ნავთობ-პროდუქტების საცალო ქსელში საწვავი გაიაფდამედებს. თუმცა, უკანონო კარტელური გარიგებებიც ასე ღიად და დღისით-მზისით ქართულ ბიზნესში არ ხდებოდა. საზოგადოებამ და ექსპერტებმა, რა თქმა უნდა, იციან მომგებიან ბიზნესებში კლანური პრინციპების არსებობის თაობაზე. ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ნავთობპროდუქტების იმპორტი, მობილური კავშირის ბაზარი, კვების პროდუქტების იმპორტი და ასე შემდეგ, კონკურენცია დიდი ხანია აღარ არსებობს.
აი, ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის (რა სრულიად საყოველთაო და შესაშური იდილიაა ამ სფეროში, მოცემული ასოციაციის დასახელებიდანაც კარგად ჩანს) ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა გვამცნო, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები -"ვისოლი", "სოკარი", "ლუკოილი" და "რომპეტროლი", შეიკრიბნენ და მსოფლიო ბაზარზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, გადაწყვიტეს ბენზინი 5 თეთრით გაეიაფებინათ.
ახლა მთლად სიტყვა-სიტყვით არ უთქვამს, შეიკრიბნენო, მაგრამ რომ არ შეკრებილიყვნენ, როგორ გადაწყვეტდნენ, ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად, დილას, 5 თეთრით დაეწიათ ბენზინზე ფასები. ბენზინზე და არა დიზელის საწვავზეც. ეს ყველაფერი სხვა ოპერაის თემაა, სხვა ოპერიდანაა და მასზე სხვა დროს მოგითხრობთ.
ახლა იმას შევნიშნავ, რომ მსოფლიო ბაზრის ფასები არასდროს ადეკვატურად არ აისახება ნავთობპროდუქტების ფასებზე საქართველოში. ახლაც მსოფლიო ბაზარზე დაახლოებით 10.5%-ით ნავთობპროდუქტების გაიაფებას, საქართველოში ბენზინის ფასის 3.5%-ით შემცირება მოჰყვა. მთვრალაშვილმა, რომელიც იმ დღეს აშკარად ფხიზელი იყო, დაგვამშვიდა, თუ კარგად მოიქცევით, კიდევ 5 თეთრით გაგიიაფებთ ბენზინსო. არ კი უთქვამს, დიზელს, ახლა ძალიან სჭირდებათ, რად არ აიაფებენ.
და მთავარი – ვინმე მიაქცევს ყურადღებას იმპორტიორი კომპანიების უკანონო კარტელური გარიგების ფაქტს, რომელიც დასჯადი ქმედებაა. არ მგონია.
"აბა, საკუთარ შვილს ხომ არ დავსჯი". (სულხან-საბა)
ლევან მზიანიშვილი