
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ქვეყანაში მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ როლს ასრულებს. პირველ რიგში, უზრუნველყოფს დასაქმების პრობლემას, ასევე ზრდის კონკურენტულ გარემოს და მხარს უჭერს სოციალური უთანასწორობის შერბილებას. აქედან გამომდინარე, მცირე და საშუალო ბიზნესს, როგორც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ინდიკატორს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ სფეროს განვითარებისთვის კი, პირველ რიგში საჭიროა, სახელმწიფოს მხარდაჭერა.
2008 წლიდან საქართველოს მთავრობა მცირე და საშუალო ბიზნესს "იაფი კრედიტის" პროგრამას სთავაზობს. მაგრამ დღეს, იაფი სესხით დაწყებული და განვითარებული ბიზნესის ნახვა, ცოტა რთულია, რადგან მხოლოდ ერთეულებმა თუ შეძლეს ამ პროექტით სარგებლობა.
თბილისის მერია ბიზნესს 2011 წლის იანვრიდანაც უზრუნველყოფს "იაფი კრედიტით". "იაფი კრედიტით" სარგებლობას მხოლოდ თბილისში რეგისტრირებული ბიზნესი და ბიზნესის დაწყების მსურველი პირები შეძლებენ.
თბილისის მერიამ, "იაფი კრედიტის" ფარგლებში, საკუთარი ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარი გამოყო. სესხის მაქსიმალური ოდენობა, თითოეულ პირზე, 150 ათასი ლარით, საპროცენტო განაკვეთი კი 6%-ით განისაზღვრება. მეწარმემ სესხი სამოცი თვის განმავლობაში უნდა დაფაროს.
"იაფი კრედიტის" პროექტში თბილისის მერია რამდენიმე კომერციულ ბანკთან თანამშრომლობს. ეს ბანკებია – "საქართველოს ბანკი", "ტაო პრივატ ბანკი", "ბაზის ბანკი" და "ლიბერთი ბანკი". "ბანკები ხედავენ, რომ თბილისის მერია საიმედო პარტნიორია, რომ ჩვენი მიზანი ეკონომიკის, მცირე ბიზნესის განვითარებაა. ფაქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მათი კლიენტები უფრო წელში გამართულნი იყვნენ და შემდგომ უფრო მაღალი პროცენტის გამო მივიდნენ მათთან", - აღნიშნავს თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ზვიად არჩუაძე.
არჩუაძის განმარტებითვე, პროექტი აპრობირებულია, ერთ-ერთ სიახლეს კი თბილისის მერიის თანამშრომლობა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან წარმოადგენს, რომელიც "იაფი კრედიტის" პროექტში მონაწილეებს ბანკებთან ურთიერთობაში ლობირებას გაუწევენ.
2011 წლის "იაფი კრედიტის" პროგრამა სოციალური წარმოების განვითარებასაც ითვალისწინებს. თბილისის მერია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ევრაზიის ფონდთანაც თანამშრომლობს. სოციალური საწარმოს შექმნით ან გაფართოებით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდში შეიტანონ საპროექტო განაცხადი საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად და "იაფი კრედიტის" პროგრამის ფარგლებში თბილისის მერიისგან თანადაფინანსებისთვის მიიღონ სესხი. იმ ბიზნესებს კი, რომელთაც იაფი სესხი სურთ, მაგრამ სოციალურ პროფილის მქონენი არ არიან, ბიზნეს-პროექტი თბილისის მერიას უნდა წარუდგინონ.
საწყის ეტაპზე ევრაზიის ფონდი შესულ პროექტს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად ატარებს იგი სოციალურ ხასიათს, ბანკი კი ბიზნესრისკებს - იქნება თუ არა ინიციატივა მომგებიანი. დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, მერია გასცემს სესხს, ევრაზიის ფონდი კი გრანტს.
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი "იაფი კრედიტის" ფარგლებში 50 ათას ლარს გამოყოფს, გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10 ათასი დოლარია. გრანტის მისაღებად აუცილებელი მოთხოვნაა, რომ პროექტის ღირებულების მინიმუმ 30% სესხით შეივსოს.
"იაფი კრედიტის" პროექტის დაწყებიდან უკვე ორი თვე იწურება, მაგრამ ამ დრომდე არც თბილისის მერიაში და არც ევრაზიის ფონდში განაცხადი არ შესულა. "ჯერჯერობით განაცხადები არ შემოსულა, მაგრამ იმედი გვაქვს, ინიციატივა წარმატებული აღმოჩნდება და ბევრ ადამიანს დაეხმარება. ამასთან, დამატებით არაერთი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ჩვენთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმება ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნავს ზვიად არჩუაძე.
იგივეს აცხადებენ ევრაზიის განვითარების ფონდშიც. "განაცხადებით შეუძლიათ მიმართონ პირდაპირ მერიას, რომელშიც შეუძლიათ მიუთითონ, თუ სოციალური მეწარმეობა აინტერესებთ, ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის განაცხადები გადმოიგზავნება ჩვენთან. დღეის მდგომარეობით მერიაში განაცხადი არ არის შესული და ჩვენთვისაც უშუალოდ ოფიციალური განცხადებით არავის მოუმართავს”, - განმარტავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის მენეჯერი ვიქტორ ბარამია.
როგორც ჩანს, ბიზნესი ხელისუფლებას აღარ ენდობა. "იაფი კრედიტის" ფარგლებში, მათ იაფი რესურსის ათვისებასთან ერთად, 10 ათას დოლარამდე გრანტის მიღებაც შეუძლიათ, მაგრამ პროექტით მაინც არ ინტერესდებიან.
მიზეზად, პირველ რიგში, უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ინფორმაციულობის თვალსაზრისით "იაფი კრედიტის" პროგრამის გაშუქება ძალიან დაბალ დონეზეა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მერიას არც თუ დიდი სურვილი აქვს იაფი სესხები გასცეს.
მთავარ პრობლემას კი წარმოადგენს, მოსახლეობის უნდობლობა მერიის მიერ შეთავაზებული პროექტების მიმართ, რადგან ქვეყანაში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ "თავისიანებს" ეხმარებიან.
და ბოლოს, გასათვალისწინებელია მეწარმეობის მდგომარეობა საქართველოში, სადაც გაკოტრებული მეწარმე უფრო მეტია, ვიდრე მოქმედი. როდესაც მოსახლეობა ხედავს, რომ ნაცნობ ბიზნესმენებს საგადასახადო ზეწოლით კარგი დღე არ ადგებათ, სურვილი აღარ უჩნდებათ ბიზნესსაქმიანობა აწარმოონ, თუნდაც "იაფი კრედიტისა" და გრანტების შეთავაზების პირობებში.
თეონა ჭიტაძე