
საზოგადოებრივი მოძრაობა "პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს" უკვე ერთ წელიწადზე მეტია სწავლობს საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ სიტუაციას. ამ ხნის მანძილზე მოძრაობის წევრებმა ბაზარზე დააფიქსირეს რამდენიმე ტიპის სერიოზული გადაცდომა, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია თავისუფალი კონკურენციის პრინციპების სრული იგნორირებით.
აღნიშნული პრობლემა ეხება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, საწვავის ხარჯი აისახება ნებისმიერი სახის საქონლისა და მომსახურების ფასწარმოქმნაში, შესაბამისად, მოძრაობის წევრების მიერ დაფიქსირებული პრობლემები აზარალებს არა მხოლოდ მძღოლებს და მათ, ვინც საწვავს უშუალოდ მოიხმარს, არამედ ისეთ ადამიანებსაც, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან ან უბრალოდ ყიდულობენ პურს.საწვავის საცალო ბაზარზე რამდენიმე მსხვილი მოთამაშე ოპერირებს. ეჭვებს ამ ბაზარზე არსებული არაჯანსაღი კონკურენციის შესახებ, კომპანიების მიერ იდენტური საფასო პოლიტიკის გატარება იწვევს.
პირველი, ბაზარზე არსებულ ყველა კომპანიას თითქმის ერთნაირი ფასები აქვთ და მეორე, ფასების ცვლილება დროში ზუსტად ემთხვევა. საწვავის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის არსებობის შემთხვევაში, მსგავსი სიტუაციის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იქნებოდა.თავად კომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა კომპანიას სხვადასხვა ქვეყნიდან შემოაქვს საწვავი ("ვისოლი" - იტალიიდან, "რომპეტროლი" -რუმინეთიდან, `სოკარი~ - აზერბაიჯანიდან, "ეკო" - საბერძნეთიდან, "ლუკოილი" - ბულგარეთიდან).
მხოლოდ ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინება, უკვე იძლევა იმის თამამად თქმის საფუძველს, რომ საქართველოში ევროპიდან და აზერბაიჯანიდან შემოტანილი საწვავი ერთი და იგივე ფასი არ უნდა ღირდეს. იმავე ტრანსპორტირების ფაქტორის გათვალისწინების შემთხვევაში, საფასო პოლიტიკის დროში დამთხვევაც წარმოუდგენელია. აქედან გამომდინარე, იბადება საფუძვლიანი ეჭვი საწვავის ბაზარზე არსებული კარტელური გარიგების შესახებ. ანუ ხდება გარიგება კომპანიებს შორის, მოგების მაქსიმიზების მიზნით.
ბაზარზე არსებული კარტელური გარიგება, ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში ნავთობიმპორტიორთა წარმომადგენელმა, "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის" თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმაც აღიარა. 2009 წლის 5 ნოემბერს "ბანკები და ფინანსებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბატონი მთვრალაშვილი აცხადებს, - "ადგილობრივ ბაზარზე გარკვეული ხარისხის ნავთობმა 5-10 თეთრით მოიმატა. ერთი შეხედვით ეს მატება ვითომ არაფერია, მაგრამ როდესაც მომხმარებელი არჩევანს აკეთებს, მისთვის 5 თეთრიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ლოგიკურია, ამ ლოგიკით კი ნავთობპროდუქტებზე ერთნაირი ფასი უნდა იყოს”. ბატონ ვანოს ტერმინი "კარტელური გარიგება" არ უხსენებია, მაგრამ ეკონომიკის ელემენტარული პრინციპების ცოდნაც კი საკმარისია, რომ ბატონი ვანოს მიერ აღწერილი სიტუაცია, კარტელური გარიგებაა.
საწვავის ბაზარზე არსებულ სიტუაციას პირდაპირ უწოდა კარტელური გარიგება საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა რამდენიმე კვირის წინ, 2011 წლის 4 მარტს ტელეკომპანია "კავკასიის" გადაცემა "ბარიერის" ეთერში. ამ სიტუაციაში საინტერესოა "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის" პოზიცია. ორგანიზაცია, რომელსაც საზოგადოების წინაშე აღებული აქვს პასუხისმგებლობა, აწარმოოს მუდმივი დაკვირვება საწვავის ბაზარზე, გააკეთოს კვლევები და პრობლემები დასვას საზოგადოებისა და შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების შესახებ, პრაქტიკულად, არაფერს აკეთებს და მხოლოდ მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როდესაც ნავთობიმპორტიორების ინტერესებია დასაცავი.
ბოლო წლების განმავლობაში კავშირის თავმჯდომარეს, ბატონ ვანო მთვრალაშვილს არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება, რომელიც საწვავის ბაზარზე არსებულ თუნდაც მცირე დარღვევას ეხებოდა, არა და ამ ორგანიზაციის სახელწოდებიდან ჩანს, რომ ის ნავთობპროდუქტების მომხმარებელთა დაცვასაც იღებს თავის თავზე.განსაკუთრების საინტერესო სიტუაციაა შექმნილი დიზელის ბაზარზე. სწორედ აქ ფიქსირდება მსოფლიოში უპრეცედენტო სიტუაცია, დიზელის საწვავი ბენზინზე ძვირი ღირს. ვერავინ დაასახელებს ქვეყანას, სადაც მსგავსი სიტუაციაა, ისევ "ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის" ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 11 აპრილის მონაცემებით, ბენზინის საერთაშორისო ფასი 5.3%-ით აღემატება დიზელის ფასს, ამასთან უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში 1 ტონა დიზელზე აქციზის გადასახადი 20%-ით ნაკლებია 1 ტონა ბენზინთან შედარებით.
(დიზელისა და ბენზინის ფასების შეფარდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში:
მოლდოვა - დიზელი 12%-ით იაფია, უკრაინა - დიზელი 12%-ით იაფია, სომხეთი -
დიზელი 24%-თ იაფია, ბელორუსია - დიზელი 20%-ით იაფია, რუსეთი - დიზელი 20%-ით იაფია, ყაზახეთი - დიზელი 18%-ით იაფია, Aზერბაიჯანი - დიზელი 24%-ით იაფია)
საქართველოში დღეს დიზელი ბენზინზე 4.5% ძვირია!!!როგორც ვიცით, დიზელზე მუშაობს სასოფლო სამეურნეო ტექნიკის ძირითადი ნაწილი, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თითქმის ყველა სახის მსხვილი გადამზიდავი თუ წვრილი სადისტრიბუციო ტრანსპორტი. შესაბამისად, დიზელის ფასებთან დაკავშირებული სიტუაცია, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრობლემად უნდა ჩავთვალოთ. მით უფრო, როდესაც ბოლო პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში წამყვან ადგილს სოფლის მეურნეობა იკავებს.
დიზელთან დაკავშირებით, კიდევ ერთი საკითხია საინტერესო, - თუ როგორ ხდება დიზელის საწვავის შესყიდვა მუნიციპალური ორგანოების მიერ.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი გულისხმობს, რომ თუ საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ხორციელდება 1 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების შესყიდვა, მაშინ უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ტენდერი.ბუნებრივია, დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი ერთი წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საწვავს მოიხმარს.
შესაბამისად, მუნიციპალურ ორგანოებს, აქვს საშუალება, უკეთესი შემოთავაზების პირობებში, საწვავი სხვა ქვეყანაში მოქმედი კომპანიისგან პირდაპირ შეიძინოს. რატომ არ აკეთებს ამას, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში უაღრესად საინტერესოა?! მით უფრო, როდესაც აზერბაიჯანში დიზელის თუნდაც საცალო ფასად შესყიდვა, სახელმწიფოს მნიშვნელოვან თანხებს დაუზოგავს.
ლევან მარტაძე