"არა" ელიტარული კორუფციის წინააღმდეგ ილაშქრებსმდიდარ ჩინოვნიკთა წინააღმდეგ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს დაიწყო, მაშინ, როდესაც მთავრობის სხდომაზე შოთა მეფარიძისა და სოსო ალავიძის ფეშენებელური სახლების სურათები ცხვირწინ უფრიალა შევარდნაძეს.
2011 წლის 11 თებერვალს კი პარლამენტში პრეზიდენტმა თავისი მმართველობის კიდევ ერთი წელი შეაფასა და "ვარდების რევოლუციის" მთავარ დამსახურებად ქვეყანაში კორუფციის დამარცხება გამოაცხადა, იქვე სიამაყით აღნიშნა "ხალხმა უნდა იცოდეს, საით მივდივართ და რომ ეს კურსი გაგრძელდება" ხოლო, როდესაც პარლამენტარმა გურამ ჩახვაძემ ელიტარული კორუფცია ახსენა, პრეზიდენტმა ის შეაჩერა და უთხრა: "აი, აქ ზის საქართველოს ელიტა და დაასახელეთ კორუმპირებული ჩინოვნიკებიო", თან ღიმილით დასძინა: "მე, როცა შევარდნაძის მთავრობას ბრალს ვდებდი, მისი ნათესავების და მთავრობის წევრთა ფოტოებს ვაფრიალებდიო", - მაშინ ჩახვაძემ უკან დაიხია. თუმცა, პრეზიდენტს პასუხი არასამთავრობო ორგანიზაცია "არა"-ს წევრებმა გასცეს და მოაწყვეს გამოფენა, სადაც წარმოადგინეს "ნაციონალური მოძრაობის" იმ მაღალჩინოსანთა ფეშენებელური სახლების ფოტოები, რომლებიც წინა მთავრობისგან განსხვავებით `ანგელოზებივით" შორს დგანან კორუფციისგან და არ ფლობენ მილიონიან კაპიტალს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ათეულობით ჰექტარზე გადაჭიმული 3-4 სართულიანი, სასტუმროს ტიპის კომფორტული შენობები. სახლები კი არა, სასახლეები. რამდენიმე მათგანს ბრტყელი სახურავი აქვს. არქიტექტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი გადახურვა ვერტმფრენების დასაჯდომ მოედანს წარმოადგენს და უმაღლესი კლასის მაჩვენებელია.
ვის ეკუთვნის ფეშენებელური სასახლეები? - ამ კითხვაზე "არა"-ს დარწმუნებით შეუძლია პასუხის გაცემა. მათი მფლობელები სწორედ კორუმპირებული ჩინოვნიკებია, რომლებმაც ხალხის ჯიბიდან მოპარული მილიონები მიითვისეს. საკუთარი თუ ნათესავებისთვის შექმნილი ტკბილი ცხოვრება, საზღვარგარეთ შეძენილი კომფორტი, თავისთვის გადმოიტანეს საქართველოში, ხალხი კი ცრუ დაპირებებით აავსეს.
არასამთავრობო ორგანიზაციამ, საქართველოში არსებული ნებისმიერი პარტიისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ ერთ კვირაში მოიპოვა საჭირო ინფორმაცია და ბრალს დებს ხელისუფლებას, პარლამენტს, მინისტრთა კაბინეტს, მთელ უმაღლესი რანგის ჩინოვნიკებს, ხალხის გაძარცვა-გაყვლეფაში, მათ მოტყუებასა და აბუჩად აგდებაში.
მათი ბრალდება უფრო რეალური ხდება მას შემდეგ, რაც ვეცნობით, რომ ახალ უმაღლეს ელიტას 2003 წლამდე არ ჰქონდათ ფოტოებზე წარმოდგენილი სახლები, ისინი საერთოდ არ არსებობდნენ და თუ რომელიმე მათგანი იყო აშენებული, იგი არცერთი ჩინოვნიკის საკუთრებას არ წარმოადგენდა.
"არა"-ს აქვს ინფორმაცია რამდენიმე სახლზე, რომლებიც მაღალჩინოსანთა უახლოეს ნათესავებზეა გადაფორმებული. ერთ-ერთი ფეშენებელური სახლი დავით ბაქრაძის სიმამრის სახელსაა ამოფარებული, ზოგიერთი კი ჯერ-ჯერობით არც არის დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში, თუმცა მეზობლებისა და სხვა თვითმხილველთა განცხადებით ეს სახლები სწორედ აღნიშნულ ჩინოვნიკებს ეკუთვნის.
"ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენ ნათქვამზე და ვაცხადებთ: ამ ფეშენებელური სახლების მფლობელები ბეჟუაშვილი, ჩოჩელები, ცისკარიშვილები და სხვა "პატიოსანი" ელიტარული ჩინოვნიკებია. კეზერაშვილის ვინაობა კი იმ მუშებმა დაგვიდასტურეს, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ. რაც შეეხება ბარამიძეს, ეს არაჩვეულებრივი სახლი 2008 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ალბათ, არჩევნების დროს გაწეული წვლილისთვის მადლობის ნიშნად გადაეცა.
ჩვენ ბრალს ვდებთ მთავრობას, მის წევრებს და ველოდებით მათ გამოხმაურებას. ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ ეს ადამიანები რეალურად არ ზრუნავენ უსახლკარო და ნაგვის ურნებით "გამოკვებილ" თანამოაქალაქეებზე. ამიტომ მივიტანეთ აღნიშნული ფოტოები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს მერიაშიც, კანცელარიაში და პარლამენტშიც. მივიღეთ დაპირებები და მეტი არაფერი.
ყველა სახლი, გარდა ბარამიძის სახლისა, ამ ერთი კვირის განმავლობაშია გადაღებული. ჩვენ ვაპირებთ ტაბახმელაში, კიკეთში, ცხვარიჭამიაში და სხვა ადგილებში არსებული ძალიან დიდი ვილების ფოტოების გამოფენასაც.
მიხეილ სააკაშვილის "სახლის" დაფიქსირების საშუალება დაცვის წევრებმა არ მოგვცეს. გვითხრეს - "შეგვიძლია პერიმეტრის დარღვევაში დაგადანაშაულოთო". "მადლობა მათ, რომ უკანონოდ არ დაგვიჭირეს მაინც", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "არა"-ს ხელმძღვანელი ლევან ჩიტაძე.
"არას" თანათავმჯდომარის ზაზა სვანაძის განცხადებით კი, ერთი კვირის განმავლობაში გადაღებული სასახლეებიდან, ყველაზე შთამბეჭდავი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ქონება იყო, რომელიც თბილისში, სიხარულის ქუჩაზე შენდება.
გამოფენაზე დავით ბაქრაძის, ძმები ბეჟუაშვილების, პეტრე ცისკარიშვილის, გიორგი ბარამიძის, ვანო მერაბიშვილის, კახა ბენდუქიძის, ცეზარ ჩოჩელის, გიორგი არველაძის, კოტე კუბლაშვილის და დავით კეზერაშვილის სახლების ფოტოები იყო წარმოდგენილი.
არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოფენაზე წარმოადგინა ასევე საქართველოს რიგითი მოქალაქეების ამორტიზირებული ბინები, დაბზარული შენობები, გაღატაკებული ადამიანების საცხოვრებელი სახლები, რეალურად როგორიცაა "ვარდების რევოლუციით" "აყვავებული" საქართველო.
"ამ ადამიანების დახმარების თხოვნით ჩვენს პრეზიდენტს, მთავრობას და საკრებულოს მივმართეთ, თუმცა უშედეგოდ. უსახლკარო ადამიანების არსებობა ხელისუფლებას არ ადარდებს, ხოლო ჩინოვნიკების სახლები კატასტროფული სისწრაფით შენდება", - განაცხადა ლევან ჩიტაძემ.
რუსუდან გაბესკირია