ნანახია: 526
ელიტური კორუფცია ბენდუქიძის რეფორმებით დაკანონდა
კორუფცია და მასთან წარმატებული ბრძოლის შედეგები დღევანდელი ხელისუფლების საყვარელი თემაა, ყველაზე ხშირად გვახსენებენ დროს, როდესაც საგზაო პოლიციის შევარდნაძისდროინდელი თანამშრომლები ქრთამს იღებდნენ. ზოგადად, ქრთამის აღებას ყველაზე ხშირად აიგივებენ კორუფციასთან, ხელისუფლების წარმომადგენლები ამ აზრის გამყარებას კიდევ უფრო უწყობენ ხელს. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კორუფცია გაცილებით ღრმა და მრავლისმეტყველი თემაა. კორუფცია, აღიარებული გაგებით, არის სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ გამოყენება, არალეგიტიმური, როგორც წესი, საიდუმლო, პირადი კეთილდღეობისთვის. კორუფციის ყველაზე გავრცელებული ფორმებია პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა, ძალაუფლების გამოყენება, გაფლანგვა და ნეპოტიზმი. კორუფციის, როგორც კრიმინალური ქმედების, ერთმნიშვნელოვანი აღქმა ძალიან რთულია და ის გამომდინარეობს კონკრეტული ქვეყნის საკანონმდებლო მოცემულობებით. მაგალითად, გარკვეული სახის პოლიტიკური დაფინანსების პრაქტიკა, რომელიც ლეგალურია ერთ ქვეყანაში, შესაძლებელია არალეგალური იყოს მეორეში. ასევე, ძალიან რთული განსასაზღვრია ლობირების სხვადასხვა გამოვლინებების კანონდარღვევად აღქმა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას წვრილ მექრთამეობასთან ბრძოლაში მართლაც საამაყო შედეგები აქვს, უნდა ითქვას, რომ ზოგადად კორუფციული გადაწყვეტილებები ქვეყნის ცხოვრებაში ისევ ძალიან აქტუალურია. ბოლო წლებში ჩვენთან კორუფციამ ერთგვარად სახე იცვალა, შევარდნაძის პერიოდის მექრთამეობისგან განსხვავებით, დღეისთვის კორუფციის სულ სხვა გამოვლინებებს ვხვდებით. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კანონმდებლობა, რომელიც მექრთამეობის გარდა კორუფციის სხვა გამოვლინებებს კორუფციად არ თვლის, თავისთავად ახალისებს სხვადასხვა რანგისა და მასშტაბის ჩინოვნიკების გადაცდომებს. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რამაც დღევანდელი სიტუაცია განაპირობა, გახდა ზოგადად ბატონი კახა ბენდუქიძის მოღვაწეობა და მისი იდეების პრაქტიკაში გატარება. სწორედ მისი ხელდასმით განხორციელდა რეფორმების კასკადი, რამაც სახელისუფლებო ჩინოვნიკებს ხელ-ფეხი გაუხსნა, ეკონომიკური აქტივების კონტროლის კუთხით. საქმე ისაა, რომ სწორედ მაშინ გაუქმდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, მოხდა შრომის კოდექსის მაქსიმალური ლიბერალიზაცია, მოიშალა სურსათის უვნებლობის სისტემა და სტანდარტების აუცილებლობა, გატარდა სტატისტიკის დამთვლელი სამსახურის რეფორმა, რის შემდეგაც ამ სამსახურის ინფორმაცია ბუნდოვანი და ძნელად ხელმისაწვდომი გახდა. სწორედ რეფორმების ასეთი შინაარსი გახდა ჩვენს ქვეყანაში ბიზნესების გამსხვილების და ბაზარზე მონოპოლიების აღმოცენების საფუძველი. რაც უნდა პარადოქსული იყოს, რეფორმებმა, რომელიც ბაზრის თავისუფლებას ქადაგებდა, საპირისპირო ეფექტი - თავისუფალი ბაზრის შეზღუდვა მოიტანა. თავისთავად ცხადია, რომ ყველა რეფორმას უნდა ჰქონდეს გარკვეული მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, პრაქტიკული ღონისძიებებიც უნდა გატარდეს, ანუ უნდა არსებობდეს რეალური ნება მიზნის მისაღწევად. საქართველოში ჩატარებული რეფორმების შედეგებისა და მისი თანმდევი პრაქტიკული ღონისძიებების ელემენტარული ანალიზიც კი საფუძველს იძლევა დავასკვნათ – სახელმწიფო რეგულირებების მოშლა იმიტომ მოხდა, რომ ხელი შეწყობოდა, სხვადასხვა ბაზრებზე მონოპოლისტების აღმოცენება-გაჩენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი ხდება, რომ სწორედ ეს რეფორმები, იყო გარკვეული ლობიზმის გამოხატულება, რაც, თავის მხრივ, კორუფციაა. მას შემდეგ, რაც საქართველოში მონოპოლიების წახალისების პოლიტიკა დაიწყო, ბიზნესების გამსხვილებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ლობიზმი, რაც თავისთავად კორუფციაა, ყველაზე ნათლად ე.წ. სახელისუფლებო ბიზნესების წახალისებაში გამოიხატა. უკვე აღარ არის საუბარი იმაზე, რომ სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკები, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობის უფლება ოფიციალურად არ აქვთ, ღიად თუ დაფარულად, ფლობენ სხვადასხვა ბიზნესებს, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ხდება მათი ბიზნესების ოფიციალური მხარდაჭერა. როდესაც გარკვეული ბიზნესების მხარდაჭერას ვახსენებთ, მაგალითისთვის საქართველოს ლატარიის კომპანიის მოყვანა აღარც კი ღირს. ლატარიის მოწყობის ექსკლუზიური უფლების მიყიდვა და კონკურენტების ოფიციალურად ჩამოშორება, რომ გარკვეული ლობიზმის შედეგია, ამას ბავშვიც კი მიხვდება. თუმცა, დღევანდელი ხელისუფლება ისე დაუფარავად იღებს მსგავსი ტიპის დასახელებას, შედარებით რთული მაგალითის მოყვანაც ძნელდება. გავიხსენოთ, რამდენიმე წლის წინ დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით, ტროტუარებიდან სხვადასხვა სახის სავაჭრო ჯიხურები აიღეს. თავის დროზე, ეს პროცესი მცირე ბიზნესზე ძალიან მტკივნეულად აისახა. გავიდა რამდენიმე წელი და დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა ძველ ჯიხურებზე უფრო უსახური ობიექტები. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობით `ნუგეშის~ ქსელმა დაიწყო მუშაობა, რომლის სავაჭრო პუნქტებიც ასევე, ძალიან უსახურ ჯიხურებშია მოწყობილი. გასაგებია, რომ "ნუგეში" სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის გაიხსნა, მაგრამ დღეს სოციალურად შეჭირვებულებად ის ადამიანები ითვლებიან, რომლებსაც თავის დროზე სავაჭრო ჯიხურები მოუშალეს და პრაქტიკულად, ბედის ანაბარა დატოვეს. სწორედ სოციალურად შეჭირვებულების პრობლემით ითამაშეს შესაბამისმა ჩინოვნიკებმა, დააკანონეს რა ტროტუარებზე "ნუგეშის" ჯიხურების დამონტაჟება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გარდა მთლიანად ქსელის ოფიციალური ხელშეწყობისა, თვითონ ქსელშიც მხოლოდ ისეთი საქონელი იყიდება, რომელთა წარმოება ან შემოტანა ისევ სახელისუფლებო ბიზნესებთან არის დაკავშირებული. ერთი სიტყვით, მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის ანალიზიც კი ნათელს ხდის, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ხელისუფლებასთან სიახლოვით წყდება. ამას კი გინდ ლობიზმი უწოდე და გინდ ნეპოტიზმი, მარტივად კორუფცია ჰქვია.
ლევან მარტაძე
|