რით დააზარალებს საქართველოს ქართულ-ებრაული ურთიერთობების ჩიხი1991 წელს ებრაელი ბიზნესმენი რონი ფუქსი საქართველოში რამდენიმემილიონიანი ინვესტირებისთვის ჩამოვიდა, მთავრობის წევრებსა და "საქნავთობის" ხელმძღვანელს შეხვდა და წლისთავზე "ტრამექსმა" საქართველოში არსებულ ყველა მილსადენზე ექსკლუზიური უფლება მოიპოვა. 1996 წელს, მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა, საქართველოს ხელისუფლებამ "ტრამექსთან" ხელშეკრულება გაწყვიტა, რის გამოც "ტრამექსის" მეწილეებმა საქართველოს ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლეს და 2010 წლის თებერვალში ჩვენს ქვეყანას 98 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა "ტრამექსის" სასარგებლოდ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მოგებული თანხის გამო მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრის მოადგილესა და დაკავებულ პირებს შორის. მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებამ იმ მიზეზით დაიწყო, რომ 98 მლნ-ის ნაცვლად უფრო ნაკლები, დაახლოებით 50-დან 85 მლნ-მდე გადაეხადა. ბიზნესმენმა ზეევ ფრენკელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან ავთანდილ ხარაიძისგან ქრთამის სახით 5 მილიონი დოლარი მოითხოვა, თუკი საქართველოს მთავრობა საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებდა. 2010 წლის 15 სექტემბერს რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი სტამბოლში შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და ამჯერად 7 მილიონი დოლარი შესთავაზეს, რის შემდეგაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბიზნესმენები 72 მილიონით დაკმაყოფილდებოდნენ იმ პირობით, რომ თანხის გადახდას საქართველო არ გააჭიანურებდა.
ებრაელი ბიზნესმენების მტკიცებით, 72 მილიონიდან 65-ს ბიზნესმენები პირადად მიიღებდნენ, მაგრამ იმისათვის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს საზოგადოებისთვის აეხსნა, რატომ იხდიდა სახელმწიფო ამხელა თანხას, პიარ-აქცია დაიგეგმა და უნდა გამოცხადებულიყო, რომ 7 მილიონ დოლარს ანუ გადახდილი თანხის ნაწილს, ბიზნესმენები ისევ საქართველოში დატოვებდნენ ინვესტიციის სახით. ამის შემდეგ, რონი ფუქსი პრემიერმა ნიკა გილაურმა საქართველოში მოსალაპარაკებლად ოფიციალურად მოიწვია. რონი ფუქსი საქართველოს ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებდა და გარანტიებს ითხოვდა. ამის გამო პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად, ხელმოწერით დადასტურებული პერსონალური მოსაწვევი გაუგზავნა და პირად სტუმრად მოიწვია. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ებრაელი ბიზნესმენები დაეკავებინათ და ბრალი დაედოთ შეთანხმებული 72 მილიონიდან 7 მილიონის ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამად შეთავაზების გამო.
უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაისჯება ყველა, ვინც კორუფციულ სქემაში შესვლას ეცდება. მიუხედავად იმისა, პრემიერ–მინისტრის მოწვევა აქვს თუ არა იმ ბიზნესმენს, ეს მას არ იცავს და მისთვის არ არის იმუნიტეტი, რომ მერე ნებისმიერი გარიგებით და ქრთამის შეთავაზების ხარჯზე გამოსძალოს სახელმწიფოს ათობით მილიონი დოლარი.
"ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, რომელიც ეცდება კორუფციულ სქემაში შესვლას, შეეცდება სახელმწიფო მოხელის მოქრთამვას, დაისჯება შესაბამისად. მნიშვნელობა არ აქვს, ვისი მოწვევით იქნება ის, პრემიერის, თუ ვინმე სხვისი", - განმარტა ნიკა გილაურმა.
როგორც ფუქსმა სასამართლოს განუცხადა, მას ქრთამი არავისთვის შეუთავაზებია და მისი დაპატიმრებით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს უარი ათქმევინოს იმ 98 მილიონზე, რომელიც საქართველოს საერთაშორისო-საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.
ფუქსის თქმით, მათ დასაკავებლად ერთიანი სამოქმედო გეგმა იყო შემუშავებული, რომელშიც ქართველი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, მათ შორის პრემიერ–მინისტრი ნიკა გილაურიც. სასამართლომ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და არ მისცა საშუალება პროცესზე საქმეში ჩართული პრემიერ-მინისტრი და სხვა მაღალჩინოსნები დაეკითხა.
ამის მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ებრალი ბიზნესმენების საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზეევ ფრენკელი დამნაშავედ სცნეს და მას 6 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე დაეკისრა ჯარიმა - 100 ათასი ლარი.
რონი ფუქსს, ამავე მუხლის შესაბამისად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მისთვის ჯარიმის ოდენობა ნახევარი მილიონი ლარით განისაზღვრა.
ებრაელ ბიზნესმენებს უფლება აქვთ ერთი თვის ვადაში განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრონ, ასევე შეწყალებისთვის მიმართონ საქართველოს პრეზიდენტს.
განსასჯელების ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ საქმის მასალების თანახმად, დანაშაულის პროვოცირებისა და ბიზნესმენების დაკავების მიზნით სპეცოპერაცია ჯერ კიდევ 2010 წლის აგვისტოში დაიწყო. გამოძიებას ვერსიით, ბიზნესმენების საქმეზე ოფიციალური გამოძიება 2010 წლის 2 სექტემბრიდან მიმდინარეობს, მაშინ როცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძემ თანამშრომლობის სურვილით მიმართა მთავარ პროკურატურას.
საბოლოო სიტყვით სასამართლოს წინაშე წარდგომისას, რონი ფუქსმა განაცხადა, რომ მათ წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა საქართველოს რეპუტაციას ავნებდა.
ებრაელი ბიზნესმენების დაკავებამ საქართველოს სიტუაცია მართლაც გაართულა. ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გაეხვია. ჯერ იყო და, ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა საქართველოს პრესიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სიტუაციაში გარკვევა სთხოვა, შემდეგ კი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინა ებრაელი ბიზნესმენები და იქვე დასძინა, რომ ებრაელი ბიზნესმენების დაპატიმრება გაართულებდა ორი ქვეყნის ურთიერთობას.
იცოდა თუ არა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა, როდესაც ის ეპატიჟებოდა ებრაელ ბიზნესმენებს საქართველოში, რომ ისინი საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში იქნებოდნენ დაპატიმრებული? თუ არ იცოდა, ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ ჰქონდა უწყებებიდან ინფორმაცია და თუ იცოდა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიზნესმენები ჩამოიყვანა სწორედ დასაპატიმრებლად. ამ ფაქტმა შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმდენად დაამძიმოს, რომ ისრაელმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიაროს. სტატუს კვო შეიცვალა - ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დაიძაბა, სამაგიეროდ, აფხაზეთთან ურთიერთობების საკითხი აქტუალურ ფაზაში შევიდა.
კულუარული ინფორმაციით კი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის წარმომადგენლები კონფიდენციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდნენ, დელეგაცია 7 წევრისგან შედგებოდა, მაგრამ ისრაელში ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს.
მართალია, ისრაელს აფხაზეთი აღიარების საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, თუმცა საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების - რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი დაკავების შემდეგ საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობები დაიძაბა, ამის ფონზე ებრაულმა მხარემ დავით ბაქრაძისა და ვერ ქობალიას ვიზიტებიც კი გააუქმა.
ნინო თამაზაშვილი