
ბოლო პერიოდში საინტერესო მოვლენები ხდება ე.წ. შავი ანუ ჭვავის პურის ბაზარზე. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულ ბაზარზე ჭვავის ფქვილი პრაქტიკულად არ შემოდის, "შავ" პურს ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილისგან აკეთებენ და ფერის მიცემა ჯანმრთელობისთვის საშიში მინარევებით ხდება. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით სამთავრობო ტელეარხები აქტიურობენ. რატომღაც უკლებლივ ყველა ტელევიზიას მხოლოდ ახლა გაუჩნდა მოსახლეობის "დაცვის" და მისი სიტუაციაში გარკვევის სურვილი. "შავი პურის" თემა იმდენად აქტუალური გახდა, რომ სამთავრობო ტელევიზიებში გასულმა სიუჟეტებმა, ერთგვარად, კამპანიის სახე შეიძინა.
სახელისუფლებო ძალების მიერ მართული და, შესაბამისად, ძლიერთა ამა ქვეყნისა ბიზნესინტერესების დაცვაზე ორიენტირებული ტელევიზიების ამგვარი ყურადღება, რაიმე საკითხის მიმართ, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცას ზევით გარკვეული ინტერესი აქვს. სახელისუფლებო ტელეარხების მიერ გატარებულმა კამპანიამ მთლიანად პურის ბაზარზე შეცვალა სიტუაცია. ჭვავის პურის გაყიდვები, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და მოთხოვნადი პროდუქტი იყო, პრაქტიკულად შეწყდა. ჭვავის პურის მოხმარება მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებულებისთვის. დიაბეტის დროს, მთავარია, საკვებში და მათ შორის პურშიც, არ იყოს სახამებელი, რომელიც შაქართან ასოცირდება. ჭვავის პურში კი შაქრის რაოდენობა გაცილებით დაბალია, ვიდერე ხორბლის პურში. ჭვავის პური ასევე გამოირჩევა დაბალკალორიულობითაც, - 100 გრამი ჭვავის პური 210 კალორიას შეიცავს, მაშინ როცა იგივე რაოდენობის ხორბლის პური 270, ამიტომ ჭვავის პური ჯანსაღი ცხოვრების წესთან ასოცირდება და საკმაოდ ბევრი მომხმარებელიც ჰყავდა.
ამ ფონზე, ისმოდა პირდაპირი ბრალდებები, რომ ჭვავის ფქვილისგან დამზადებული პროდუქციის ნაცვლად, საქართველოში, მავნე შემადგენლობის შავი საღებავის ცომში შერევით მომზადებულ პურს მივირთმევთ. საკვირველი ისაა, რომ კონკრეტულად არავინ ასახელებდა, თუ რომელი კომპანიის და მწარმოებლების პური იყო მოწამლული და სიცოცხლისთვის საშიში. ანუ, ეს იყო ერთმნიშვნელოვნად უპასუხისმგებლო სიუჟეტები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ბიზნესს დიდი დარტყმა მიაყენა. ამასთან, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ მართლაც უმძიმეს ბრალდებაზე, პასუხი არავის გაუცია, მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანა და ხშირ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა არც სამართალდამცავებს აინტერესებს. ერთი სიტყვით, ეს კამპანია მიმართული იყო იქითკენ, რომ პურის ბაზარზე არსებული სიტუაცია შეცვლილიყო, ფაქტია, რომ ჭვავის პურის ბაზარი დღეს გამოთავისუფლებულია, თუ მომხმარებელს ეცოდინება, რომ ვიღაც მართლაც ჭვავის პურს ყიდის, მის პროდუქტს აუცილებლად ეყოლება მომხმარებელი.
შექმნილ სიტუაციას აპროტესტებენ იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომელთა წარმოების მთავარი მიმართულება ჭვავის პური იყო. `დევის პურის~ დირექტორის გიორგი დევდარიანის განცხადებით, ამ სკანდალმა, პირველ რიგში, ის კომპანიები დააზარალა, რომლებიც უკვე წლებია ჭვავის პურის წარმოებაზე არიან ორიენტირებულები. დაზარალდა მოსახლეობაც, რომელმაც აღარ იცის, ვის ენდოს და ვის არა. მისი განცხადებით, ის რომ სავაჭრო ქსელში ჭვავის ფქვილი არ იყიდება, არ ნიშნავს, რომ საქართველოში ჭვავის ფქვილი არ შემოდის. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე იმპორტიორი, რომელსაც ჭვავის ფქვილი რეგულარულად შემოაქვს. ბაზრის კონტროლის არარსებობას მიიჩნევს მთავარ პრობლემად `ლიტვური საცხობის~ დამფუძნებელი გიედრუს სეველევიჩუსი. მისი განცხადებით, საქართველოში ყოველი 10 კომპანიიდან 8 ჭვავის პურის ფალსიფიკაციას ეწევა, აქ პურის ბაზარი უკონტროლოა და, შესაბამისად, ფალსიფიკაციაც მარტივია. `ჩვენ, კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა, როგორც აგვიხსნეს, ისინი ჯერ მაღალი რისკის შემცველი პროდუქტების, ხორცისა და რძის ნაწარმის კონტროლის გამკაცრებაზე მუშაობენ~, - აცხადებს სეველევიჩუსი. თუმცა, მისი განცხადებით, აღნიშნული სიუჟეტები არაეთიკურად იყო მომზადებული, რადგან იქ არ იყო დასახელებული, თუ რომელი კომპანიები ყიდიან ფალსიფიცირებულ და მომწამვლელ პურს. შესაბამისად, მომხმარებელმა აღიქვა, რომ ბაზარზე არსებული ყველა "შავი პური" ფალსიფიცირებულია, რამაც, თავის მხრივ, ის კომპანიებიც დააზარალა, რომლებიც პურს მართლაც ჭვავის ფქვილისგან აცხობენ.
პრობლემა "ბანკები და ფინანსებთან" საუბარში უფრო მწვავედ დასვეს სხვადასხვა წვრილი წარმოების წარმომადგენლებმა. ისინი აცხადებენ, რომ ჭვავს საკუთარი არხებიდან იღებენ და თავად ფქვავენ, შემდეგ კი საკუთარ წარმოებაში უშვებენ. `ბანკები და ფინანსების~ კითხვაზე, თუ როგორ დაამტკიცებენ ამას, განგვიცხადეს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ლაბორატორიული შემოწმებაა. ისინი ითხოვენ, რომ დაუსაბუთებლად არავინ დასდონ ბრალი. ამ წვრილი წარმოებების ხელმძღვანელებმა, ის მიზეზებიც გაგვიმხილეს, თუ რატომ დაიწყეს სახელისუფლებო ტელევიზიებმა აღნიშნული კამპანია. ისინი, ბუნებრივია, საკუთარ ვინაობას არ ასახელებენ, ვინაიდან, არ სურთ ისევ სახელისუფლებო ძალებს დაუპირისპირდნენ.
საქმე ისაა, რომ საზოგადოება ჭვავის პურის ალტერნატივად აღიქვამს ე.წ. ცეხვილ პურს. ცეხვილი პური მართლაც შეიცავს ჩვეულებრივ პურზე მეტ სასარგებლო ნივთიერებებს, მაგრამ ის მაინც ხორბლისგან არის დამზადებული. უბრალო, აქ ფქვილის დამუშავების ტექნოლოგიაა განსხვავებული. მას შემდეგ, რაც ჭვავის პურის გაყიდვები პრაქტიკულად შეწყდა, ბაზარზე მის ადგილს ნელ-ნელა ცეხვილი პური იკავებს. აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბაზარზე ცეხვილი პური, ძირითადად, `კოლხისა~ და `ბეზეკის~ წარმოებებიდან შედის. კულუარული ინფორმაციით, ორივე ეს წარმოება პარლამენტარ არჩილ გეგენავას სახელთან არის დაკავშირებული.
ახლა უკვე ნათელი ხდება, თუ რატომ კლავენ ასე უაპელაციოდ ჭვავის პურის წარმოებას.
ერთი სიტყვით, ბიზნესების გამსხვილება და ბაზრის მონოპოლიზაციის პროცესი გრძელდება. ამჯერად, მეთოდი განსხვავებულია - თუ კეზერაშვილს პირდაპირ მიანიჭეს ფულის კეთების ექსკლუზიური უფლება ლატარიის სფეროში, ანაც რამიშვილს ჯერ `თბილისის წყალი~ აჩუქეს და ფულის ამოღების მექანიზმიც აუმუშავეს, ამჯერად საქმეში მედიაპროპაგანდა ჩართეს. დაუსაბუთებელი ბრალდებებით კლავენ ჭვავის პურის წარმოებას, შესაბამისად, ბაზრიდან გადიან `არასასურველი~ მოთამაშეები, ამის შემდეგ ხელისუფლების ხელდასმული კომპანია, ისევ სახელისუფლებო მედიამანქანის მხარდაჭერით მარტივად აითვისებს უაღრესად მიმზიდველ ბაზაარს.
ზოგადად, ძნელია, ისაუბრო მართლაც რამდენად ჭვავის არის `შავი~ პური. ჩვენ ვერც იმაზე დავდებთ თავს, რომ ან ის კომპანიები, რომელთა წარმომადგენლების კომენტარებიც შემოგთავაზეთ, ნამდვილად ჭვავის პურს აწარმოებენ და მხოლოდ საკუთარი ბიზნესის გადასარჩენად არ იბრძვიან. თუმცა, იმის თქმა თამამად შეიძლება, რომ მსგავსი მეთოდებით კონკურენტების ჩამოცილება არ შეიძლება. თუ სადმე დარღვევა ხდება, ამის შესახებ, პირველ რიგში, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ რეაგირება და დადგინდეს, კონკრეტულად, ვინ და როგორ დაარღვია კანონი. თუმცა, რომელ კანონზეა საუბარი, კანონი, რომელიც სურსათის ხარისხის სტანდარტების აუცილებლობას გულისხმობს, ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღეს, თუმცა, ის ჯერ კიდევ არ არის ძალაში შესული. ოფიციალურად, ამას ადგილობრივი წარმოების დაცვის მოტივით ხსნიან, თუმცა, ფაქტია, რომ სურსათის ბაზარზე დამკვიდრდა მართვადი ქაოსი, რომლითაც მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული ძალები ხეირობენ.
ნატო ლომსაძე