
კომპანია „ყაზბეგი ყავის“ შემდეგ სომხური კომპანიების მონოპოლიაზე ყავის სხვა მწარმოებლებიც ალაპარაკდნენ.როგორც ყავა „რიო გრანდეს“ რეალიზატორი კომპანიის “როზენკრამპსის” წარმომადგენელმა განაცხადა, ყავის სომეხი მწარმოებლები ქართული ბაზრის 80%–ს ფლობენ. ემზარ ბალაძის განცხადებით, სომეხი ბიზნესმენები საქართველოში მინარევებით სავსე ყავას აწარმოებენ და მომხმარებელი ფაქტობრივად შეცდომაში შეყავთ.
“მათი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს, რომ ნატურალურ ყავას არ სვამს. ეტიკეტზე კი მითითებულია, რომ ეს არის უმაღლესი ხარისხის, სუფთა ყავა, როდესაც რეალურად, მისი ხარისხი საშუალოს ვერ ცდება და 50% მასში სოიოა” – ამბობს ბალაძე. მისი განცხადებით, საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მინარევებით სავსე ყავის წარმოებას, თუმცა მწარმოებელი მომხმარებლის წინაშე ვალდებულია პროდუქციაზე შემადგენლობა მიუთითოს.
ბალაძის თქმით, სომხური კომპანიების მონოპოლიების დასრულებამდე მუდმივად იარსებებს იმის საფრთხე, რომ ქართველი მწარმოებლები ბაზარს გამოეთიშებიან, რადგან სომხეთიდან შემოტანილი ყავა, სუფთა ყავასთან შედარებით, ყოველთვის იაფი ეღირება.ბალაძის კომპანიას, როგორც თავად ამბობს, ნედლეული ინდონეზიიდან შემოაქვს და ამ ეტაპზე სამი დასახელების ყავას: “რიო გრანდეს”, “რიო პედროსა” და “რიო ვერეს” აწარმოებს.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ მისი კომპანია ბაზრის 70%–ს ფლობდა და თვეში 70 ტონა ყავას ყიდდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 2–დან 4 ტონამდეა შემცირებული.
ინფორმაციისთვის: ორი წლის წინ “რიო გრანდეს“ ყავის ირგვლის ქართულ მედიაში სკანდალი აგორდა და მწარმოებელი კომპანია უხარისხო პროდუქციის გამოშვებაში დაადანაშაულეს. ბალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ყავის ფასი საქართველოში მინიმუმ 30%–ით მოიმატებს და ეს როგორც სუფთა, ასევე შერეულ ყავაზეც იმოქმედებს.
შეგახსენებთ: „ყაზბეგი ყავამ“ წარმოება პრაქტიკულად შეწყვიტა, რის მიზეზადაც სომხური კომპანიების მონოპოლიური მდგომარეობა დაასახელა.
commersant.ge