ნანახია: 731
ხელსაყრელი და თავისუფალი ბიზნესგარემო თანამედროვე ხელისუფლების ერთ-ერთი საამაყო თემაა. ბოლო პერიოდში მართლაც გატარდა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლებსაც ბიზნესის თამაშის წესები უნდა გაემარტივებინა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში ოფიციალურად ბევრი რამ შეიცვალა, ექსპერტების მთავარი პრეტენზია ხელისუფლების ბიზნესისადმი დამოკიდებულებას უკავშირდება. ანალიტიკოსები საკმაოდ ხშირად ამახვილებენ ყურადღებას ისეთ ფაქტებზე, როდესაც რომელიმე კანონპროექტი მხოლოდ გარკვეული ძალების ინტერესების გათვალისწინებით შედის ძალაში. ხელისუფლების ფავორიტი ბიზნესების ლობირება, სამწუხაროდ, იმ რეიტინგებში გათვალისწინებული არ არის, სადაც საქართველო მოწინავე პოზიციებზე ხვდება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი, რამაც ჩვენი ყურადღება მიიქცია, არის სარეკლამო კანონმდებლობაში ცვლილებების გატარება. საუბარია, 14 გრადუსზე მაღალი ალკოჰოლის შემცველობის პროდუქტის რეკლამის სატელევიზიო და გარე სარეკლამო სივრცეში დაშვებაზე. ამ პროდუქტის რეკლამა დღეს აკრძალულია, თუმცა ზემოთხსენებული კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ცვლილება, რომელიც ბიზნესის გამარტივებას და აკრძალვის გაუქმებას ეხება, თავისთავად კარგია, თუმცა, როდესაც საქმე ეხება ალკოჰოლის, თამბაქოსა და მსგავსი ტიპის პროდუქტებს, აქ მხოლოდ მარტივი ეკონომიკური გათვლებით გადაწვეტილებების მიღება დაუშვებელია. ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს უამრავი ფაქტორი, რაც ამ კანონის მიღება-არმიღებას შეიძლება მოჰყვეს. ამ თემასთან დაკავშირებით, საინტერესო პოზიცია აქვს კონსალტინგური კონპანია "ჯეპრას" აღმასრულებელ დირექტორს კახა მაღრაძეს. მისი აზრით, ამ ინიციატივას რამდენიმე ძალიან უარყოფითი მხარე აქვს, რასაც სავარაუდო პოზიტიური მოლოდინები ვერ ფარავს. `რეკლამა თავისთავად ზრდის მომხმარებლის რაოდენობას. როდესაც საუბარია ალკოჰოლის მაღალი შემცველობის პროდუქტის მოხმარების ზრდაზე, ეს შეიძლება საზოგადოებრივი პრობლემა გახდეს. არყის მცირე დოზით მიღებაც კი აზიანებს საყლაპავ მილს, იწვევს კუჭ-ნაწლავისა და მომნელებელი სისტემების არარეგულირებას, ყელის სიმშრალეს და სხვა მწვავე დაავადებას, იგი ანგრევს ჯანმრთელობას. ამიტომ არყის მოხმარების გაზრდას სახელმწიფომ ნამდვილად არ უნდა შეუწყოს ხელი. ქართულ ბაზარზე არყის მოხმარების ზრდა, ღვინის მოხმარებას თავისთავად შეამცირებს. როგორც ვიცით, დღემდე არსებული შეზღუდვები მხოლოდ 14 გრადუსზე მაღალი შემცველობის ალკოჰოლს ეხებოდა, ანუ ადგილობრივი წარმოების ღვინის რეკლამა ნებადართულია, თუმცა, ქართველ ღვინის მწარმოებლებს, შეზღუდული შესაძლებლობების გამო, ამ შესაძლებლობის გამოყენების საშუალება არ აქვთ. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, რუსული და უკრაინული, არყის მწარმოებელი გიგანტები, სრულად აითვისებენ სარეკლამო სივრცეს, რაც ქართული ღვინის წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს. "არ მოვკლათ ღვინის კულტურა", - ეს განწყობა ყველა ქართველისთვის მისაღებია. თუ სამშობლოს ერთგულებაზე ვდებთ ქართველი ხალხი თავს, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღვინო ჩვენივე ტრადიციის ნაწილია და მასზე უარის თქმით, ისტორიასაც უარვყოფთ. არაყსა და მსგავს სასმელებზე ინტერსის ამაღლება უკანა პლანზე წევს ღვინოს. ასეთი კანონპროექტის მიღებით, უნდა ითქვას, რომ ჩვენ კიდევ უფრო ვშორდებით ევროპას და ევროპულ ცნობიერებას. არსად, არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარების წახალისება არ ხდება. და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ამ პროექტის ინიციატორებს არ აქვთ წარმოდგენილი, თუ რა ეკონომიკურ ეფექტს მოუტონს ეს ცვლილება ქვეყანას. არც დოკუმენტურად და არც ზეპირად არ არის დაანგარიშებული, რა თანხები შევა ამ კანონპროექტით ბიუჯეტში. ამ ფონზე ჩნდება კითხვა - რატომ უნდა წავიდეს სახელმწიფო ზემოთხსენებულ ნეგატიურ შედეგებზე, როდესაც მისი დადებითი მხარეები კარგად გააზრებული არ არის?~ ამ მნიშვნელოვანი კითხვით დაასრულა კომენტარი კახა მაღრაძემ. სწორედ ეს საკითხია მთელს ამ ისტორიაში ყველაზე საყურადღებო. რატომ ხდება ამ კანონპროექტის ინიცირება, ვის ინტერესებში შედის ასეთი კანონის ძალაში შესვლა. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი არყის დაახლოებით 80% იმპორტირებულია, აქედან გამომდინარე, არყის გასაღების წახალისება ქართულ ეკონომიკას ბევრს არაფერს მოუტონს. ერთადერთი, ვისაც ეს ცვლილება შეიძლება ხელს აძლევდეს, ეს არის ქართული სარეკლამო კომპანიები. ქართულ სატელევიზიო სივრცეში რეკლამის განთავსებაზე ექსკლუზიურ უფლებას `მედიაჰაუსი~ ფლობს, ხოლო გარე რეკლამაზე უფლებები "აუთდორს" ეკუთვნის. თუ გავიხსენებთ ამ ორი კომპანიის საკმაოდ ახლო ურთიერთობებს სახელისუფლებო წრეებთან, მაშინ ძალიან ადვილი მისახვედრი ხდება, რატომ ლობირებენ ამ კანონპროექტის მიღებას საკანონმდებლო ორგანოში. კულუარული ინფორმაციით, "მედიაჰაუსს" ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" მმართველი ჯგუფი ფლობს, ხოლო "აუთდორი" გიგი უგულავას საკუთრებად მოიაზრება.
ანა გუმბერიძე
|