
ბიზნეს დაჯილდოება "მერკური 2011"-ის აპლიკანტი 250-ზე მეტი კომპანია იყო. კომპეტენტუირმა ჟიურიმ 45 ნომინანტი გამოავლინა, დაჯილდოების ღონისძიებაზე კი პრიზის "მერკური 2011" მფლობელი მხოლოდ 15 კომპანია გახდა.
ნომინაციაში წლის იძულებით გადაადგილებული პირი - კომპანია "ივერი ფარმამ" გაიმარჯვა, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი "კულა" გახდა, დამზადებული საქართველოში - ''BTM ტექსტილი", უცხოეთის ვარსკვლავი - "ბორჯომი", წლის მწვანე ბიზნესი -"ვუდ სერვისი", წლის აგრობიზნესი - "მარნეულის სასურსათო ქარხანა", წლის ტურისტული ბიზნესი - "ყვარლის ტბა", წლის მცირე ბიზნესი "ჭური", დარგის აღორძინება - "პიუნიკო", წლის აღმოჩენა - "ბარამბო", ახალგაზრდა მეწარმე - მიხეილ ფარულავა (შპს "ჯორჯიან ბეიქერსი"), ქალი მეწარმე - ნინო ზამბახიძე ("ჯორჯიან ბიზნეს ზონა"), წლის ბიზნესი - "სილქნეტი", ხოლო წლის მეწარმედ - სოსო ფხაკაძე ("ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია") დასახელდა, ასევე წლის დამსაქმებელი - "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა".
კონკურსი ეკონომიკის სამინისტროსა და საინვესტიციო სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, "მერკურის" მფლობელი საქართველოს მოსახლეობის ფავორიტია და ეს გამოარჩევს ამ დაჯილდოებას სხვა მსგავსი ღონისძიებისაგან, რომელიც საქართველოში იმართება.
"ჩვენთვის ეს ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის დიდი წარმატება და დამატებითი სტიმული და მოტივაცია, იმისათვის, რათა უფრო წარმატებულნი ვიყოთ ყველა იმ 33 ქვეყანაში სადაც ვართ წარმოდგენილნი და სადაც ლიდერი პოზიციები გვიკავია ჩვენს სეგმენტში", - განაცხადა ზაზა კიკვაძემ, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალურმა დირექტორმა.
ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების დაარსების მიზანი ქართული ბიზნესის წარმოჩენა, წახალისება და პოპულარიზაციაა. იგი მოწოდებულია, ხელი შეუწყოს უკვე მიღწეული წარმატების მაგალითზე ადგილობრივი საქმიანი წრეების ახალ ინიციატივებს, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, მათი საქმიანობის არეალის გაფართოებასა და განვითარებას.
"მერკური'' არის ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდო. ამის თქმის საშუალებას მაძლევს გამარჯვებულის გამოვლენის რთული და ამავე დროს გამჭვირვალე სისტემა, რომელიც მაქსიმალურად ობიექტური შედეგის საფუძველია. ამავე დროს, ეროვნული ბიზნეს დაჯილდოებისას გამარჯვებულებმა უნდა იცოდნენ, რომ "მერკური" მხოლოდ საუკეთესოებს გადაეცემათ", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ.