ნანახია: 537
Royal Bank Of Scotland წერს, რომ უახლოეს დღეებში, ან კვირებში, ევროპის ვალის კრიზისი შესაძლოა უფრო გაღრმავდეს და დიდესი სისტემური მნიშვნელობის მქონე ვითარებაში გადაიზარდოს, რაც ევროზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. Bloomberg-ის ანალიტიკოსის, ჰარვინდერ შანას აზრით, შექმნილი მდგომარეობა ევროს კლინიკურ სიკვდილს გამოიწვევს, რამაც მთავრობას უფრო გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ უნდა უბიძგოს. ის აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში, ევროზონის ე.წ. პერიფერიული ქვეყნების ობლიგაციებში ინვესტირების განხორციელებისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს. ხუთშაბათს, ევროკავშირის საგანგებო სამიტი დაინიშნა, რომელზეც სახიფათო კრიზისის ზრდის შეჩერების ღონისძიებათა ახალი პაკეტი უნდა შეიმუშავონ. ბაზრების დასკვნით, არსებული კრიზისის გაღრმავება გამოიწვია იმან, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიმდინარე მოვლენებს ჩამორჩა და მათზე კონტროლი საერთოდ დაკარგა. შედეგად, კვლავ დეფოლტის ზღვარზე მდგარ საბერძნეთში სტაბილიზაციის შესანარჩუნებელი ახალი პროექტის დროულად შექმნის უნარი ევროგაერთიანებას არ აღმოაჩნდა. ინვესტორებმა უკვე ეჭვი შეიტანეს იტალიის ფინანსურ სტაბილურობაშიც, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ყველაზე დიდი დავალიანება აქვს. საბერძნეთის კრიზისიდან გამოყვანისა და ევროპული ვალუტის გადარჩენის პროგრამა ევროპის უმსხვილესმა სადაზღვევო კონცერნმა Allianzზ -მა შეიმუშავა. ის ევროკავშირს ვალების ე.წ. კონტროლირებად პატიებას სთავაზობს. პროგრამის არსი ბერძნული ობლიგაციების ნებაყოფლობით გაცვლაში მდგომარეობს, ანუ, კერძო ინვესტორებმა მათ ხელში არსებული ბონდები ახალ, გრძელვადიან ფასიან ქაღალდებზე უნდა გადაცვალონ, რომელთა ფასი 25%-იანი ნომინალური ღირებულებით უნდა განისაზღვროს. ცხადია, ინვესტორები მილიარდობით დოლარს დაკარგავენ, მაგრამ სამაგიეროდ იმაზე მეტ მოგებას მიიღებენ, ვიდრე ბაზარზე საკუთარი ობლიგაციების გაყიდვიდან დარჩებათ. ევროკომისიის მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში, ევროზონის ქვეყნებში, სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარზე შექმნილი კრიზისის გადასაჭრელად, ევროკავშირის ხელმძღვანელობას სტრატეგიული ამოცანების შემუშავება მოუწევს.
|