
რატომღაც დაწუნებული ნაყინები ძირითადად პატარა საწარმოების პროდუქციაა. მათ ხშირად არ ჰყავთ ხოლმე ე.წ. კრიშა. ეს დამთხვევაა, თუ ამის მიღმა ძლიერების მიერ ბაზრიდან მათი გაყრის ორგანიზაციული კამპანია იმალება, ძნელი სათქმელია.
მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის განცხადებით, 17 დასახელების ნაყინი სპეციალურ ლაბორატორიებში რამდენიმე დღის წინათ შემოწმდა. აღმოჩნდა, რომ სურსათის უვნებლობის შესაბამის სტანდარტებს მხოლოდ 10 ნაყინი აკმაყოფილებს, მათ შორის : გურჯაანის "საამო", სელას "სიახლე", თოლიას "პლომბირი", "პანდა", "ბარამბო", "ლაკომკა" და "აისბერგი".
მომხმარებელთა ფედერაციის ცნობით, კვლევამ გორში წარმოებულ ნაყინში ''ფიფიქია'' ოქროსფერი სტაფილოკოკები და კოლიფორმული ბაქტერიები გამოავლინა, ხოლო კასპის "ბაჩოში", სამტრედიის "მყინვარში", ქუთაისის "ჰოდიდოში" მიკრობიოლოგიური დაბინძურება, ანუ ნაწლავის ჩხირი აღმოჩნდა.
ნაღების კარაქის ნაცვლად, მთლიანად მცენარეული ცხიმებია გამოყენებული აზერბაიჯანიდან შემოტანილ პროდუქტებში. ხოლო ცნობილი უკრაინული ფირმის "ლასკას" მიერ შემოტანილ ნაყინი, ვადაგასული აღმოჩნდა.
ეტიკეტთან ყველაზე მიახლოებული მონაცემები გურჯაანის ნაყინის შემთხვევაში დაფიქსირდა. მეორეზე ადგილზე "სელა", მესამეზე კი, შპს "ლიდერის" მიერ წარმოებული "სიახლე" გავიდა. ეტიკეტთან მიახლოებული მონაცემები აღმოაჩნდა „ბარამბოს" და „თოლიას" ნაყინებსაც.
ნოდარ ხიდურელი