ნანახია: 1014
"სელფორდი" ბორჯომის საბადოს ათვისებაზე გამოცხადებული ტენდერის თაობაზე კომენტარს არ აკეთებს. "ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერზშიც", რომელიც "სელფორდს" ეკუთვნის, დუმან. დუმს ბერეზოვსკიც, რომელსაც არა მარტო "ბორჯომზე", არამედ ბადრი პატარკაციშვილის მთელი ქონების ნახევარზე აქვს პრეტენზია. არც ჯოზეფ კეი აფიქსირებს თავის პოზიციას, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი პატარკაციშვილის ქონების განკარგვის უფლება მიანიჭა. ამ უკანასკნელმა "იმედი" უკვე გაასხვისა. "რაკიინი" "იმედის" მფლობელი გახდა. ექსპერტები "რაკიინის" ამ და სხვა გარიგებების უკან ქართველებს მოიაზრებენ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრეთვე, სხვა მდიდარ და გავლენიან ქართველებს. ასეა თუ ისე, "რაკიინი" არაბული კომპანიაა. მის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები არსებობს. ტაბახმელაში მიწის უზარმაზარი ფართობი ფაქტობრივად აჩუქა მას საქართველოს მთავრობამ, 5 დოლარად კვადრატული მეტრი, ანუ საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით იაფად. ბოლო ხანებში ცხადი ხდება, რომ არაბებს ფული არც ფოთში, მათ მიერ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესაძენად გამოყოფილი მიწისთვის აქვთ გადახდილი, ისე როგორც "კალა-კაპიტალს" არსენალის მთაზე მდებარე ნაკვეთისთვის. ამ თანხების ამოსაღებად ეკონომიკის სამინისტრომ სპეციალური განყოფილებაც კი შექმნა, მაგრამ საეჭვოა, რომ ლაშა ჟვანიამ პრინციპულობა გამოიჩინოს, როცა საქმე `"არაბებსა" და კახა კალაძეს ეხება, ჩვენი მთავრობის ფავორიტებს. კულუარებში გაჟღერებული ინფორმაცია "რაკიინის" ხელში "ბორჯომის" გადასვლის თაობაზე უფრო სარწმუნო ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ამ ბოლო დროს ყველაფერი "რაკიინის" ხელში გადადის, ხოლო სამიოდე დღის წინ, უცაბედად, საქართველოში რომ არავინ არაფერი იცოდა, ისე, საქართველოს პრეზიდენტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში აღმოჩნდა და მთელი რიგი შეხვედრები გამართა. ეს ყველაფერი ლოგიკურია. რუსებისა და ოფშორული კომპანიების საკუთრებაში ქართული ქონების გადაცემა უკვე მოდაში აღარ არის, აღარც "ენერგოპროს" ტიპის კომპანიები მიესადაგება გამასხვისებელთა მოწილე-თანამონაწილეობის ამპლუას. "რაკიინი" უფრო საიმედოდ გამოიყურება. ოდიოზური ქართველი მაღალჩინოსნების კვალის მოძიება, "რაკიინზე" გადაფორმებულ ქონებაში გაცილებით ძნელია. ამ ეჭვებს აძლიერებს ისიც, რომ "რაკიინი" არ იხდის ფოთში შეძენილი ქონებისთვის ფულს, ხოლო მის მიერ დიღომში მშენებარე ბიზნეს-ცენტრი იმდენად უხარისხოა, რომ "გრუნტის წყლების" გამო (თურმე მშენებლებისთვის გასაოცრად ასეთი რამეც არსებობს დიღომში საძირკვლის ახლოს!) მაგისტრალი ჩამოინგრა. ყოველივე, "რაკიინის" სავარაუდო პრეტენზიებს "ბორჯომზე" რამდენადმე სარწმუნოს ხდის. თუმცა, "რუსებსა" და "არაბებს", ქართველებსა და არაქართველებს შორის დაპირისპირება ამ ეტაპზე გამორიცხული არ არის. "ბორჯომის" ლიცენზიის შესყიდვით მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კომპანია "ვიმ ბილ დანის" მფლობელი დავით იაკობაშვილია დაინტერესებული. ამას საინფორმაციო სააგენტო GBC–ის ერთი ცნობაც ცხადყოფს. რუსული კომპანია "ვიმ-ბილ-დანის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ელლა ჩერნეცკაია მისი კომპანიის მიერ "ბორჯომის" წყლის ჩამოსხმის ლიცენზიის შეძენით დაინტერესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ვერ ადასტურებს. როგორც GBC-ის ჩერნეცკაიამ განუცხადა, "ვიმ-ბილ-დანის" საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. GBC-ის წყარო არ გამორიცხავს, რომ "ბორჯომის" ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობით დაინტერესებული, შესაძლოა, არა კომპანია "ვიმ-ბილ-დან"-ი, არამედ მისი ქართველი დამფუძნებელი დავით იაკობაშვილი იყოს. "ვიმ-ბილ-დანის" "ბორჯომით" დაინტერესების შესახებ გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში კომპანია "ბორჯომის" ერთ-ერთი აქციონერის, "სელფორდ ჯორჯია"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი რუხაძემ განაცხადა. რუხაძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ირაკლი რუხაძეს GG&MW-ში ("ბორჯომი") წილების "ვიმ-ბილ-დანის" სასარგებლოდ დათმობას სთხოვდნენ. "ვიმ-ბილ-დანი" საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია რძის მწარმოებელი ქართული კომპანია "ქართული პროდუქტებით", რომელიც 2007 წლის ოქტომბერში შეიძინა და ბაზარზე "ვიმ-ბილ-დანი – საქართველოს" სახელით ფუნქციონირებს. "ქართული პროდუქტები," რომელიც 2002 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის სიმძლავრით მესამეა, თბილისში კი ერთ-ერთი უმსხვილესი. "ვიმ-ბილ-დან – საქართველოს" პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2009 წლის იანვრიდან უნდა გამოსულიყო, თუმცა მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო საწარმოს გახსნა გადაიდო. "ვიმ-ბილ-დანის" დამფუძნებელი, 49 წლის ქართველი ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი ჟურნალ "ფინანსი"-ს მიერ შედგენილ რუსეთის უმდიდრეს ადამიანთა სიაში 124-ე ადგილზეა. იაკობაშვილის ქონება, 450 მილიონი დოლარია. დავით იაკობაშვილი სააქციო საზოგადოება "ვიმ-ბილ-დან საკვები პროდუქტების" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა 2001 წლიდან. არჩეულია კომპანია "ტრინიტის" მმართველი საბჭოს ხელმძღვანელად. ის, ასევე, "ცენტრალური ევროპის ლუდსახარში კომპანიისა" და "რუსაგროპროექტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. გარდა ამისა, დავით იაკობაშვილი აგრობიზნესის, უძრავი ქონებისა და გასართობი ინდუსტრიის სფეროებში მის მიერვე დაფუძნებული რამდენიმე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია. დავით იაკობაშვილი აქტიურად მონაწილეობს რუსული და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაშიც. მათ შორისაა "რუსბრენდი", რუსულ-ამერიკული საქმიანი საბჭო, რუსულ-ბრიტანული სამრეწველო პალატა, მოსკოვის საერთაშორისო ბიზნესასოციაცია. არის რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა ასოციაციის წევრი. როგორც ცნობილია, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო წყალი "ბორჯომის" მინერალური სარგებლობის 25-წლიან ლიცენზიას 20 მარტს დანიშნულ აუქციონზე გაყიდის. ლიცენზიის საწყისი ღირებულება 8 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისი ეკვივალენტი ლარებში), ხოლო "ბიჯი"- 200 ათასი დოლარი (შესაბამისი ეკვივალენტი ლარებში). "ბორჯომის" წყლის ჩამოსხმის უფლება "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ"ტენდერში გამარჯვების შედეგად 1997 წელს მოიპოვა. ლიცენზიის 10-წლიანი ფლობის ვადა კომპანიას 2007 წელს ამოეწურა. 2007 წლიდან დღემდე სახელმწიფო კომპანიას "ბორჯომის" წყლის მოპოვების უფლებას პერიოდულად უხანგრძლივებდა. "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების" კომპანიამ "ბორჯომის" ბრენდის აღორძინებისა და სადისტრიბუციო ქსელის გამართვისთვის დიდი შრომა გასწია. ყველა შემთხვევაში, ძნელია ყველაფერ ამის თავიდან აწყობა, საამისოდ უამრავი ფული და დროა საჭირო. ამიტომ, საეჭვოა, რომ ვინც არ უნდა გახდეს "ბორჯომის" მესაკუთრე, წყლის ჩამოსხმის ბიზნესის წარმოება უახლოეს მომავალში რომელიმე სხვა კომპანიამ შეძლოს. საერთოდ კი, თუ "სელფორდს" "ბორჯომი" უნდა "აეხიოს", რატომ არ შეიძლება იგი TBC-ჯგუფს გადაეცეს, რომელიც მას ყველაზე უკეთ მოუვლის. ჯგუფს ლიდერიც ღირსეული ჰყავს და მთავრობასთანაც ურთიერთობა მოგვარებული აქვს.
ბექა ციხისელი
|