ფეხბურთელი საკუთარი უფლებების დაცვას ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში აპირებსსაფეხბურთო კარიერის პარალელურად კახა კალაძე წარმატებული ბიზნესმენია. ბიზნესი აქვს საქართველოში, უკრაინასა და ყაზახეთში. საქართველოში კალაძის ბიზნესსფეროს "კალა-კაპიტალი" მიეკუთვნება, რომელიც საქართველოში ბიზნესის რამდენიმე სეგმენტშია წარმოდგენილი. მათ შორის, საბანკო სექტორში, სასტუმროების და სამშენებლო ბიზნესში. ამჯერად აქცენტი "არსენალი სითის" გრანდიოზულ პროექტზეა გაკეთებული, რომელიც კალაძის მიერ ექსპრემიერ ნოღაიდელთან ერთად დაფუძნებული "კალა-კაპიტალის" ერთ-ერთი ამბიციური ბიზნესპროექტი იყო. ქართველმა ბიზნესმენმა 2008 წელს თბილისში მდებარე არსენალის მთაზე მიწის ფართობი სახელმწიფოსგან 38 მილიონ დოლარად იყიდა და მხოლოდ თანხის ნახევარი გადაიხადა. კახა კალაძე ამ პროექტში 700 მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას გეგმავდა. სამწუხაროდ, რუსეთის ომმა და ომის შემდგგომმა ეკონომიკურმა კრიზისმა მეგაპროექტი გაყინა, რასაც შედეგად კალაძის და საქართველოს მთავრობის კონფლიქტი მოჰყვა. ხელისუფლება საქართველოში კალაძის ბიზნესს ხელოვნურ ბარიერებს მისი პოლიტიკური პოზიციის გამო უქმნის.
"არსენალ სითის" პროექტი 80 ჰექტარ მიწის ფართობზე მინიქალაქის მშენებლობას ითვალისწინებდა. გათვალისწინებული იყო სამთავრობო და საცხოვრებელი კომპლექსების, საკონფერენციო ცენტრების. ვილების, "ა" კლასის ოფისებისა და კომერციული ფართების, ასევე სკოლების, საავადმყოფოების, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების და გასართობის ტიპის დაწესებულებების აშენება. წინასწარი პროგნოზებით "არსენალ სითიში~ 25 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო.
კომპანიის დამფუძნებელი კახი კალაძე აცხადებდა, რომ "არსენალ სითის" მსგავსი მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას გლობალური კრიზისის ფონზე აზრი ეკარგება და ამიტომ აგვისტოს ომის შემდეგ კალაძე ეკონომიკის სამინისტროსგან პროექტის განხორციელების ვადების გადაწევას მოითხოვდა. ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია კალაძეს პროექტში პარტნიორის შეყვანას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით ემუქრებოდა.
ბიზნესმენმა შეთანხმებას ამ დრომდე ვერ მიაღწია. მიზეზად სახელდება საპრივატიზაციო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც `კალა კაპიტალმა~ `არსენალის~ მთაზე მდებარე მიწის ნაკვეთის ღირებულებიდან (38 მილიონი აშშ დოლარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირველ ეტაპზე, 19 მილიონი აშშ გადაიხადა. დანარჩენი თანხა კი 2012 წლამდე ეტაპობრივად უნდა გადაეხადა. გადახდის გრაფიკის მიხედვით კომპანიას 2008 წელის 15 სექტემბრამდე 9,490 მილიონი აშშ დოლარი უნდა დაეფარა, რაც არ გადაუხდია. ამის გამო, უმრავლესობის ლიდერი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აღებული ვალდებულების შესრულებაზე ალაპარაკდა.
"თუ აქვს რაიმე ვალდებულება რომელიმე პირს, იქნება ეს კახა კალაძე თუ სხვა პირი, მიუხედავად იმისა, რა კავშირი აქვს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, სხვა ქვეყანასთან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუ რაიმე ვალდებულება არსებობს, რომელიც არ შესრულებულა, ხელშეკრულებაში დარწმუნებული ვარ გათვალისწინებული იქნება, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ქონება სახელმწიფოს დაუბრუნდეს~, - აცხადებს კუბლაშვილი.
სახელმწიფო კალაძეს დარჩენილი 19 მილიონის და ჯარიმის სახით დაკისრებული 15 მილიონის გადახდას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, კალაძის ქონება სახელმწიფოს დაუბრუნდეს.
ხელისუფლებასთან `არსენალ სითის” პროექტთან დაკავშირებით ურთიერთობების გარკვევა კახი კალაძემ, შესაძლოა, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში სცადოს. ამის შესახებ "კალა-ფონდის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ მხარეებს შორის პრობლემა არ მოგვარდა, კალაძე ერთ-ერთ ვერსიად ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ჩივილს განიხილავს, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაში დიდი თანხაა გადახდილი. `სახელმწიფოსგან მიყიდული 77 ჰა მიწიდან 14 ჰა მიწა საპატრიარქოს კუთვნილება აღმოჩნდა, ანუ სახელმწიფომ `არსენალ დეველოპმენტს” სხვისი მიწა მიჰყიდა", - განმარტავს ჩრდილელი. თუმცა, სხვა დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებს.
მისი თქმით, აქტიური მოლაპარაკებების დასაწყებად `კალა ფონდის” მხრიდან მზადყოფნა არსებობს.
სამონასტრო კომპლექსის აშენების გეგმის არსებობას საქართველოს საპატრიარქოშიც ადასტურებენ. მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის გეგმა ნამდვილად არსებობს, თუმცა მიწის აღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით ორმაგი მფლობელობის პრობლემის გამო, სამუშაოები არ დაწყებულა. `რამდენადაც ვიცი, ამ საკითხზე საპატრიარქოს იურისტებიც მუშაობენ, თუმცა საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა”, - განაცხადა მამა მიქაელმა.
აღნიშნული მიწის ნაკვეთის ორმაგი მფლობელობის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არ ადასტურებენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ ჭელიძე აცხადებს, რომ ამჟამად თანხის დაფარვის და ინვესტირების გრაფიკის შესახებ კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. `ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ინვესტორს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მისი რეალური გეგმები”, - აცხადებს ჭელიძე.
მართალია, არსებობს ბიზნესვალდებულებები, რომელიც უნდა შესრულდეს და რომელთა არშესრულების გამო სახელმწიფო ვალდებულია სათანადო ზომები მიიღოს, მაგრამ საინტერესოა, რამდენად კანონიერად ხდება ეს. და არის თუ არა კანონის წინაშე ყველა თანასწორი. მითუმეტეს, თუ საქართველოს უახლოეს ისტორიას გადავხედავთ, არ გაგვიჭირდება ისეთი ფაქტების აღმოჩენა, როდესაც სახელმწიფომ ინვესტორს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაუვადა, ან შეუმსუბუქა. ასეთი ფაქტები განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდგომ გახშირდა, როცა ბიზნესმენები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზით ვალდებულებების შემსუბუქებას ან გადავადებას ითხოვდნენ. მათ შორის "იაფი კრედიტის" პროგრამით მიღებული სესხის დაფარვა მეწარმეებს 1 წლით გადაუვადდათ. ასევე, ყაზახ ბიზნესმენებს, რომლებმაც ბორჯომში მეოთხე სამმართველოს შენობა შეიძინეს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის მიზეზით სერიოზული შეღავათები მიეცათ. სახელმწიფოსგან შეღავათმიღებული ბიზნეს-სუბიექტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ ჯობია ამ ორ ფაქტზე შევჩერდეთ, რადგან სრული სურათის მისაღებად ესეც საკმარისია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა, - მართლაც პოლიტიკური ნიშნით ხდება კომპანიებისადმი სახელმწიფოს ლოიალური დამოკიდებულება, თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე?
მთვარისა ჭიღლაძე