
ჰიპირმარკეტ ”გუდვილში” ბათუმში პირველი ობიექტის მუშაობას წარმატებულად აფასებენ.
მეტიც: კომპანიის წარმომადგენლის თეა გოცაძის თქმით, ქსელმა ნავთობკომპანია "სოკართან" თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც „გუდვილი“ სუპერმარკეტით და სწრაფი კვების ობიექტით უზრუნველყოფს გორის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მდებარე "სოკარის" მშენებარე ბენზინგასამართ სადგურს და დასასვენებელ კომპლექსს. გოცაძის ინფორმაციით, ეს შეთანხმება ერთჯერადი არ არის და რეგიონებში, „სოკარის“ სადგურებზე „გუდვილის“ ობიექტები კვლავ გაჩნდება.
„ზაფხულის სეზონზე ბათუმის „გუდვილის“ რეალიზაცია მკვეთრად იზრდება. ამასთან, ბათუმში ტურისტული სეზონი გახანგრძლივდა და ამიტომ ჩვენი ობიექტის აჭარაში გახსნა ნამდვილად მომგებიანია. სხვა პერიოდშიც ვაჭრობა ნორმალური გვაქვს და აჭარაში გაფართოებას წამგებიანად ნამდვილად არ მივიჩნევთ. ასე რომ, რეგიონებში გასვლის სტრატეგიას ვაგრძელებთ,“ - აცხადებს გოცაძე.
commersant.ge-ზე დაყრდნობით