
ჰოლანდიური Swedish Automobile, რომელსაც შვედური ავტომწარმოებელი Saab-ი ეკუთვნის, აცხადებს, რომ თანამშრომელთა ხელფასებს ვერ გასცემს, შესაბამისი სახსრების არქონის გამო. კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს მოკლევადიანი კრედიტის მოსაზიდად, რათა დააფინანსოს მიმდინარე საქმიანობა. თანხების მობილიზებას ავტომწარმოებელი ავტომობილების გაყიდვით და Saab-ის კუთვნილებაში არსებული უძრავი ქონების ლიზინგითაც გეგმავს.
Swedish Automobile მოლაპარაკებებს მომწოდებლებთანაც მართავს. გადაუხდელობის გამო მომწოდებლებმა ავტომწარმოებელს მაკომპლექტებელი ნაწილების მოწოდება მიმდინარე წლის მარტიდან შეუწყვიტეს. როგორც შვედური კომპანიის მესვეურები აცხადებენ, ისინი არ არიან დარწმუნებულნი, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და წარმოების პროცესი განახლდება.
მაისის შუა რიცხვებში Swedish Automobile მოლაპარაკებებს აწარმოებდა ჩინურ კომპანიებთან, კერძოდ, Pang Da-თან და Youngman-თან წილის მიყიდვის თაობაზე, რითიც შვედური კონცერნი 245 მილიონი ევროს მოზიდვას გეგმავდა. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობის პროცესშია. ჩინელი პარტნიორები ჩაძირული ბრენდის გადასარჩენად მისი წარმოების ნაწილის ჩინეთში გადატანას მიიჩნევენ მიზანშეწონილად. თუმცა ამ გეგმას, ანალიტიკოსების შეფასებით, ჩინური ხელისუფლების მხრიდან თანხმობის მიღების დაბალი შანსი აქვს. ამ მოსაზრებას ის ფაქტი ამყარებს, რომ მაისის დასაწყისში ჩინურ ავტომწარმოებელს Hawtai Motor-ს არ მიეცა საშუალება Swedish Automobile-ის 29.9%-იანი წილი 120 მილიონ ევროდ შეეძინა.