შარანგიების ყოვლისშემძლე კლანიშევარდნაძის ელიტა ახალ ელიტას უნდა ჩაენაცვლებინა. "ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ეს იყო. როცა დემოკრატია 2004-2005 წლებში უკანა პლანზე გადავიდა "რუხი კარდინალების" ეპოქა დადგა. ასე ჩამოყალიბდა საქართველოში მმართველი დაჯგუფება, რომელთა სახელები ხშირად არავინ იცის, ან კიდევ თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორია კაცი და რეალურად ქვეყნის მმართველ პირველ ხუთეულში პირველი თუ არა მესამე ხმა მაინც აქვს. კიდევ კარგი, `იტალიური ოპერას მოყვარულთა საზოგადოების" თავმჯდომარე არ არის, უფრო "უწყინარ", განათლების სფეროში `მოღვაწეობს". TOP-20 კიდევ ბევრ იდუმალ პიროვნებას აერთიანებს. მათ შორისაა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა - რეზო შარანგია.
`საქართველოს რკინიგზა", `ლიბერთიბანკი", `საქართველოს ბანკი", `კავკასუს ონლაინი", `თბილისის წყალი", `დეზერტირების ბაზრის ტერიტორია", `სოკარი", `სახალხო აფთიაქი", `თბილისი-ცენტრალი", რიყის ტერიტორია, `ბილაინი', `საქართველოს ლატარიის კომპანია", `ნუგეში', `ჯი-ემ-სის" რესტორნების ქსელი, რესტორანი `ქალაქური", რესტორანი `მატრიოშკა", რესტორნების ქსელი `შემოიხედე გენაცვალე", იაპონური რესტორანი, რესტორანი `ძველი სახლი", `სითი პარკი", `თბილისის ტაქსი", სამარშრუტო ტაქსები, ბათუმის `ინტურისტი" - რთულია იმის დაჯერება, რომ ყველა ამ ობიექტის არსებობა ერთი გვარის ისტორიას უკავშირდება.
შარანგიები
მედიის ყურადღების ცენტრში ისინი მხოლოდ ახლახანს მოხვდნენ. ესეც ქართული მასმედიის თავისუფლების ხარისხზე და ქართული ავტორიტარიზმის დონეზე მეტყველებს. `მაესტროს" პროგრამა `ანატომიაში" ნათია მიქიაშვილმა თავისი მოკვლევის შედეგები წარმოაჩინა.
მამა – ლორენცო შარანგია, შვილები: მერაბ შარანგია, რეზო შარანგია, ლევან შარანგია, შოთა შარანგია. მიხეილ სააკაშვილის და შარანგიების დაახლოება სააკაშვილის კიევში ცხოვრების დროს დაიწყო. მისი უახლოესი მეგობარი და ჯგუფელი, ვისთანაც ის ცხოვრობდა, გახლდათ ვინმე გია ყარამანაშვილი, რომლის დაც, ნატა ყარამანაშვილი არის რევაზ შარანგიას მეუღლე.
შარანგიები მამის კომუნისტური წარსულის და მოსკოვში ქართული კრიმინალური კლანის წყალობით აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ მალევე დადგნენ ფეხზე. მოსკოვში ლორენცო შარანგიას სახელზე რეგისტრირებული კომპანიის საქმიანობაში მითითებულია: საცალო ვაჭრობა, საშუამავლო მომსახურება, რეკლამა.
ისევ მოსკოვი, ამჯერად სხვა კომპანიის დირექტორად მერაბ ლორენცოს ძე შარანგია სახელდება. რაც შეეხება საქმიანობას, ის საკმაოდ მრავალფეროვანია, სპეციალიზირებული ტექნიკის შეძენა-მონტაჟით დაწყებული სატრანსპორტო გადაზიდვებით დამთავრებული.
მოგვიანებით ისევ მოსკოვში გვხვდება სხვა კომპანია, რომლის აქციონერთა სიაში ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი გვარები გვხვდება. ნავთობკომპანიის აქციონერები არიან: `ბუთა", იგივე რეზო ელიავა, ხვიჩა მაქაცარია, რევაზ შარანგია. მათ მოსკოვში ჰქონდათ სარესტორნო, სათამაშო და სამშენებლო ბიზნესი. მაგრამ ყველასთვის ცნობილია, რომ ახლაც და მაშინაც `კანონიერი ქურდების" ქოლგის გარეშე ბიზნესის კეთება არავის შეეძლო, სწორედ აქ იკვეთება ბიზნესის, კანონიერი ქურდების და ჩვენი ხელისუფლების გზები.
რევაზ შარანგია, საინფორმაციო წყაროებში დასახელებულია კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ბიზნეს-პარტნიორად და მეგობრად. ეს ის ჯანგველაძეა, რომელსაც `იაპონჩიკის" მკვლელობა ედება ბრალად, იგი ტარიელ ონიანის მარჯვენა ხელად სახელდება. ისიცაა ცნობილი, რომ ავტორიტეტები მერაბ და ლევან ჯანგველაძეები შარანგიას ოფიციალური ბიზნეს-პარტნიორის, ხვიჩა მაქაცარიას ცოლის ბიძები არიან.
ტარიელ ონიანის და პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო ურთიერთობებზე პრესაში არაერთხელ გასულა ინფორმაცია. შესაბამისად შარანგიები სააკაშვილის ჯგუფელ ყარამანიშვილის გარდა, საქართველოს პირველ პირთან მეორე და არანაკლებ საიმედო შუამავალს, ტარიელ ონიანს პოულობენ. როგორც `ანატომია" აღნიშნავს, სწორედ ტარიელ ონიანის ხელშეწყობით, ხვიჩა მაქაცარია `ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი დამფინანსებელი ხდება. რაც უკვე მოგვიანებით კრიმინალურ ავტორიტეტ ძმებ ჯანგველაძეებისთვის ხელშეუხებლობის ქართული იმუნიტეტის მიზეზიც ხდება. თავის მხრივ, ჯანგველაძეების და სააკაშვილის ნდობის ხარისხს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ უკრაინაში 2010 წელს გამართულ არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების სიაში დათა ახალაიასთან და გივი თარგამაძესთან ერთად, ლევან ჯანგველაძის გვარიც შეგვხვდა.
მაქაცარიასთან ერთად საინფორმაციო წყაროები ვარდების რევოლუციის დამფინანსებლად და ამ ბიზნეს-ჯგუფის მთავარ საყრდენად სწორედ შარანგიას, იგივე დოდიკას ასახელებენ.
რეზო შარანგიას ხმაურიანი, მაგრამ უცნობი ბიზნეს-ისტორია საქართველოს რკინიგზის გაყიდვის თემით იწყება. მილიარდნახევრიანი კაპიტალის მქონე რკინიგზის სავარაუდო მყიდველად უკვე რამდენიმე წელია რეზო შარანგია სახელდება. თუმცა, როგორც ირკვევა, რკინიგზის გადაზიდვები მას ფაქტობრივ სარგებლობაში უკვე გადაცემული აქვს, რაც, თავის მხრივ, კომპანია `სოკარსაც" უკავშირდება, რომლისთვისაც გადაზიდვებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, აქ მეორე, პოლიტიკური მხარეც არსებობს, აგვისტოს შემდეგ ერთმანეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა. კერძოდ, რუსეთის სააქციო საზოგადოება "Р"-ს მიერ სომხეთის რკინიგზის მართვის უფლებით აღება და იქ სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დაფუძნება. აგრეთვე საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები და ბოლოს აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე რუსეთის განცხადება ვლადიკავკაზსა და ცხინვალს შორის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ. ცხადია ამ უკანასკნელის მშენებლობას არანაირი ეკონომიკური მნიშვნელობა არ ექნება, თუ იგი არ შეუერთდება გორი-ნიქოზის სარკინიგზო მონაკვეთს. იდეაში კი რუსული გეგმა ერთიანი სამხრეთ კავკასიის რკინიგზის შექმნას გულისხმობს. ყოველივე ეს მიუთითებს, რომ რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდება. 2 მილიარდიანი კრედიტის სანაცვლოდ მართვაში აფხაზეთის რკინიგზაც აიღო, რომლის ერთ-ერთი მიზანი რკინიგზის ბათუმის პორტამდე მიყვანაა, რაც ანალიტიკოსების ცნობით ყველაზე მეტად სააკაშვილის თითქმის ბიზნეს-პარტნიორს, რევაზ შარანგიას აწყობს, რომელიც ქართული რკინიგზის ფაქტობრივ მმართველად სახელდება. ბიზნესის გარანტიების დახმარებით შარანგია არ ერიდება ფულის აფხაზეთის საკურორტო ზონაში ჩადებას. აქვე ერთმანეთს უკავშირებენ აფხაზურ მობილურ კომპანია `ამობაილს" და `ბილაინს", რომლის ერთ-ერთი მმართველი და მეწილე ასევე შარანგიაა. აფხაზურმა ფუჭურმა კომპანიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედების თბილისში, მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოიპოვა. `ბილაინთან" დაკავშირებით როგორც ნაციონალური ხელისუფლების ერთ-ერთი ყოფილი წევრი აცხადებს, დაპირისპირება ზედა რგოლშიც კი შეიქმნა. საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს კახა ბენდუქიძესა და დიმიტრი ქიტოშვილს შორის წარმოშობილი ღია უთანხმოება დღევანდელი `ბილაინისთვის~ სიხშირის აღდგენასთან დაკავშირებით. რევაზ შარანგიამ ქიტოშვილისგან აღნიშნული სიხშირე 9 მილიონად მოიპოვა, აფხაზეთში კი `ამობაილის" ზედამხედველად ბაღაფშის შვილი სახელდება. `ბილაინის~ წარმომადგენლობითი კომპანიის `მობიტელის" 51% კი რუსულმა კომპანიამ `ვიმპელკომმა" 12 მილიონ დოლარად შეიძინა. რაც შარანგიას ბიზნესის რუსული ინტერესის კიდევ ერთი შტრიხია. ფაქტია, რომ სააკაშვილი აფხაზებთან, როდესაც საქმე ფულს ეხება საერთო ენას ადვილად პოულობს. შესაძლებელია ამიტომაც, 2008 წელს რუსულ-ქართული ომის დაწყებამდე შარანგიამ დაგეგმილი საბრძოლო ღონისძიებების შესახებ უფრო ადრე იცოდა, ვიდრე საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციაში.
გასულ წელს მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვით თბილისი ხუთ ლოტად დაიყო ყველაზე მსხვილი ლოტების მფლობელი შ.პ.ს. `თბილლაინი" გახდა, რომელმაც ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის სამარშრუტო ხაზების განკარგვის უფლება მიიღო. ძველი თბილისი-დიდგორის რაიონში ტენდერი `კაპიტალ-გრუპმა~ მოიგო, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი შ.პ.ს. `თბილ-ქარმა" მოიგო, ხოლო ისანი-სამგორის რაიონში გამარჯვებულად შ.პ.ს. `ფაბლიქ ქარი" დასახელდა. `კაპიტალ-გრუპის" 100%-იანი წილი სოხუმელ ნოდარ გიგინეიშვილს ეკუთვნის, `ფაბლიქ ქარი" ოჩამჩირელ ხვიჩა სექანიას მფლობელობაშია, `თბილლაინის" 100%-იანი წილი ასევე ოჩამჩირელ გია გაგოშიძეს ეკუთვნის, `თბილ-ქარის" მფლობელიც ოჩამჩირელი თენგიზ ალფენიძეა. საინტერესოა, რომ ყველა ეს კომპანია განთავსებულია ერთიდაიმავე მისამართზე, `GMC"-ის კუთვნილ ფართზე, - ასკვნის ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი.
არჩილ გეგენავა, კახა დამენია, რომან ფიფია, - ანგარიშები კვიპროსზე, ლონდონში, სინგაპურში, შვეიცარიაში. კავშირი ცნობილ საბჭოთა ყაიდის აფხაზ ფეხბურთელთან და ბიზნესმენთან ახრიკ ცვეიბასთან და გაყიდულ საფეხბურთო თამაშებთან. ყველაფერი ეს, ერთ ადამიანამდე მიდის, - რეზო შარანგია, სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, სახელდება ყველა აღნიშნული პოლიტიკური და ბიზნეს-გარიგების იდეის ავტორად.
ის არის არა მარტო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი ამ ქვეყანაში, არამედ `ძლიერთა ამა სოფლისა" პირველი ოცეულის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პერსონა.
მოამზადა სალომე გუჯაბიძემ