
"საქართველოს ფოსტა" საქართველოს ლატარიის კომპანიის მენეჯმენტში შევიდა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "საქართველოს ფოსტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, "საქართველოს ფოსტას" "ლატარიის კომპანიის" 70-%-იანი წილი მართვაში გადაეცა. კახა ბაინდურაშვილის განცხადებით, ორი კომპანიის გაერთიანება იძლევა იმის საშუალებას, რომ ხარჯები შემცირდეს, ხოლო კომპანიამ დამატებითი მოგება მიიღოს და შემოსავლები გაზარდოს.
მისივე თქმით, "საქართველოს ფოსტა" მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და აქვს ყველა შესაძლებლობა, ეფექტიანი მენეჯმენტი განახორციელოს საქართველოს ლატარიის კომპანიაში და ჩაერთოს ლატარიის ორგანიზებაში.