ხდება. იგი მოიცავს ავტოსაგზაო შემთხვევებს, ხანძარსა და სტიქიურ უბედურებებს მიწისძვრისა და სეტყვის გარდა. აღნიშნულ პაკეტში არ შედის ისეთი მომსახურებები, როგორიცაა ავტომანქანის დაკარგვა ან მოპარვა, რაც, ცხადია, მეტად მნიშვნელოვანია.
მაღალი კლასის სადაზღვევო მომსახურება შედის პაკეტ "ვიპ ავტო"-სა და "ლუქს ავტო"-ში. იგი შედარებით ძვირია და მომსახურების მეტ სახეობას გვთავაზობს. "ლუქს ავტო"-თი ისეთი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, როგორიცაა ლაფეტის უფასო მომსახურება, რაც სადაზღვევო მომსახურებას ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მანქანის ტექნიკური გაუმართავობის შემთხვევაში გულისხმობს. დაზღვევის ეს პროდუქტიAასევე 24 საათიან ავტოასისტანს მოიცავს, რაც ტექნიკური პრობლემის ადგილზე მოგვარებას ითვალისწინებს, მაგალითად, საბურავების გამოცვლას, საწვავის ადგილზე მიტანას და ა.შ. ასეთი მომსახურება, ცხადია, იაფი არ არის. მისი ღირებულება თვეში 70 აშშ დოლარია.
ავტომობილების დაზღვევას გვთავაზობს სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი". სადაზღვევო თანხის რაოდენობას აქ მანქანის მოდელი, ღირებულება და ძრავის სიმძლავრე განსაზღვრავს. დაზღვევა ანაზღაურებს უბედურ შემთხვევებს, ხანძარს, ქურდობას, ძარცვას. "ჯი-პი-აი ჰოლდინგი" შემდეგ სადაზღვევო პაკეტს გვთავაზობს: "პოლისი ავტომექანიკა", "პოლისი ავტომატიკა", "პოლისი ავტოტრონიკი". მაღალი კლასის მომსახურებას მოიცავს "პოლისი ავტოტრონიკი". მასში შედის ქურდობა, სტიქიური მოვლენების შედეგად გამოწვეული დაზიანება, მინების, სარჯეების და აქსესუარების ცალკეული დაზიანება. ეს პაკეტი, უბედური შემთხვევის დროს, მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობის გაუარესებასაც აზღვევს. იგი მოიცავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხარჯებს, ამბულატორიულ და სხვა სახის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას. მომსახურება უზრუნველყოფს დაზიანებული ავტომობილის ავტოსადგომზე გადაყვანის ხარჯებს.
მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ავტოდაზღვევაზეც იქონია გავლენა. ზოგადად ავტობიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ავტოგანვადებები, რომელიც ავტომანქანების რეალიზაციას უწყობდა ხელს და შესაბამისად, ავტოდაზღვევაც მასზე იყო მიბმული, ბანკებმა თითქმის შეაჩერეს. შესაბამისად, ავტომობილთა გაყიდვები შემცირდა. კრიზისში მყოფ საავტომობილო სექტორს შიდა განვადებებმაც ვერ უშველა და შექმნილი პრობლემების შედეგად, ამ ბიზნესში მდგომარეობა დღითიდღე რთულდება. ფინანსურმა კრიზისმა დარტყმა ძირითადად საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტს მიაყენა, ადამიანებს, რომლებიც ამ ბაზრის ძირითად კლიენტებად ითვლებოდნენ. შესაბამისად, ამან საავტომობილო ბაზრის გაჩერება გამოიწვია.
ლამარა გულმაგარაშვილი