ნანახია: 444
ეკონომიკის სამინისტრო სამედიცინო ობიექტების პრივატიზებას აგრძელებს. სააქციო საზოგადოება ,,მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს~ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები საპრივატიზაციოდ გავიდა. იაშვილის საავადმყოფოს მფლობელი კომპანია ,,ჯი ემ სი" გახდა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 868 870 ცალი აქცია, საავადმყოფო და მის დაქვემდებარებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ასევე მათზე წილობრივად მიწაზე დამაგრებული მიწის ფართობების ფასი 6 000 000 ლარი იყო. კომპანია შპს ,,ჯი ემ სი ჯგუფმა" ელექტრონულ აუქციონზე გაიმარჯვა და იაშვილის კლინიკა 10 450 000 ლარად შეიძინა. ,,ჯი ემ სი ჯგუფი" 2003 წელს დაარსდა. ამჟამად ის 7 ობიექტს აერთიანებს. ესენია: ,,ძველი სახლი" , ,,შემოიხედე გენაცვალე" 4 რესტორანი, სლავური რესტორანი ,,მატრიოშკა", და კომპლექსი "ქალაქური", რომელშიც შედის ღამის კლუბი, ქართული რესტორანი და მესამე სართულზე ლაუნჯ ბარი ტერასებით. ეს იმ რესტორნების ჩამონათვალია, რომლებსაც ,,ჯი ემ სი ჯგუფი" წარმატებულად მართავს. ამიერიდან, ამ ჯგუფის ბიზნესინტერესს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოც შეემატება. აუქციონის პირობების მიხედვით იაშვილის სახელობის საავადმყოფოს ახალი მფლობელი ვალდებულია კლინიკას პროფილი 7 წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს. "ბ&ფ" დაუკავშირდა კლინიკის დირექტორს შოთა ჯოგლიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ამ დროისთვის კლინიკის ადმინისტრაცია პრივატიზაციის სხვა დეტალებთან დაკავშირებით ან შემდეგ შესაძლო ცვლილებების შესახებ კომენტარს ვერ გააკეთებს. ძნელი სათქმელია, რა ბედი ეწევა ამ კლინიკას შვიდი წლის შემდეგ. არც იმის გარანტია არსებობს, რომ გაყიდულ კლინიკას თუნდაც ამ შვიდი წლის მანძილზე, სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნდება. ადვილი შესაძლებელია, ხვალ ან ზეგ კლინიკა სასტუმროდ ან სხვადასხავა ბიზნეს ცენტრად გადაკეთდეს. იაშვილის საავადმყოფოს არაოფიციალურ შესაძლო მყიდველად ელგუჯა გოცირიძე სახელდება, რომელიც ჩაჩავას სახელობის პერიტანული მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტის 100% -იანი მფლობელია. არ არის გამორიცხული ამ პიროვნების უკან სხვა მაღალჩინოსანიც იდგეს. თბილისში 54 პოლიკლინიკაა და ეტაპობრივად ყველა მათგანის პრივატიზაცია მოხდება. ამას ადასტურებს თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი, სადაც 16 პოლიკლინიკა გავა: გლდანი-ნაძალადევის რაიონში მდებარე ბავშვთა #22 პოლიკლინიკა, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე #11 ბავშვთა პოლიკლინიკა, ამავე რაიონში მდებარე #24 შერეული პოლიკლინიკა-საოჯახო მედიცინის ცენტრი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის #27 მოზრდილთა პოლიკლინიკა და ა.შ აუქციონი ქონების მართვის სააგენტოში მიმდინარე წლის 20 ივლისს გაიმართება. ინვესტორმა, პირობების თანახმად, თანხა 31 დეკემბრამდე უნდა გადაიხადოს. გაუგებარია, რა ბედი ეწევა პირველადი ჯანდაცვის ამ სექტორს და იარსებებს თუ არა ბავშვთა და მოზარდთა საქალაქო პოლიკლინიკები. საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ან ორი კლინიკა დარჩება, რაც გამოიწვევს ექიმების სამსახურის გარეშე დარჩენას და პაციენტების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების არარსებობას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლებმა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრისგან კლინიკის გაყიდვისა და მისი საპრივატიზაციო სიიდან ამოღება მოითხოვეს, რაც არ იქნა გათვალისწინებული. ,,ჯანდაცვის მინისტრისაგან მოვითხოვთ, რომ დაისვას საკითხი კლინიკის გაყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის კლინიკა, რომელიც მთელი ქვეყნის ბავშვებს ემსახურება. აქციის გამართვა ექიმებმა გვთხოვეს, მაგრამ, სამწუხაროდ, სამსახურის დაკარგვის შიშით, აქციაზე ვერ გამოცხადდნენ", - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ. მისივე განცხადებით, სააკაშვილი 200 უცხოელი ექიმის შემოყვანას გეგმავს, თითქოსდა, ქართველი ექიმების არაკვალიფიციურობის გამო, რაც ქართველი კვალიფიციური კადრების შემცირებას გამოიწვევს. ხელისუფლება, როგორც წესი, ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს. რა ბედი ეწევა პოლიკლინიკებს, რომლებიც ჯანდაცვის ერთ-ერთი რგოლია, არავინ იცის. კლინიკებისთვის პროფილის 7 წლით შენარჩუნება კი ბევრ ეჭვს იწვევს, მითუმეტეს, რომ მისი ახალი მფლობელი რესტორანებისა და სასტუმროების ქსელის მეპატრონეა. რა მიზნით დასჭირდა "ჯი ემ სი" ჯგუფს კლინიკის შესყიდვა და რა მოგვევლინება იაშვილის კლინიკის ტერიტორიაზე, უცნობია. მთვარისა ჭიღლაძე
|