ინტერვიუ ა/ო "საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის" თავმჯდომარესთან ზვიად კამკამაძესთან- ბატონო ზვიად, რას გვეტყვით თქვენი ასოციაციის შესახებ. როდის შეიქმნა, ვინ არიან მისი დამფუძნებლები, რას საქმიანობთ, თუ არიან მცირე და საშუალო მეწარმეები თქვენი ორგანიზაციის წევრები და რა რაოდენობით?- 2010 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად დავაფუძნეთ "საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია'. ასოციაციის დამფუძნებლები ჩემთან ერთად, გიორგი ლორთქიფანიძე, გიორგი ქავთარაძე და ბაქარ გელაშვილი არიან. ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესმენებს სთავაზობს მათი პრობლემების მიტანას სახელმწიფო სტრუქტურებამდე, მათი შემდგომში გადაჭრის მიზნით, ჩვენი კომპანია 50-მდე მცირე ბიზნესმენს და ფიზიკურ პირს აერთიანებს, ამჟამად ეს რიცხვი ყოველდღე იზრდება, რადგან ჩვენთან რეგისტრაცია უფასო გახდა.
- როგორ შეაფასებდით დღეისათვის მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობას საქართველოში?- ძალიან მძიმედ, რადგან საშინელი მონოპოლია სუფევს ბაზარზე, ამას ემატება მაღალი გადასახადები, რაც პრაქტიკულად, განვითარების საშუალებას არ აძლევს მცირე და საშუალო ბიზნესს.
- როგორ შეაფასებდით 2011 წლის 1 იანვარს ამოქმედებული საგადასახადო კოდექსით მიკრო და მცირე ბიზნესისთვის განხორციელებულ ცვლილებებს, საერთოდ, როგორ ფიქრობთ, დღევანდელი კოდექსი რამდენად პასუხობს მცირე და საშუალო მეწარმეთა გამოწვევებს?- მცირე ბიზნესისთვის სასიკეთოდ არაფერი შეცვლილა. პირიქით, ისევ დიდ კომპანიებზე და მონოპოლისტებზეა ეს კანონიც მორგებული. ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან და თავად შეაფასეთ დანარჩენი: ე.წ. `ორაზროვანი~ მუხლები ისევ რჩება კანონში, თუმცა თუ შენ კითხვით მიმართავ საგადასახადოს და ერთ კითხვაში 5000 –დან 30000 ლარამდე გადაიხდი, პასუხში მიიღებ უკვე ერთ აზრს. ახლა მითხარით, რომელ მცირე და საშუალო ბიზნესს შეუძლია ამხელა თანხის გადახდა ერთ კითხვაში, როცა ჩვენთან 50 ლარიან საწევროს ვერ იხდიან.
- ხელისუფლებაც აღიარებს, რომ ქვეყანაში მზარდი ინფლაციაა. მთავრობამ ინფლაციის დასაძლევად პროგრამებიც შეიმუშავა. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რომ ინფლაცია დაიძლიოს ან არის თუ არა საკმარისი ხელისუფლების ძალისხმევა პრობლემის გადაჭრისთვის? - სოფლის მეურნეობაზე აქცენტის გაკეთებას მივესალმები, ეს წლების წინ უნდა მომხდარიყო, მე მექნება ასეთი მოთხოვნა - თუ გლეხებს ისეთ ძირითად ინსტრუმენტებს, როგორიცა საწვავი და სათესლე მასალა, მინიმუმ, ნახევარ ფასში მივაწვდით, გლეხი ორჯერ მეტ მიწას მოხნავს და ორჯერ მეტ მოსავალს დაელოდება, საქართველოში კარტოფილი 2 ლარი არ უნდა ღირდეს, სირცხვილია.
- თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?- საგადასახადო ტარიფების დაწევა, წამხალისებელი პროგრამების მომზადება, რომელშიც დიდი სიამოვნებით მიიღებს ჩვენი კომპანიაც მონაწილეობას, ყველაზე მთავარი მონოპოლიის მოშლაა.
- თქვენი აზრით, როცა ქვეყანაში საკმაოდ ბევრი მცირე და საშუალო მეწარმეთა ინტერესების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რატომ ვერ ხერხდება ამ სფეროს მეწარმეების ინტერესების რეალურად დაცვა?- ალბათ, იმიტომ რომ პირველი - ცოდნა მენეჯმენტის და საჭირო ინფორმაციის არ ქონაა, რომელიც აუცილებელია, რადგან მომზადდეს სასარგებლო და აქტუალური პროგრამები მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად. მეორე კი - არაა საკმარისი ძალა იმისა, რომ იბრძოლოს სახელმწიფო დონეზე ცვლილებებისთვის. ?????? - დაფინანსების არ არსებობაა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს უჭირთ მინიმალური საწევროს გადახდაც კი, რაც შეეხება დონორებს, არის გარკვეული ბაზა, მაგრამ ამ ბაზის ათვისებაც ხდება არამიზნობრივად, თუ ვინმემ დაფინანსება მოიპოვა, საკუთარი ინტერესებისთვის ხარჯავს.
ესაუბრა არჩილ კაიკაციშვილი