დაეზღვიე მაშინ, როცა გჭირდება!კაცობრიობის განვითარებასთან ერთად, ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეინიშნებოდა, რაც თავისთავად იწვევდა სამედიცინო დახმარებაზე მოთხოვნილების ზრდას. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს არ შეეძლოთ მკურნალობისთვის საჭირო თანხების გადახდა და, შესაბამისად, ვერ იღებდნენ სათანადო მკურნალობას. მაშინ წარმოიშვა იდეა საერთო ფონდების შექმნის შესახებ, სადაც ადამიანები ერთიანდებოდნენ ნათესაური, პროფესიული, ან ტერიტორიული ნიშნებით და სამედიცინო დახმარებისთვის განკუთვნილ საერთო ფონდში აგროვებდნენ საჭირო თანხებს. ასეთი მარტივი სახით შეიძლება წარმოვადგინოთ სისტემის ჩამოყალიბება, რომელსაც ჩვენ სამედიცინო დაზღვევას ვუწოდებთ.
დღესდღეობით საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანია არსებობს და თითქმის ყველა სთავაზობს სამედიცინო დაზღვევას თავის მომხმარებელს. ბოლო დროს სატელევიზიო რეკლამებში და, საერთოდ, საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს `ალდაგი ბისიაის~ `მედიქ ქარდი~. ეს არის ძალიან მარტივი პროდუქტი, რომლის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იხდის თანხას, როცა მას სამედიცინო მომსახურება სჭირდება. ანუ მას არ უწევს წინასწარ იფიქროს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. დასჭირდება თუ არა სამედიცინო მომსახურება. ყიდულობს პოლისს და 5 წუთში შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროდუქტის უპირატესობებით. `კვლევებმა და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ წინასწარ თავისი რისკის განსაზღვრა, შეფასება და ამ რისკში ფულის გადახდა. რადგანაც დაზღვევის საფასურიც კი მათთვის დიდ თანხას წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ინდივიდუალური დაზღვევა საქართველოში არ არის კარგად განვითარებული. რა მოხდება ზეგ? ამის წინასწარ განსაზღვრა და შეფასება გვიჭირს, თანაც როცა ადამიანს რაღაცა სჭირდება, მაშინ გაცილებით უადვილდება თანხის გადახდა~, - განაცხადა „ალდაგი ბისიაის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ნუცა კოღუაშვილმა. როგორც ცნობილია, დაზღვევა გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. „მედი ქარდის“ გახსნისას კი მომხმარებელს არანაირი პროცედურის გავლა არ სჭირდება. მომხმარებელს შეუძლია ყოველგვარი საბუთების გარეშე მიიღოს მომსახურება 5 წუთში. როგორ მიმდინარეობს პროცედურა: მომხმარებელს გადაეცემა ბარათი, გაეცნობა მის პირობებს, მას შეუძლია თანხა არ გადაიხადოს, და ჰქონდეს ეს ბარათი სახლში რამდენი ხანიც უნდა, ერთი წლის მანძილზე. იმ მომენტში, როცა მას დასჭირდება სამედიცინო ამბულატორიული მომსახურება, შეუძლია მივიდეს „ჩვენი ოჯახის კლინიკის“ ქსელში, იქვე გადაიხადოს თანხა და ბარათი მაშინვე გააქტიურდება. ასევე პროდუქტს არ გააჩნია არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა. `მედიქ ქარდის~ შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სამედიცინო მომსახურეობებით: 24 საათიანი სატელეფონო მომსახურება, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ოჯახის ექიმის, ამბულატორიული მომსახურება, თანადაფინანსება მედიკამენტებზე, გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება. ამბულატორიული მომსახურება დაიფარება შეუზღუდავად 50 პროცენტიანი თანაგადახდით, ხოლო 100%-ით დაიფარება მხოლოდ 50 ლარის ღირებულების ამბულატორიული მომსახურება. რაც მთავარია, მას ლიმიტი არ გააჩნია და რამდენჯერაც დასჭირდება მომხმარებელს, იმდენჯერ მივა და გამოიყენებს დაზღვევას წლის განმავლობაში. ეს პროდუქტი ფარავს ასევე გადაუდებელ ჰოსპიტალურ მომსახურებას. აღსანიშნავია, რომ თანხის გადახდიდან 5 წუთში აქტიურია ამბულატორიული მომსახურება, ხოლო ბარათის გააქტიურებიდან ერთ თვეში ჰოსპიტალური დაფარვაც, 2500 ლარის ფარგლებში. ამ პროდუქტში შედის, ასევე, თანადაფინანსება მედიკამენტებზე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ `პსპ~-ს სააფთიაქო ქსელში.
გამოდის, რომ `მედიქ ქარდი~ თვეში 8 ლარი ღირს, წელიწადში კი 99 ლარი. თანხის გადახდისთანავე 5 ლარის მომსახურება მომხმარებელს უნაზღაურდება 100 პროცენტიანი დაფარვით ანუ უფასოდ. მაგალითად, მიდიხართ გამოკვლევაზე, იხდით 99 ლარს, მაშინვე 50 ლარის მკურნალობას იღებთ უფასოდ. გამოდის, რომ დარჩენილი 49 ლარით მთელი წელი გაქვთ დაზღვევა და შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენოთ ის.
თუმცა, აქ არის გარკვეული შეზღუდვაც. თქვენი სადაზღვევო პოლისით შეგიძლიათ ისარგებლოთ მხოლოდ „ჩემი ოჯახის კლინიკის ქსელში“, რომელიც სპეციალურად დაზღვეულებისთვის "`ალდაგი ბისიაიმ" შექმნა. კომპანიამ პირველი კლინიკა 2006 წლის 6 თებერვალს გაიხსნა. 2008 წლიდან `ჩემი ოჯახის კლინიკების" ქსელში თბილისის სამი და ერთი (ბათუმის) რეგიონალური ფილიალია გაერთიანებული (აღმაშენებლის ქ № 123 ა, ჭავჭავაძის N33ა, მესხიშვილის N21, ხოლო ბათუმში ზ. გორგილაძის ქუჩა N82 (ყოფილი ერას ქუჩა N85). ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს სერტიფიცირებული და მაღალკვალიფიციური ოჯახის ექიმები ახორციელებენ. "ჩემი ოჯახის კლინიკაში" მომუშავე ყველა დარგის კონსულტანტ-სპეციალისტი საგანგებოდაა შერჩეული. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი სახის ამბულატორიულ მომსახურება: ულტრაბგერითი გამოკვლევები, ლაბორატორიული გამოკვლევები, თერაპია, კარდიოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია, ნევროლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ენდოკრინოლოგია, დერმატო-ვენეროლოგია, ოტო-რინო-ლარინგოლოგია, პედიატრია, მამოლოგია, ქირურგია, ორთოპედია, ოფთალმოლოგია, ინფექციური დაავადებები, სამკურნალო მასაჟი.
რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ფასებს, ის სხვა ჩვეულებრივი კლინიკებისგან დიდად არ განსხვავდება. მაგალითისთვის, ექიმთან კონსულტაციის ფასი 40 ლარია, სხვა ჩვეულებრივ კლინიკაში დაახლოებით 20-25 ლარი, ექოსკოპიის გადაღება უახლესი თაობის აპარატურით, დაახლოებით, 45 ლარი, ჩვეულებრივ კლინიკაში იგივე ტიპის ექოსკოპიური მომსახურეობა, დაახლოებით, 35 ლარი. შეიძლება ითქვას, რომ `ჩემი ოჯახის კლინიკაში~ მოქმედებს საშუალო საბაზრო ფასები.
მაგდა ლორთქიფანიძე