საქართველოში კიდევ ერთი თავისუფალი ინდუსტიული ზონა იქმნება
100 მილიონიანი წლიური ბრუნვის მქონე, ეგვიპტური კომპანია "ფრეში" ქუთაისში 2 მლრდ. დოლარის ინვესტირებას აპირებს
თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მინავლებული თემა მიმდინარე კვირას სრულიად მოულოდნელად გამოცოცხლდა. ეკონომიკის მინისტრმა ქვეყანას საზეიმოდ ამცნო, რომ 2009 წელს ეგვიპტური კომპანია "ფრეში" საქართველოში მილიარდ ორასი მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომელიც ქუთაისში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ჩამოყალიბებას მოხმარდება. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე 27 ჰექტარ ფართობზე განთავსდება, სადაც თორმეტი ქარხნის მშენებლობაა დაგეგმილი. ქარხნებში წარმოებული იქნება როგორც საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ავეჯი, ტექსტილი, კერამიკული ნაწარმი და სხვადასხვა პროდუქცია. ჩანაფიქრით ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია, რომელიც პირდაპირ დაახლოებით 2500 ადამიანს დაასაქმებს, ირიბი დასაქმებით კი 15 000 - მდე ადამიანი მიიღებს სამუშაოს.
მილიარდ ორი მილიონის ათვისება წელსვე დაიწყება. ინვესტიციის პირველი ეტაპის განხორციელებას დაახლოებით წელიწადი ან წელიწად ნახევარი დასჭირდება, ხოლო შემდეგ უკვე დაიწყება მეორე ეტაპი, რომელზეც დაგეგმილია გაცილებით მეტის, ორი მილიარდი დოლარის დაბანდება. ექვს აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია "ფრეშს" შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და სწორედ ამავე დღეს ჩაეყრება საფუძველი ქუთაისში ქარხნის მშენებლობას.
ეგვიპტური კომპანია "ფრეში" ეგვიპტეში ცხრა ქარხანას ფლობს და მსოფლიოს 52 ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს. კომპანიის საშუალო სუფთა მოგება ყოველწლიურად მილიარდი დოლარია. ეგვიპტური ინვესტორი საქართველოს მოქალაქემ ბიზნესმენმა მიხეილ თიგიშვილმა ჩამოიყვანა, რომელიც ამავე პროექტის თანამონაწილეა. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ქუთაისში თავისუფალი ზონის ამოქმედება საქართველოს ეკონომიკის შენელებულ ზრდას ახალ იმპულსს მიანიჭებს.
"ფორბსმა" საქართველო ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნების ნუსხაში 64 ადგილზე მოათავსა
სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უკვე გადასინჯა, 2.5%-დან 1%-მდე დაწია და არ გამორიცხავს, რომ ამ პროგნოზს მალე კიდევ ერთხელ გადახედავს.
ჟურნალმა "ფორბსმა" კი საქართველო ბიზნესისთვის ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნების ნუსხაში სამოცდამეოთხე ადგილზე მოათავსა და მიუთითა, რომ 2008 წელს დაწყებული ეკონომიკური ზრდის შეფერხება ქვეყანაში მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რაზეც ხელისუფლებამ რეგულაციების, გადასახადების და კორუფციის შემცირებით უნდა უპასუხოს, რათა არსებული უმძიმესი რისკების პირობებში ინვესტიციების მოზიდვა უზრუნველყოს.
ცალკეული პოზიციების მიხედვით კი "ფორბსმა" საქართველოს რეიტინგი ასე დაანაწევრა: ვაჭრობის თავისუფლების მხრივ ქვეყანა მსოფლიოში 61 პოზიციაზეა, მონეტარული თავისუფლებით 98, ინოვაციურობის მხრივ 101, ტექნოლოგიებით 92, ბიუროკრატიულობით 3, ინვესტორთა დაცვით 15, კორუფციის დონით 54, პერსონალური თავისუფლებით 85, საგადასახადო ბარიერებით კი 73 ადგილზე.
ბოლო პერიოდში პოლიტიკური არასტაბილურობაც ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ მინუსად იქცა. ამ თემის ირგვლივ პოლემიკა გაააქტიურა ავტორიტეტული სააგენტოს "ეკონომიკ ინტელიგენს იუნიტის" მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიხედვით, საქართველოსა და კონგოს არასტაბილურობის თანაბარი ხარისხი აქვთ.
ასე რომ, ეკონომიკური ზრდის შემაფერხებლად ქვეყანაში ჯერ კიდევ უამრავი წინააღმდეგობა არსებობს. გასულ წელს კი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 2.1% შეადგინა, სწორედ ასეთია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ 2008 წლის ეკონომიკური ზრდის საბოლოოდ განსაზღვრული მაჩვენებლი.
ეკონომიკის გამოსაცოცხლებად მთავრობა ხელისუფლებასა და კერძო კომპანიებს შორის ახალი სამართლებრივი ვალდებულებების შექმნაზე ფიქრობს, რაც გულისხმობს კერძო კომპანიებში სახელმწიფოსთვის ე.წ. ოქროს წილის ფლობას. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ამზადებს კანონპროექტს, რომლის თანახმად სახელმწიფოსა და კერძო კომპანიების ურთიერთობას არა ფინანსური, არამედ დამატებითი სამართლებრივი გარანტიები დაარეგულირებს. ამაში იგულისხმება ის, რომ სახელმწიფოს კერძო კომპანიებში ექნება ე.წ. ოქროს წილი, რაც არა წილის ფინანსურ ფლობას გულისხმობს, არამედ იმას, რომ ქვეყანაში ფორსმაჟორული ვითარების შექმნის შემთხვევაში სახელმწიფოს კომპანიების მართვის უფლება ავტომატურად გადაეცემა. როგორც ჟვანია აცხადებს, კანონპროექტი უკვე მუშავდება და პარლამენტში განსახილველად უახლოეს პერიოდში შევა.
"თეთრი ნაკადის" გაზსადენსა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
მიმდინარე კვირას თბილისში მერვე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია "ნავთობი და გაზი, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა" გაიმართა. ფორუმი, რომლის ხილულ თუ კულუალურ ნაწილში უამრავი საინტერესო თემა იხილებოდა. საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების უკანასკნელი სიახლეები, დასავლური ინვესტიციების ხელშეწყობა დამატებითი სატრანსპორტო გზების განვითარებისთვის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის თურქმენეთის და ყაზახეთის გაზთან შეერთების პოტენციალის კვლევა ტრანსკასპიური გაზსადენის განვითარების გზით, დასავლეთ ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდების, თურქეთ-საბერძნეთის და საბერძნეთ-იტალიის მილსადენების მოდიფიკაცია და "თეთრი ნაკადის" გაზსადენის პერსპექტივები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რაც ფორუმის ფარგლებში განიხილებოდა და კონკრეტული შეთანხმებებისას სრულდებოდა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ამ კონფერენციის ფარგლებში მოხდა "თეთრი ნაკადის" გაზსადენსა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება იყო. მემორანდუმისა იმ პროექტზე, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკის შესაბამისად ენერგორესურსების მიწოდების, მარშუტებისა და წყაროების დივერსიფიცირების გზით ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტი ასევე კასპიის რეგიონში არსებული ბუნებრივი გაზის რესურსებით სწრაფად და ეფექტურად ათვისებას გულისხმობს, რაც სხვა ენერგეტიკულ პროექტებთან ერთად ხელს შეუწყობს "ნაბუკოს" პროექტის განხორციელებასაც. ხელმოწერილი მემორანდუმით ორივე მხარე "თეთრი ნაკადის" გაზსადენის პროექტის განხორციელებისთვის თანამშრომლობის ნებას გამოხატავს.
"თეთრი ნაკადის" პროექტი კასპიის რეგიონიდან ბუნებრივი აირის რუმინეთსა და უკრაინაში ტრანსპორტირებას, აგრეთვე სამომავლოდ ცენტრალური ევროპის მომარაგებას ითვალისწინებს. ბუნებრივი აირის სუფსამდე, ანუ შავ ზღვამდე, სამხრეთკავკასიური გაზსადენით, ბაქო-თბილისი-ერზერუმის ხაზით, მივა. საიდანაც მისი რუმინეთში ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით წყალქვეშა მილით განხორციელდება. გაზსადენის გამტარუნარიანობა წელიწადში 8 მლრდ. კუბური მეტრი იქნება და ის აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოზე მოპოვბული გაზით მომარაგდება. მოგვიანებით შესაძლებელია "თეთრი ნაკადის" ტრანსკასპიურ გაზსადენსაც დაუკავშირდეს. ამ შემთხვევაში წყალქვეშ დამატებითი მილი ჩაიდება და გაზსადენის მთლიანი გამტარუნარიანობა წელიწადში ოცდაოთხიდან ოცდათორმეტ მლრდ. კუბურ მეტრამდე გაიზრდება. რაც საქართველოს ევრაზიული ენერგოდერეფნის საკვანძო მოთამაშედ აქცევს, რაც პროექტს კიდევ უფრო მეტ ფასს სძენს.
"ეფლმა" შესაძლოა რამდენიმე ქართულ კომპანიას სასამართლოში უჩივლოს
[b]
მიმდინარე კვირასვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო თავისი სასამართლო პრეტენზიების ფოკუსში მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა მაღალი ტექნოლოგიების კომპანიამ შეიძლება მოაქციოს. კერძოდ, კორპორაცია "ეფლმა" შესაძლოა რამდენიმე ქართულ კომპანიას მისი სავაჭრო ნიშნების უკანონო გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივლოს. "ეფლი", სავარაუდოდ, იმ კომპანიებს უჩივლებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ი პჰონე-ებს ყიდიან. კომპანიის განცხადებით, ყოფილი საბჭოეთის ტერიტორიაზე ი პჰონე-ები ოფიციალურად მხოლოდ რუსეთში იყიდება. საქართველოში კი მათ გაყიდვასთან დაკავშირებით კომპანია მოლაპარაკებებს ერთ-ერთ ქართულ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიასთან სწორედ ახლა აწარმოებს.
მობილურ ოპერატორებამდე, როგორც გაირკვა, კრიზისმა შედარებით გვიან, მაგრამ მაინც მიაღწია და მობილური ტელეფონებით საუბრების ხანგრძლივობამ იკლო. საუბრის ხანგრძლივობის შემცირების ტენდენცია აგვისტოს შემდეგ შეინიშნება, რაც უკვე სერიოზულად აისახა მობილური ოპერატორების შემოსავლებზე.
რევაზ საყევარიშვილი
რადიო "თავისუფლება"