კურორტზე არსებული კომპლექსი ორი თვის წინ დარეგისტრირებულ კომპანიას 1 ლარად გადასცეს"სანატორიუმების რესტავრაციის პროცესი უნდა დავიწყოთ, სადაც ადამიანებმა უნდა დაისვენონ", - განაცხადა პრეზიდენტმა, როცა 2010 წელს ბაღდათის რაიონში "კურორტი საირმე" დაათვალიერა. სააკაშვილი ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებსაც შეხვდა და პირადად მოისმინა, თუ რა პრობლემები არსებობს კურორტზე. ამ პრობლემების გადასაჭრელად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მარტივ ხერხს მიმართა, - კურორტი იაფად გაყიდა, ვალდებულებები კი ინვესტორს გადააბარა.
ამორტიზირებული შენობების, სახეშეცვლილი სასტუმროების და სანატორიუმის ადგილას, მალე, მაღალი კლასის სასტუმროები და თანამედროვე სპა-ცენტრი აშენდება, განახლდება ძველი შენობები, მოპირკეთდება საირმის წყაროები. მიმდებარე ტერიტორიაზე სადამკვირვებლო კოტეჯიც დამონტაჟდება, - ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც "საირმის განვითარების კომპანიამ" უნდა განახორციელოს, მას შემდეგ რაც კურორტი მისი საკუთრება გახდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით გიორგაძემ განაცხადა, "კურორტი საირმე" ინვესტორმა სიმბოლურ ფასად მიიღო, რის სანაცვლოდაც ინვესტორი ვალდებულია კურორტის განვითარებისათვის 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
მთავრობამ "კურორტი საირმის" "საირმის განვითარების კომპანიისთვის" პირდაპირი მიყიდვის საკითხი ორჯერ განიხილა. საპრივატიზაციო გეგმის პირველი ვარიანტის თანახმად, "საირმის განვითარების კომპანიას" კურორტის სანაცვლოდ 60 ათასი ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა, ბოლოს მთავრობამ გეგმა შეცვალა და საპრივატიზაციო გეგმის მეორე ვარიანტის მიხედვით, ინვესტორი ობიექტში სიმბოლურ ფასს, 1 ლარს გადაიხდის.
გაწერილი გეგმის თანახმად, "საირმის განვითარების კომპანია" ვალდებულია კურორტის რეაბილიტაცია 2012 წლის ბოლომდე ეტაპობრივად განახორციელოს.
ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ "საირმის განვითარების კომპანია" ვალდებული იქნება ასევე საირმის მინერალური წყლით სარგებლობის დამოუკიდებელი და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფად საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყოს.
ერთი შეხედვით ყველაფერი მარტივადაა, თუმცა, ამ თემის ირგვლივ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ რეალურად `საირმის განვითარების კომპანიის~ შესახებ ინფორმაციის მოპოვება ეკონომიკის სამინისტროდან შეუძლებელი აღმოჩნდა. საგულისხმოა, რომ კომპანია, რომელმაც 10 მილიონიანი ვალდებულება აიღო, მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც პრეზიდენტმა საირმის მოწყობა `ბრძანა~. შპს `საირმის განვითარების კომპანია~ 2010 წლის 13 დეკემბერს არის დარეგისტრირებული.
სხვადასხვა ტენდერებსა და აუქციონებში გასამარჯვებელი კომპანიების სახელდახელოდ შექმნა და მათთვის სერიოზული რესურსების გადაცემა, ბოლო დროის ჩვეულებრივი მოვლენაა. ასეთი სიტუაციაში იბადება ეჭვი იმის შესახებ, რომ მარტივი მაქინაციით ვიღაცას ხელის მოთბობა სურს. `კურორტი საირმეს~ 1 ლარად გასხვისების შემთხვევაშიც საქმე, დიდი ალბათობით, მსგავს შემთხვევასთან გვაქვს.
გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ "ახლადგამოჩეკილი“ "საირმის განვითარების კომპანია“ არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამას – ნიკოლოზ სააკაშვილს ეკუთვნის. ასეთ შემთხვევაში, ალბათ, გასაკვირი არცაა, რატომ გადაწყვიტა ეკონომიკის სამინისტრომ კურორტის 1 ლარად გაყიდვა. თუმცა, რეგისტრაციის თანახმად შპს "საირმის განვითარების კომპანიის" უფლებამოსილი პირი ნუგზარ მაღლაკელიძეა, ერთ-ერთი პარტნიორი კი შპს "თეგეტა მოტორსის" წარმომადგენელი თემურ კოხოძე.
თუ ვისი საკუთრება გახდა უნიკალური კურორტი, მრავალ კითხვას ბადებს, თუმცა, ფაქტი ერთია, თავდაპირველად, დედაქალაქის გარეუბანში ოროთახიანი ბინის ფასად შეფასებული კურორტი, 1 ლარად გაიყიდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტის შესავსებად ყველას ტყავი უნდა გასძვრეს (სხვადასხვა მიზეზით) და თუ მაინც ვყიდით, განა საირმის ფასი არ წაადგებოდა ბიუჯეტს? ახლა წარმოიდგინეთ, 30 ლარიანი ვაუჩერით რამდენი კურორტის ყიდვა შეგვიძლია.
საინტერესოა, რომ მსგავსი მეთოდით გაყიდულ აქტივებს შორის საირმე პირველი არ არის. მთავრობა დღეს ჩალის ფასად ყიდის ამ უნიკალურ კურორტს, იქ არსებულ ინფრასტრუქტურას და ირწმუნებ, რომ მათ ადგილს მაღალი კლასის სასტუმროები და საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი კომპლექსები დაიკავებს. ასეთ შემთხვევაში, ხშირად ხდება, რომ თანამედროვე ინვესტიციის ჩადებისა და ფულის მოზიდვის ნაცვლად, ინვესტორი არსებულ ინფრასტრუქტურასაც ანადგურებს.
საირმის ისტორია ძალიან ჰგავს, წლების წინ ლიკანში განვითარებულ ისტორიას. ბორჯომ-ლიკანის ყოფილი კომპლექსი, რომელიც დსთ-ს სივრცეში უნიკალურად მიიჩნევა და 2006 წელს ჩალის ფასად ყაზახებმა იყიდეს, დაანგრიეს და მიატოვეს. "ყაზმუნაიგაზის“ მფლობელებმა ჯერ კიდევ 5 წლის წინათ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ირაკლი ჩოგოვაძეს მისცეს პირობა, რომ ლიკანის საკურორტო კომპლექსს საერთაშორისო სტანდარტებით მოაწყობდნენ, შემდეგ მორიგი პირობები მორიგ მინისტრებთან დაიდო - ჯერ, ლაშა ჟვანიასთან, შემდეგ ზურაბ პოლოლიკაშვილთან, მაგრამ ყაზახი ინვესტორები - მთავრობის წინაშე აღებულ ვალდებულებას ძველებურად არ ასრულებენ.
მსგავსი ტიპის "ქველმოქმედება" ჩვენი მთავრობისთვის უცხო არ არის, ამიტომ გამორიცხული არ არის „საირმის“ რეაბილიტაციაც დროში გაიწელოს, თანაც, როდესაც კურორტი მხოლოდ 1 ლარად გაიყიდა. მანამდე კი მთავრობა საირმის მიწებს მაღალ ფასად გაყიდის, იმ მარტივი მიზეზით, რომ "მალე" ეს ადგილი ტურისტებისთვის და არა მარტო მათთვის მიმზიდველი იქნება.
ნინო თამაზაშვილი