ოლიგოპოლიურ ბაზარს ახალი მოთამაშე შეემატასაქართველოში საწვავი პერმანენტულად ძვირდება. ზოგჯერ ამას მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის გაძვირებით ხსნიან, ზოგჯერ - ლარის კურსის ვარდნით დოლარის მიმართ, ზოგჯერ კი პოლიტიკური პრობლემებით ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში. ექსპერტები კი აცხადებენ, რომ საქართველოში საწვავზე ფასები საკმაოდ მაღალია და მსოფლიო ფასებთან შესაბამისობაში არ მოდის, რის მიზეზადაც ნავთობიმპორტიორებს შორის კარტერული შეთანხმების არსებობა სახელდება. ფაქტი ერთია - ბოლო ორი წლის განმავლობაში საწვავის ფასი მაღლა იწევს. ბენზინი და დიზელის საწვავი აუცილებელი მოხმარების პროდუქტებია და მათი გაძვირება, პრაქტიკულად ყველა სხვა პროდუქტსა თუ მომსახურებაზე აისახება. საწვავის ფასის ზრდა არა მარტო ავტომობილების მფლობელებს აწუხებთ, არამედ იმ მომხმარებელსაც, ვისაც ამის გამო სურსათი ან მგზავრობა უძვირდება.
საქართველოში ნავთობპროდუქტების ძირითადი მოცულობა შემოაქვთ ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს", ,,ლუკოილს", ,,ვისოლს", ,,რომპეტროლს". თითოეულ მათგანს ბენზინგასამართი სადგურების საკუთარი ქსელი აქვს და საცალო ბაზარზე სწორად ისინი დომინირებენ. საქართველოში იმპორტირებული ბენზინის 45% აზერბაიჯანიდან შემოდის, 55% კი ევროპიდან. ისეთი პროდუქტი, როგორიც არის ,,სუპერი" და ,,პრემიუმი" კლასის საწვავი, 100% ევროპული წარმოებისაა. ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველოში ევროპიდან და აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავი ერთი და იგივე არ უნდა ღირდეს. აქედან გამომდინარე, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი საწვავის ბაზარზე არსებული კარტერული გარიგების შესახებ. ანუ ხდება გარიგება კომპანიებს შორის, მოგების მაქსიმიზების მიზნით.
დაახლოებით ორი თვეა, რაც საქართველოს ბაზარზე ნავთობის ახალი კომპანია ,,გალფი~ შემოვიდა, რომელიც 1901 წლიდან ფუნქციონირებს და მსოფლიოს ერთთ-ერთ უმსხვილეს ნავთობპროდუქტების რეალიზატორ კომპანიად ითვლება. ,,გალფი~ მსოფლიო ნავთობგიგანტის ,,გალფ ოილ ინტერნეშენალის~ ოპიციალური დისტრიბუტორია. კომპანიამ ქართულ ბაზარზე ბენზინგასამართი სადგურების ქსელები ,,სენტა~ და ,,მაგნატი~ შეიძინა და სხვა იმპორტიორებთან შედარებით ფასები ხუთი თეთრით ნაკლები აქვთ. ერთი შეხედვით, ეს შეღავათი არაფერია, მაგრამ როდესაც მომხმარებელი არჩევანს აკეთებს, მისთვის 5 თეთრიც ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა, რის ხარჯზე მოახდინა კომპანიამ ფასის დაწევა.
კომპანიის სტრატეგიასა და გეგმებზე გაზეთი `ბანკები და ფინანსები", ,,გალფის" კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ლევან ახვლედიანს ესაუბრა.
,,ჩვენ ქართულ ბაზარზე შემოვედით 5 თეთრით ნაკლები ფასით, უმაღლესი ხარისხის პროდუქტით და მომსახურებით, შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებლის მხრიდან გაჩნდება უფრო მაღალ ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნა", - განაცხადა ახვლედიანმა.
იქედან გამომდინარე, რომ ,,გალფი" არის საერთაშორისო ბრენდის ,,გალფ ოილ ინტერნეშენალის~ შვილობილი კომპანია, შესაბამისად, საწვავის მოწოდება ხორციელდება კომპანიის საკუთრებაში არსებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან და აქედან გამომდინარე, კომპანიას აქვს საშუალება 5 თეთრით იაფად გაყიდოს ბენზინი სხვა კონკურენტ კომპანიებთან შედარებით. კომპანია თავისი გრძელვადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე, კვლავ გეგმავს გაფართოებას საქართველოს მასშტაბით. არ არის გამორიცხული კომპანია ,,გალფმა" მომავალში სხვა ავტოგასამართი სადგურის ქსელი შეიძინოს. როგორც ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, კომპანიას საკმაოდ მძაფრი კონკურენციის პირობებში უწევს მუშაობა, რადგან საქართველოში ოპერირებენ საკმაოდ ძლიერი და კარგად ცნობილი კომპანიები.
,,ჩვენი კომპანიაც გიგანტია აღნიშნულ სფეროში და საქართველოში შემოგვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოს 75 ქვეყანაშია აპრობირებული და წარმატებულად მუშაობს", - განმარტავს ,,გალფის~ კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
კომპანია ,”გალფი” ამ ეტაპზე ბაზრის 20%-იან წილს ფლობს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ მოკლევადიან პერიოდისთვის კარგი შედეგია. კომპანია უახლოეს პერიოდში საბაზრო წილის მეტად გაზრდას ვარაუდობს.
საქართველოში ნებისმიერ მსხვილ ბიზნესს ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი ჯგუფები აკონტროლებენ. ამ მხრივ არც საწვავის ბაზარია გამონაკლისი. თუმცა, კომპანია ”გალფის” კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული კომპანია ,,გალფ ოილ ინტერნეშენალის~ წევრია. `სასაცილოა კონკრეტული პიროვნების ბიზნესინტერესებზე საუბარი, რადგან ჩვენი კომპანია არ არის ლოკალური და ის საერთაშორისო ნავთობგიგანტის ოფიციალურ წარმომადგენლობაა საქართველოში~.
თუმცა, საეჭვოა საქართველოში, სადაც საწვავის ბაზარი ყველაზე მსხვილი ბიზნესია, ახალმა კომპანიამ რომელიმე გავლენიანი პიროვნების ბიზნესინტერესების გარეშე დაიწყოს მოღვაწეობა. ბუნებრივია, მონოპოლისტურ ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენამ ბევრი კითხვა გააჩინა. კულუარებში სულ უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ `გალფის~ რეალურ მფლობელზე და მას დავით კეზერაშვილის კიდევ ერთ ბიზნესად თვლიან.
მთვარისა ჭიღლაძე