
რამდენიმე კვირის წინ, ერთ-ერთი ქართული სოფლის 75 წლის მცხოვრები გაიასტან შაქარიანი სულ რაღაც რამდენიმე წუთში ცნობილი ადამიანი გახდა: ყველა მედია საშუალება იუწყებოდა იმ ქალის შესახებ, რომელმაც სპილენძის ძიებაში ნიჩბით კაბელი დააზიანა და საქართველო სომხეთთან ერთად ინტერნეტის გარეშე დატოვა. სინამდვილეში ეს ისტორია არა იმდენად ინტერნეტ-კავშირის მოშლას, რამდენადაც ნაკლებად გლამურულ და ნაკლებად მაღალტექნოლოგიურ თემას – ჯართის შეგროვებას ეხება.
გარეშე პირებისთვის ნაკლებად ცნობილი ჯართის სექტორი, რომელსაც რეკლამა უკეთდება გზების გასწვრივ ერთი ხელით დაწერილი სიტყვით `ჯართი~ – საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან სექტორად იქცა. 2010 წელს რესპუბლიკის წამყვანი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში (151.03 მილიონი დოლარი), ჯართმა მარტივად გაუსწრო ისეთ ცნობილ სექტორებს, როგორებიცაა მეღვინეობა და მინერალური წყლის წარმოება (69.4 მილიონი დოლარი).
გაიასტან შაქარიანი უარყოფს, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი სპილენძის ძიების დროს დააზიანა, მაგრამ იმ ადგილას სადაც ის ცხოვრობს, ისევე როგორც საქართველოს სოფლების უმრავლესობაში, ისეთი საქმიანობა როგორიცაა მოსახლეობის მიერ ჯართის შეგროვება, აშკარად თვალშისაცემია. მისი სოფელი არმაზი თბილისიდან ჩრდილოეთით 29 კილომეტრში მდებარეობს და ამ სოფლისკენ მიმავალ გზაზე ჯართის შეგროვების ორი პუნქტია. ერთგან ერთ ტონა ლითონს 360 ლარად (215.71 დოლარი) იბარებენ.
საქართველოს ათასობით მოქალაქე რომელიც შემოსავალს ეძებს, ხშირად თვითნაკეთი ხელსაწყოებით კაბელებს და ლითონს ძველი ქარხნებისა და შენობების ნანგრევებში ეძებს, ცდილობს ძველი ღუმელების და საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების პოვნას, რომ შემდეგ ისინი თბილისში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში ჯართის ჩაბარების პუნქტებს მიჰყიდოს.
გაიასტან შაქარიანი იმ ლითონს ეძებდა, რომელშიც ყველაზე კარგად იხდიან: 1 კილოგრამ სპილენძში 11 ლარს (დაახლოებით 4 დოლარი) იხდიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფირფიტები რომლითაც მიწის ქვეშ გაყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებია მონიშნული, იმ კაბელის მსგავსი რომელსაც მოხუცი ქალბატონი თითქოს ეძებდა, ჯართის შემგროვებლებზე მაგნიტივით მოქმედებს.
ჯართის ბაზრის განვითარების ლოკომოტივი კი საქართველოში მოსახლეობის სიღატაკეა. ოფიციალური მონაცემებით უმუშევრობის დონე საქართველოში 16%-ზე ოდნავ მეტია, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რესპუბლიკის შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარს აჭარბებს. ამ 1.99 მილიონ ადამიანს სამუშაო ან საერთოდ არა აქვს ან მუშაობს არასრულ სამუშო დღეს. ამავდროულად, საქართველოს ბევრ ხანშიშესულ მცხოვრებს, ისეთს როგორიც გაიასტან შაქარიანია, რომლებიც ჩვეულებრივ შვილებთან და ახლო ნათესავებთან ერთად ცხოვრობენ, საკუთარი მიზერული 80 ლარიანი (48.78 დოლარი) სახელმწიფო პენსიების შევსება უწევთ.
გაიასტან შაქარიანის შვილმა სერგომ EurasiaNet.org-თან აღიარა, რომ მისი მოხუცი დედა ჯართს რეგულარულად აგროვებს, რომ ოჯახის ბიუჯეტი შეავსოს, მაგრამ მისი თქმით მას არ ეყოფოდა ძალა იმისთვის, რომ მიწაში ჩამარხული კაბელი ამოეთხარა ან ის ნიჩბით გადაეჭრა.
პენსიონერ ქალბატონს, რომელსაც 28 მარტს კომუნიკაციის კაბელის დაზიანებისთვის ახლა სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და უზარმაზარი ჯარიმა ემუქრება, ჯერ-ჯერობით თავისუფალია, მაგრამ ჟურნალისტებს არ ელაპარაკება, თუმცა მის წინააღმდეგ აღძრულმა სისხლის სამართლის საქმემ, როგორც სჩანს ჯართის სხვა შემგროვებლები ვერ დააშინა.
თბილისის შემოგარენში, ჯართის ჩაბარების ერთ-ერთი პუნქტის მეპატრონე თამაზიმ (ასე გაგვეცნო) გვითხრა, რომ ჯართის ჩასაბარებლად მასთან "ყველა ადგილიდან მოდიან, რეგიონებიდანაც კი". "ადამიანებს, რომლებსაც სახლში ორი ქვაბი აქვთ, ერთს იტოვებენ სადილის მოსამზადებლად, მეორე კი აქ მოაქვთ, რომ აღდგომის დღესასწაულისთვის კვერცხების და პასკების საყიდელი ფული იშოვნონ" – გვიყვება იგი, შემდეგ კი ერთ-ერთი ახალგაზრდასგან იბარებს პლასტიკის ჩანთას, რომელშიც ერთი შეხედვით დაჟანგული მილები ყრია. ახალგაზრდამ სწრაფად დატოვა პუნქტი მას შემდეგ, რაც ჯიბეში 20 ლარზე (12 დოლარი) ოდნავ მეტი ჩაიდო.
მაგრამ ამ ბიზნესით მხოლოდ ცალკეული ადამიანები არ ხეირობენ.
ქართველი ჯართის შემგროვებლები ჯართს მსხვილ სპეციალიზებულ პუნქტებში აბარებენ, რომლებიც ლითონს ჩვეულებრივ ყიდიან თურქეთის, ინდოეთის და ბანგლადეშის ქარხნებზე – ამბობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გაგნიძე. ეს თავის მხრივ ხელს უწყობს ქვეყნის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდას და სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირებას.
ამ ვაჭრობის საფუძველი ქარხნების ნარჩენებია, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლების დროს "ლითონის არანორმალური რაოდენობისგან" შენდებოდა – აღნიშნავს ეკონომისტი.
რუსთავის (დაჟანგული ყოფილი მეტალურგიული ცენტრის) ადგილობრივ მცხოვრებლებს კიდევ ახსოვთ ის დრო, როდესაც ერთი მშენებელი მუშა სარეზერვო ელექტრომომარაგების სისტემის კაბელებზე ფულის შოვნას შეეცადა. შეცდომით მან ისეთი კაბელი გადაჭრა, რომელმაც მთელი საწარმოო გააჩერა.
ჯართის შემგროვებლების უმრავლესობა სასოწარკვეთილია – აღნიშნავს ჯართის პუნქტის მესაკუთრე თამაზი. "ეს ადამიანები სიღატაკეში ცხოვრობენ~ – ამბობს იგი – `მათ რომ სამუშაო ჰქონდეთ ისხდებოდნენ სამსახურებში და ხელფასს მიიღებდნენ. ვის მოუნდება ჭუჭყში ქექვა?"