
ხელისუფლება კვლავ განაგრძობს ქართული ბიზნესის ტერორს, განსაკუთრებით იმ ბიზნესმენებისა და მეწარმეთა მიმართ, რომლებიც ღიად თუ ფარულად ცდილობენ გზა გამონახონ საქართველოში თავისუფალი და დამოუკიდებელი ბიზნესის საქმიანობისთვის.
ბიუჯეტის შესავსებად მთავრობას საერთაშორისო ფინანსური დახმარებები შეუმცირდა და ისინი ახალი კოდექსით დაჯარიმებულებმა უნდა ჩაანაცვლონ. ასე რომ, მეწარმეებს ახლებურად შეამოწმებენ და ახლებურადვე დააჯარიმებენ.
"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ახალი კოდექსის მიხედვით ფინანსთა სამინისტროს უფლებები იზრდება, შესაბამისად, მეწარმე და სახელმწიფო ახალი კოდექსის მიხედვით გაცილებით არათანაბარ პირობებში აღმოჩნდება.
"უარესდება დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბეგვრის წესები, ასევე უარესდება საშემოსავლო გადასახადის დაბეგვრის წესებიც. ზოგიერთ პროდუქტზე იზრდება აქციზი”, - ამბობს ექსპერტი ირაკლი შავიშვილი. რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, რომლის შემცირებასაც მთელი საქართველო მოელოდა, მთავრობამ მინიმუმიც კი ვერ დათმო, 20-დან 18%-მდეც კი არ შეამცირა. ქვეყანაში დღითიდღე მძიმდება არსებობა, მძვინვარებს ტერორი, დაჭერები და ხალხის დაშინების პოლიტიკა.
სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს ღვინის კომპანია 'შუმის" ერთ-ერთმა მეპატრონემ ოთარ ფირანიშვილმა, საბითუმო მაღაზია "დელფინის" ერთ-ერთმა მფლობელმა პაატა პაპაშვილმა და "ქინძმარაული მარანის" დირექტორის მოადგილემ არჩილ სესიაშვილმა. სამივე შემთხვევაში თვითმკვლელობის მიზეზად კომპანიებში საგადასახადო ინსპექციის შესვლა სახელდება.
"დელფინის" მეპატრონის თვითმკვლელობის შემდეგ კი დადასტურდა, რომ საგადასახადო ინსპექციამ საბითუმო მაღაზია 320 ათასი ლარით დააჯარიმა.
სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს ერთმანეთისგან ძირითადად ის განასხვავებს - მფარველობს თუ არა მას ხელისუფლება. ზურიაშვილის განმარტებით, საქართველოში ბიზნესმენთა ორი ჯგუფი არსებობს _ ხელისუფლებისგან წახალისებულნი და ხელისუფლებისგან დაშინებულები. ძირითადი პრობლემა კი, რომელსაც ბიზნსმენები აწყდებიან, არის საგადასახადო კოდექსის ის მუხლები, რომლებიც საგადასახადო ინსპექტორებს ბიზნესმენთა დაჯარიმებისას თვითშემოქმედების საშუალებას იძლევა: ხდება არანორმალურად დიდი ჯარიმების დაკისრება. დავუშვათ, დააკისრეს მას 200 000 ლარი. ამ შემთხვევაში, მან იმისათვის, რომ გაასაჩივროს სასამართლოში, ეს 200 000 ლარი უნდა წინასწარ დადოს, გაყინოს ანგარიშზე, ან 200 000 ლარის ქონება. ასეთ დროს ბიზნესმენები ფერხდებიან და აღარ უნდათ სასამართლოში წასვლა. ამიტომ იძულებულნი ხდებიან გარიგებაზე წავიდნენ საგადასახადო სამსახურთან. ეს ერთგვარი დაშინების პოლიტიკაა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ "დემოკრატიის შუქურას" დემოკრატიის სერიოზული პრობლემები აქვს. დასკვნაში ხაზგასმულია ყველა ის უკანონობა, რომელსაც საქართველოში მოქმედი ხელისუფლება სჩადის, მათ შორის, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, ელიტური კორუფცია და დაუსჯელობის სინდრომი, მედიაზე ზეწოლა, ბიზნესის ტერორი. ახალი საგადასახადო კოდექსი _ ეს გახლავთ სახელმწიფოს იარაღი ბიზნესის წინააღმდეგ.
დადის მითები იმის შესახებ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება უმარტივესია. თუმცა, მეორეს მხრივ, პანტაპუნტით იჭერენ ბიზნესმენებს და დანარჩენებს კი ჯარიმებისა და საურავებს არიცხავენ, ბიუჯეტის შესავსებლად რაღას აღარ კადრულობენ, მთავრობამ აღარ იცის, ფული ვის გამოძალოს. `ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია~ მიმართავს ხელისუფლებას და საზოგადოებას, შეწყდეს ბიზნესზე ზეწოლა, ბიზნესმენების დევნა და უკანონო პატიმრობები, გარემოვაჭრეების შევიწროვება, გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრობაში ან დევნილობაში მყოფი მსხვილი ბიზნესმენები, ხოლო თვითდასაქმებული წვრილი მოვაჭრეები დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, სადაც მერია ვალდებულია შეუქმნას ელემენტარული პირობები.
"მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე, - "არ მინდა ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც ხდება რაიმე ტიპის ბიზნესის მასიური დაპატიმრებები.
მინდა ჩამოყალიბდეს სტაბილური სისტემა, ბიზნესს ჰქონდეს მაქსიმალური ხელშეწყობა. უნდა მოვძებნოთ ის ოქროს შუალედი, რომ ბიზნესი გადასახადებსაც იხდიდეს და კიდეც ვითარდებოდეს".
რამდენიმე დღის წინ დააკავეს ასევე "ნუგეშის" ქსელის დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი სიბაშვილი, რომელსაც ბრალად ფულის გათეთრება და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბება დასდეს. სპირტის ბიზნესშიც აღმოაჩინეს დარღვევები, 2006-2011 წლებში უკანონოდ ხდიდნენ სპირტს. დაუჯერებელია, რომ ხუთი წლის განმავლობაში მთავრობამ ეს არ იცოდა. პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო ფულის გაფლანგვის ბრალდებით 19 კაცია დაკავებული, თუმცა კულუარული ინფორმაციით, მხოლოდ 6 მეწარმეა დაკავებული. ფაქტი ერთია, საქართველოში ბიზნესმენების გასატყავებლად საუკეთესო გარემოა და ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმიც ბიზნესმენების დაჯარიმებაა.
მარიამ ბიბილაშვილი