ნანახია: 1400
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, როგორც კულუარული ინფორმაციებიდან დასტურდება, ცრუმაგიერი პირები და ცრუმაგიერი ფირმები მიიღებენ მონაწილეობას. არ არის გამორიცხული, რომ "ბორჯომის" საბადო ოფშორში დარეგისტრირებულმა რომელიმე ფირმამ ჩაიგდოს ხელში. ასე და ამგვარად განხორციელდება მზაკვრული ჩანაფიქრი, რომლის თანახმადაც "ბორჯომს" რუსები დაეუფლებიან. ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მთავარი სანიტარი ონიშჩენკო ამ დღეებში "ბორჯომის" რუსეთის ბაზაზე დაბრუნებაზე ალაპარაკდა. "კეთილი" რუსები სტრატეგიულ ნედლეულსაც მოიპოვებენ და "კეთილი ნების" ჟესტსაც გააკეთებენ მათ მიერ იავარქმნილი საქართველოს დასახმარებლად. ამ ტენდერით ჩვენი მთავრობის მთავარი კონტროლიორი, ბენდუქიძე, რომლის კადრები _ ვახტანგ ლეჟავა და თამარ კოვზირიძე - დღესაც პრემიერ-მინისტრის მრჩევლები არიან, ორი კურდღლის დაჭერას აპირებს. რუსებს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ობიექტს ჩაუგდებს ხელში, ხოლო, მეორეს მხრივ, იმათ აამებს, ვისაც პატარკაციშვილის ოჯახის ან ბერეზოვსკის ქონების ხელში ჩაგდება და შევიწროვება სურს. როგორც ცნობილია, "Georgian glass and mineral water company'', ანუ "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია" "სელფორდმა" შეიძინა, რომელსაც ზოგი ბადრი პატარკაციშვილს, ზოგი ბორის ბერეზოვსკის, ზოგი კი ორივე მათგანის სახელს უკავშირებს. ახალი ტენდერით "ბორჯომს" ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილს "აახევენ" და "სანდო" რუსულ კომპანიას გადასცემენ. თავის დროზე "თიბისი ჯგუფი" და მამუკა ხაზარაძე იძულებულნი გახდნენ "ბორჯომი" გაეყიდათ . არადა, მანამდე უზარმაზარი სამუშაო გასწიეს ბრენდის ასაღორძინებლად და წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად. მამუკა ხაზარაძე უგანათლებულესი და გონიერი ბიზნესმენია. გამჭრიახმა მეწარმემ იგრძნო, რომ მისი ბიზნესისთვის გაუსაძლისი პერიოდი დადგა და "საქართველოს მინისა მინერალური წყლების კომპანია" "სელფორდზე" გაასხვისა. პატარკაციშვილს იმხანად ხელისუფლებასთან ურთიერთობა მოგვარებული ჰქონდა და "ბორჯომის" ბიზნესიც გადარჩა. კიდევ ერთი უცნაური დეტალი _ როგორც ეკონომიკის სამინისტრო, ისე "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია" და "სელფორდ ჯორჯია" კომენტარებისგან თავს იკავებენ. "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია" კი პრეს-რელიზს ავრცელებს, რომელიც ვითარებას არათუ ცხადყოფს, არამედ კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. მასში ხაზგასმულია, რომ ტენდერი ბუნებრივი რესურსის მოპოვებას ეხება და არა ჩამოსხმას(?!), მაშინ, როცა "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია" რესურსსაც მოიპოვებდა და ჩამოსხმაზეც ექსკლუზივი ჰქონდა. ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და "სელფორდის" დუმილი კიდევ უფრო მეტ ეჭვებს ბადებს. ასეა თუ ისე, "ბორჯომის" წყლით სარგებლობის ლიცენზიისთვის ბრძოლა იწყება. ეკონომიკის სამინისტრომ "ბორჯომის" საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ოცდახუთწლიან ლიცენზიაზე აუქციონი გამოაცხადა, რომელიც 20 მარტს გაიმართება. საწყისი ფასი 8.000.000 დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით განისაზღვრა. "ბორჯომის" მოპოვების ლიცენზია, 1997 წლიდან "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიას" ტენდერის საფუძველზე ჰქონდა მინიჭებული, რომელიც 2007 წელს ამოიწურა. ამის შემდეგ მას ვადა რომდენჯერმე გაუგრძელდა. ამჯერად, ეს კომპანია ლიცენზიის მისაღებად ბრძოლას აღარ აპირებს. "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის" მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია: "აუქციონის ლოგიკისა და სამართლიანობის ირგვლივ არსებული გაურკვევლობისა და კითხვების ფონზე, ჩვენთვის გაუგებარია, როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ პროცესში, რომელიც "ბორჯომის" ინდუსტრიისთვის ამხელა რისკს წარმოადგენს. უკრაინა, ბალტიისპირეთი და სხვა ქვეყნები უაღრესად მტკივნეულ ეკონომიკურ პროცესს გადიან, რაც იწვევს მინერალური წყლის მოხმარების სერიოზულ ვარდნას. აღნიშნული ქვეყნების ვალუტების მძაფრი გაუფასურება "ბორჯომის" ექსპორტის გადარჩენის საკითხს დღის წესრიგში აყენებს." კომპანიის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ისინი, აუქციონის შედეგის მიუხედავად, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებას არ აპირებენ და არც კომპანიის მფლობელები - საკუთარარი წილების გაყიდვას. საგულისხმოა "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის" მიერ განვლილი გზა. ის 1995 წელს TBC Group-მა დააფუძნა. კომპანიამ ბრენდი მმართველობაში აბსოლუტურად დაკარგული იმიჯით ჩაიბარა. იმ პერიოდში "ბორჯომის" წარმოება პრაქტიკულად არ ხორციელდებოდა. ქარხნების დავალიანება კრედიტორებისადმი დაახლოებით 1.5 მლნ დოლარი იყო, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ფალსიფიცირებული "ბორჯომი" იყიდებოდა. 12 წლის მანძილზე "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიამ" "ბორჯომის" ბრენდის, ასევე, ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარებისთვის ათობით მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ინფრასტრუქტურაში მოიაზრება ჩამომსხმელი ქარხნები, ჭაბურღილები, მილსადენები, ბრენდი - სამარკო ნიშანი და სადისტიბუციო ქსელის აწყობა. "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია" "ბორჯომის" წარმოებასთან დაკავშირებულ ყველა უძრავ და მოძრავ ქონებას ფლობს. კომპანიამ რამდენიმე კრიზისულ სიტუაციას დააღწია თავი, რომლის დროსაც ის დახურვის პირას იდგა. პირველი დარტყმა კომპანიამ 1998 წელს, რუსეთის დეფოლტის დროს, განიცადა. "საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია" მეორედ 2006 წელს რუსული ემბარგოს შედეგად დაზარალდა. ამავე წელს მისმა პირდაპირმა ზარალმა 25 მილიონი შეადგინა. დღის წესრიგში კომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტის საკითხი იდგა, თუმცა ამ კრიზისულ სიტუაციას მან თავი დააღწია, არა მარტო დაძლია კრიზისი, არამედ 2008 წლის შემოდგომამდე იმ მაჩვენებელზე გავიდა, რომელიც კომპანიას რუსეთის ბაზარზე ყოფნის დროს ჰქონდა. 2008 წლის ოქტომბრიდან, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყების პერიოდიდან, კომპანიას კვლავ შეექმნა პრობლემები. საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვები 30-40%-ით შემცირდა. ეს კრიზისული სიტუაცია დღემდე გრძელდება, თუმცა, როგორც ამ კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს მოვლენები კომპანიაში მომუშავეთა სოციალურ პირობებზე პრაქტიკულად არ აისახა. ჟურნალისტს არ აქვს უფლება მოვლენათა სასურველ განვითარებაზე წეროს, მაგრამ რადგან საქმე "ბორჯომს"ეხება, ვიტყვი, რომ მე მომხრე ვიქნებოდი, რომ "ბორჯომი" ისევ ქართული კომპანიის გახდეს, "მინისა და მინერალური წყლების კომპანია" ისევ TBC -ჯგუფმა დაიბრუნოს, ტენდერში მონაწილეობა მიიღოს და "ბორჯომს" მიხედოს, თუმცა ეს მხოლოდ სურვილების სფეროა. რეალურად კი დევი-რუსეთი მოდის და მას "ბორჯომი" სწყურია. თუ ელექტროენერგიით მუდმივი უზრუნველყოფის ხათრით,"ინტერ-რაოს", ანუ რუსებს "ენგურჰესზე" არ უთხრეს უარი, მუდმივ, უკიდეგანო რუსულ ბაზარს თუ შეგვპირდებიან, "ბორჯომზე" ეტყვის მას უარს ვინმე? არა მგონია, მით უფრო, როცა პროცესებს ისევ ბენდუქიძე მართავს.
|