ნანახია: 924
ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნეს-ასოციაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ქარტია გაფორმდა, რომელიც ბიზნეს-ფორუმის შექმნას ითვალისწინებს. შესაბამის დოკუმენტს ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნეს-ასოციაცებს შორის ოფიციალურად სამშაბათს მოეწერა ხელი. როგორც ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქარტიაში ჩამოყალიბებულია ყველა ის პრინციპი, რომლის საფუძველზეც ბიზნეს-ფორუმი იმუშავებს. ბიზნეს-ფორუმზე განიხიელება ყველა ის მნიშვნელოვანი თემა, რაც პრიორიტეტულია ბიზნესისთვის. ფორუმის მონაწილეები ერთიან, შეჯერებულ პოზიციებს წარადგენენ მთავრობაში მათთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხებზე. თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრი მათ გააცნობს საკანონმდებლო ინიციატივებს, მოხდება საგადასახადო, საბაჟო კოდექსებთან, სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც გავლენას ახდენს ბიზნეს-გარემოს ფორმირებაზე. "ფინანსთა სამინისტროსა და ბიზნეს-ასოციაცებს შორის თანამშრომლობა აქამდეც მიმდინარეობდა, თუმცა ქარტიის ფარგლებში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ასოციაციებს მთავრობასთან დიალოგს გაუადვილებს. მხარეები ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ბიზნეს-გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის ზრდის მიზნით ითანამშრომლებენ" - განმარტავს ბაინდურაშვილი. ქარტიას ხელი 10-მდე ბიზნეს-ასოციაციამ, მათ შორის, "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციამ", "საქართველოს ბანკების ასოციაციამ", არასამთავრობო ორგანიაზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ და საქართველოში არსებული უცხოეთის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატების და ბიზნეს-ასოციაციების მოაწერა ხელი. ბიზნეს-ფორუმის შექმნის ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 24 მარტს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. ამ პერიოდში თანამშრომლობის ქარტიაზე ასოციაციებთან ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობდა.
|