6 მაისს ფინანსთა სამინისტროსა და ათამდე ბიზნესასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის ქარტიას მოეწერა ხელი. როგორც ფინანსთა მინისტრმა - კახა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქარტია მოიცავს ყველა იმ პრინციპს, რომლის საფუძველზეც ბიზნეს-ფორუმი იმუშავებს.
ბიზნეს-ფორუმზე განიხილება ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, რაც პრიორიტეტულია ბიზნესისთვის. ფორუმის მონაწილეები მთავრობას, მათთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე, ერთიან, შეჯერებულ პოზიციებს წარუდგენენ, თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრი მათ საკანონმდებლო ინიციატივებს გააცნობს, მოხდება საგადასახადო, საბაჟო კოდექსებთან, სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც გავლენას ახდენს ბიზნეს-გარემოს ფორმირებაზე.
ბიზნეს-ფორუმის შექმნის ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 24 მარტს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. ამ პერიოდში ასოციაციებთან თანამშრომლობის შესახებ ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობდა.
ქარტიას ხელი 10-მდე ბიზნეს-ასოციაციამ მოაწერა, მათ შორის - "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ", "საქართველოს ბანკების ასოციაციამ", არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" და საქართველოში არსებულმა უცხოეთის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებმა და ბიზნეს-ასოციაციებმა.
ქარტიაზე ხელმოწერა განსხვავებულად იქნა აღქმული და შეფასებული ექსპერტებსა და ბიზნესმენებში. როგორც ბიზნესმენთა ნაწილმა განაცხადა, მათ ვერ გაარკვიეს, ქარტია უბრალო პიარ-აქციაა თუ ბიზნესის რეალური მხარდაჭერა.
ბიზნესმენთა უმრავლესობა აცხადებს, რომ უბრალო შეხვედრები შედეგს ვერ მოიტანს და მთავარი კანონმდებლობის შეცვლა და ბიზნესის მხარდასაჭერი რეალური ნაბიჯების გადადგმაა. კახა ბაინდურაშვილი ირწმუნება, რომ შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაში აუცილებელია ხელისუფლებამ და ბიზნესმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ.Fფინანასთა მინისტრი რამდენიმე დღეში ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენასაც აპირებს და აცხადებს, რომ ანტიკრიზისული ღონისძიებები კონკრეტული სფეროების მიმართულებით შემუშავდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე მივიწყებული სექტორი – მცირე და საშუალო ბიზნესი, როგორც იქნა სახელმწიფო ინტერესებში მოხვდა. კახა ბაინდურაშვილი განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას სწორედ ამ სექტორზე გეგმავს.
იდეის პერსპექტიულობისდა მიუხედავად, ქარტიას ეკონომიკის ექსპერტთა სრული უმრავლესობა უნდობლობას უცხადებს. მათ მთავარ არგუმენტს არათავისუფალი ბიზნესი და ხელისუფლების მიმართ უნდობლობა წარმოადგენს.
"თანამშრომლობას შედეგი მაღალი თავისუფლების ხარისხის მქონე და არა დამონებულ ბიზნესმენებთან ექნება. ასეთები კი, დღეს სანთლით საძებარია, ხოლო თავისუფალ ბიზნესთან, არა მგონია, ფინანსთა მინისტრს ურთიერთობის სურვილი ჰქონდეს", - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა.
სამინისტროს წამოწყების ეფექტურობაში ეჭვი ეპარება არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტ პაატა შეშელიძესაც. როგორც შეშელიძე აცხადებს, ბიზნეს-ფორუმების შექმნა გამოსავალი არ არის, ხელისუფლებას თვითონ უნდა ჰქონდეს ინიციატივები შექმნილი ვითარების განსამუხტად და თავად უნდა წარმოადგინოს კრიზისიდან გამოსვლის გზები. "თუ რჩევებს ბიზნესს ეკითხებიან, მაშინ რაღა უნდათ თანამდებობებზე", - აცხადებს შეშელიძე და დასძენს, რომ ზოგადად კომუნიკაცია კარგია, თუმცა რამდენად პროდუქტიული იქნება მუშაობა, ძნელი სათქმელი და საეჭვოა.
ქარტიის გაფორმება სახელმწიფო უწყებასა და ბიზნესასოციაციებს შორის თავისთავად დადებითი ფაქტია. მეორე საკითხია, რამდენად გაამართლებს ფინანსთა მინისტრის ეს ინიციატივა, რომელიც, მართლაც გასარკვევია, ბიზნესის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯია თუ მორიგი პიარ-აქცია. ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ერთი კი აღსანიშნავია, რომ 5 წლის მანძილზე ხელისუფლება არამხოლოდ ბიზნესის, არამედ ყველა სფეროს წარმომადგენლების აზრს არ ითვალისწინებდა და ერთი ადამიანის – კახა ბენდუქიძის "მჭერმეტყველებას" იყო მინდობილი. ბიზნესისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ კი რა შედეგებამდე მიგვიყვანა დღეს, ალბათ, ყველა კარგად ხედავს.
ასე რომ, ბატონი პაატა შეშელიძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ბიზნესს რჩევებს და აზრს არ უნდა ეკითხებოდეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება თავად სცემს პასუხს. აუცილებელია, რომ ბიზნესმა და მთავრობამ თუნდაც მინიმალურ დონეზე მაინც ითანამშრომლონ, ინფორმაცია გაცვალონ და ურთიერთმოსაზრებები მოისმინონ, თორემ მთავრობის მხრიდან ბიზნესის მიმართ არამართებულმა დამოკიდებულებამ და შეშელიძის თანამოაზრის – ბენდუქიძის "ეკონომიკის გურუდ" გამოცხადებამ, საქართველოს ეკონომიკა რომ სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო, ეს უკვე სამწუხარო შედეგია.
ნუკა ჩოხელი