
ადგილობრივი ჩაის ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ "ჩაის ასოციაციამ" საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ ქართული ჩაის შიდა ბაზრის დაახლოებით 8-10 პროცენტი უკავია. ეს არის საკმაოდ მცირე მოცულობა, რადგან წლიური მოხმარება ბაზარზე 1200 ტონაა, თუმცა იმპორტირებული ჩაის ხარისხი უკვე დიდი ხანია ეჭვს იწვევს.
ექსპერტების შეფასებით, ქართული ჩაის მწარმოებელმა კომპანიებმა აქცენტი ხარისხიანი პროდუქციის დამზადებაზე უნდა გააკეთონ. თუ ყოველ წელიწადს ადგილობრივ ბაზარზე ქართული ჩაის გაყიდვების ზრდა 5-10 პროცენტის ფარგლებში იქნება, უხარისხო იმპორტირებული პროდუქციის ბაზრიდან გაძევება ეტაპობრივად მოხდება.
არსებობს მთელი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ საქართველოში ჩაის წარმოება განახლდეს და შემოტანილი ჩაის ნაცვლად, მსოფლიო ბაზარზე მოვახდინოთ ჩაის ექსპორტი. ჩვენ ქვეყანას აქვს ამის საშუალება, გვაქვს ათასობით ჰექტარი პლანტაციები, ფაბრიკები და გვყავს მეცნიერები. მიუხედავად ამ შესაძლებლობისა ადგილობრივ ბაზარზე 90%-ზე მეტი იმპორტირებულ პროდუქტზე მოდის. არსებობს ეჭვი, რომ 80% ფალსიფიცირებული და ვადაგასული იმპორტირებული პროდუქტია. ეს პროდუქტი შედარებით იაფია, ვიდრე ეკოლოგიურად სუფთა ჩაი, რომელზეც უზარმაზარი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, სუპერმარკეტებშიც ფალსიფიცირებული და ვადა გასული ჩაი იყიდება, რომელიც ძალიან საშიშია. მრავალი წლის განმავლობაში, მანამ, სანამ ჩაის ქიმიური შემცველობა გახდებოდა ცნობილი, ხალხი აკვირდებოდა ჩაის თვისებებს და აღმოაჩინეს ბევრი სამკურნალო თვისება. ადამიანებმა პირველად გამოიყენეს, როგორც სასმელი და თანდათანობით შეამჩნიეს მისი სამკურნალო თვისებები. ჩაი აჯანსაღებს, სტიმულს აძლევს და ახდენს მატონიზირებელ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. აძლიერებს შრომის უნარიანობას, ხსნის დაძაბულობას, სპობს პათოლოგიურ მიკრობებს ან აქვეითებს მათ მავნე თვისებებს. ჩაი დადებით გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ ორგანოებზე, ამცირებს მავნე ნივთიერებებს და არა მარტო ასუფთავებს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, არამედ ასრულებს `ქიმწმენდის~ როლს კუჭის, ღვიძლის და ნაწილობრივ თირკმლების მიმართაც. ჩაი ზედმიწევნით კარგად მოქმედებს სისხლწარმომქმნელ და გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე.
ჩაიში არსებული ხსნადი ნივთიერებებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 6 ჯგუფი: მთრიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთები, ალკალოიდები, ამინომჟავეები, პიგმენტები და ვიტამინები. ჩაიმ რომ არ დაკარგოს ეს მნიშვნელოვანი ნივთიერებები, საჭიროა მისი სწორად შენახვა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მის სწორად შეფუთვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაის სასარგებლო თვისებები არა მარტო დაიკარგება, არამედ უკუგავლენასაც მოახდენს.
აუცილებელია, აგრეთვე, აღინიშნოს, რომ ყველა ფალსიფიცირებული ჩაი, რომელიც გარეგნობით მსგავსია შავი ბაიხავოს ან მწვანე ჩაისა, გამოირჩევა ცუდი გემოთი და არომატის სრული უქონლობით. ფალსიფიცირებული ჩაი ძირითადად გვხვდება საზოგადოებრივ კვების ობიექტებში და ტრანსპორტში, სადაც მას არ უყენებენ განსაკუთრებულ მოთხოვნებს, რის გამოც მისი ნეგატიური თვისებები ხშირად შეუმჩნეველი ხდება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, გაუარესებულ განწყობილებას და ფულის (თუმცა უმნიშვნელო რაოდენობით) დანაკარგს.
"ვერ დავიჟინებ, რომ ყველა იმპორტული ჩაი არის ცუდი და უხარისხო, მაგრამ ჩვენთან ძირითადად შემოდის ძველი ჩაი, რომელიც გაკეთილშობილებულია სხვადასხვა მინარევით, არომატიზატორებით და, ჩვენდა სამწუხაროდ, საღებავებითაც. ჩვენი აზრით, იმპორტირებული ჩაის თითქმის 80 პროცენტი საეჭვო ხარისხისაა.
საქართველოში ძირითადი იმპორტიორები არიან - "აზერჩაი”, "ლიპტონი", "გრინფილდი” და ა.შ - "აზერჩაის" სამი ბრენდი არსებობს: "მარიამი", "ფინალი" და თვითონ "აზერჩაი". მათ ყველაზე დიდი სეგმენტი უჭირავთ საქართველოს ბაზარზე. რაც შეეხება "გრინფილდს”, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მას აფასოებენ რუსეთში და იქიდან შემოაქვთ. "ლიპტონი" კი, მოგეხსენებათ, ინგლისურ-ამერიკული ბრენდია, მაგრამ ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ფალსიფიკატორების სახით", - აცხადებს საქართველოს "ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე.
რუსუდან გაბესკირია