IDS-ბორჯომში რუსეთელ ბიზნესმენებსაც აქვთ წილი
რუსეთის სანიტარული სამსახური რუსულ ბაზარზე ”ბორჯომის” დაშვების საკითხს უკვე განიხილავს. ექსპერტები ამ პრობლემის გადაწყვეტის საკითხის დასმას რუსეთის WTO-ში გაწევრიანებას უკავშირებს
კომპანიას "ბორჯომი საქართველო" რუსული მხარისთვის რუსულ ბაზარზე მინერალური წყლის "ბორჯომის" დაბრუნების თხოვნით არ მიუმართავს . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანიის პიარმენეჯერმა ნიცა ჩოლოყაშვილმა აცნობა.
"ჩვენს კომპანიას არანაირი გაცხადება არ შეუტანია. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით, არანაირ ინფორმაციას არ ვფლობთ", - განაცხადა ნიცა ჩოლოყაშვილმა.
ჯერჯერობით, უცნობია, შეიტანს თუ არა "ბორჯომი საქართველო" საკუთარ პროდუქციას რუსულ ბაზარზე იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის სანიტარული სამსახური დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
"როსპოტრებნადზორის" ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურ სამსახურში ოფიციალურად შევიდა მიმართვა რუსეთის ფედერაციაში მინერალური წყლის "ბორჯომის" შეტანასთან დაკავშირებით, რომლის შესწავლაც ამჟამად მიმდინარეობს.