"რადგან საქართველოში ბანკიდან სესხის აღება გართულებულია, მომხმარებელი იძულებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოს და ბანკთან შედარებით ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთი გადაიხადოს"ქვეყნის სტაბილურობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი მეწარმეობის განვითარებაა, ხოლო წარმატებული ბიზნესის დასაწყებად, ან მის შემდგომ გასავითარებლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის საბანკო სექტორთან ურთიერთობას, როგორც მომსახურების, ასევე სესხებისა და კრედიტების კუთხით, რადგან ბიზნესში კაპიტალის შევსების ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ საბანკო კრედიტებია.
საქართველოში კომერციული ბანკების 90-95% დამწყები ბიზნესმენებისთვის ბიზნეს-კრედიტს არ გასცემენ და თუ გასცემენ, მხოლოდ არსებული ბიზნესის გასავითარებლად (ბიზნეს-კრედიტის გაცემის ერთ-ერთ პირობას ბიზნეს-საქმიანობის მინიმუმ რამდენიმეთვიანი ისტორია წარმოადგენს), ისიც, მაღალი პროცენტით და დიდი უზრუნველყოფით. სწორედ ამიტომ, ბიზნესი საბანკო სექტორს საკრედიტო პოლიტიკის მოუქნელობაში ადანაშაულებს. გარდა ამისა, ეკონომიკის ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ ქვეყანაში მეწარმეობის ნაკლებგანვითარებულობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ბანკების მიერ დამწყები ბიზნესმენების დაკრედიტების არარსებობაა. არადა, ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის შექმნისა და განვითარების ერთ-ერთ ძირითად ფინანსურ წყაროსა და საფუძველს წარმოადგენს.
"ბ&ფ" მიკროსაფინანსო ბაზარზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა და შეეცადა გაერკვია, თუ ხდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დამწყები ბიზნესმენების დაკრედიტება და რა პირობებით. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესის დაწყების, ან საკუთარი ბიზნესის განვითარების მსურველს თამამად შეუძლია გარკვეულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს მიმართოს და 100 ლარიდან 50,000 ლარის (ეკვივალენტი დილარში) ფარგლებში მიკრო კრედიტით ისარგებლოს. მთავარია, ფინანსური ანალიზის შედეგად დადგინდეს, რომ წარმოდგენილი ბიზნესიდეა რეალური და პერსპექტიულია, ხოლო იდეის ავტორს გააჩნია ბიზნესის წარმართვის საკმარისი უნარ-ჩვევები და სწორი სტრატეგია. მიკროსაფინანსო ბაზარზე მიკრო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი თვიური 1.5%-დან 5%-მდე მერყეობს.
ბიზნესის დაწყების მსურველთ დაწვრილებით გთავაზობთ, რომელ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეგიძლით ბიზნეს-კრედიტის აღება და რა პირობებით:
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" ახალი ბიზნესის დაწყებისა ან არსებული საქმიანობის გაფართოების მიზნით, ნებისმიერი სახის კერძო საქმიანობას აფინანსებს. კერძოდ კი წარმოებას, კომერციას, სოფლის მეურნეობას, აგრო-ბიზნესსა და მომსახურების სფეროს. სესხების მოცულობა 100-დან 50,000 ლარამდე მერყეობს, 1,5%-3% საპროცენტო განაკვეთით თვეში, 5 წლამდე ხანგრძლივობით. სესხის ოდენობა, ხანგრძლივობა, გადახდის გრაფიკი, გირავნობა და სხვა პირობები დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული ბიზნესის მდგომარეობაზე და თითოეულ კლიენტთან თანხმდება ინდივიდუალურად. `კრისტალში~ 10,000 ლარამდე სესხები გაიცემა გირაოს გარეშე. სესხის გარანტად შეიძლება გათვალისწინებულ იყოს ოჯახის ნებისმიერი შემოსავლის წყარო, გზავნილების ჩათვლით.
"დამწყები ბიზნესის დაფინანსება და ახალი იდეების წახალისება "კრისტალის" სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ გვესმის, რომ ბიზნესს სჭირდება გარკვეული პერიოდი სტაბილურობისა და მომგებიანობის მისაღწევად. ამიტომაც "კრისტალი" დამწყებ მეწარმეებზე 10,000 ლარამდე სესხებს ყოველგვარი დამატებითი შეზღუდვების გარეშე გასცემს, თუკი ფინანსური ანალიზის შედეგად დადგინდება, რომ წარმოდგენილი ბიზნესიდეა რეალურია და პერსპექტიული, ხოლო იდეის ავტორს გააჩნია ბიზნესის წარმართვის საკმარისი უნარ-ჩვევები და სწორი სტრატეგია. "კრისტალში" დამწყებ მეწარმეებზე სესხები გაიცემა იგივე პირობებით, როგორც სხვა სტანდარტულ სესხზე. ერთადერთი შეზღუდვა არის სესხის მაქსიმალური ზომა პირველ ეტაპზე - 10,000 ლარი", - ამბობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მალხაზ ძაძუა.
მცირე ბიზნესის დაწყების მსურველს, ასევე შეუძლია მიმართოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო კრედიტს", რომელიც სესხს მცირე ბიზნესის დასაწყებად 5000 ლარის ფარგლებში, თვიურ 2.5%-ად, ერთი თვიდან ათ წლამდე ვადით გასცემს. ამ შემთხვევაში ორგანიზაცია მომხმარებელს შეღავათს უკეთებს, რადგან მათთან სტანდარტული სესხი წლიურ 36%-ად გაიცემა. "რიკო კრედიტი" ბიზნეს-სესხს ძირითადად ლარში გასცემს. სესხის უზრუნველსაყოფად თბილისში, რუსთავსა და მცხეთის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსის ბინას, საკუთარ სახლს, აგარაკს, კომერციულ ფართს ან მიწის ნაკვეთს ითხოვს.
"მცირე მეწარმეების ბიზნესბრუნვა მცირეა და ითხოვენ მცირე თანხებს. ასეთ შემთხვევებში, მათ ბანკში სესხის აღება ძალიან მაღალ პროცენტში უწევთ, რადგან როდესაც ბანკიდან მცირე თანხას იღებ, საპროცენტო განაკვეთი მაღალია. ჩვენ ბაზარზე შემოვიტანეთ გარკვეული ნოუ-ჰაუ - მომხმარებელს კრედიტს უფრო დაბალ პროცენტში ვაძლევთ და თანაც ლარში. უნდა აღინიშნოს, რომ სავალუტო რისკების გათვალისწინებით, სესხებს ძირითადად ლარში გავცემთ, რადგან მცირე მეწარმეს ბიზნესი ძირითადად ლარში აქვს. ამით ვფიქრობ, რომ მცირე მეწარმეს თავისი ბიზნესის უკეთ ამუშავებაში ხელს შევუწყობთ", - განმარტავს "რიკო კრედიტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედო" მომხმარებელს უგირავნო ინდივიდუალურ ბიზნეს-სესხს სთავაზობს. სესხის ზომა 50-დან 10,000 აშშ დოლარამდე, ვადიანობა 2-დან 24 თვემდე განისაზღვრება. სესხის დაფარვის საშეღავათო პერიოდი კი წელიწადში 3 თვეს წარმოადგენს, ისიც ძირითად თანხაზე.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ქართული კრედიტი" მცირე და ინდივიდუალურ მეწარმეებს მიკრო სესხს 50,000 ლარამდე, ოთხი წლის ვადით, წლიური 30%-დან სთავაზობს. რაც შეეხება უზრუნველყოფას, ორგანიზაციის მოთხოვნას უძრავი ან მოძრავი ქონება წარმოადგენს.
ბიზნეს-სესხის აღება მომხმარებელს ასევე შეუძლია მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში "ალიანს ჯგუფი", რომელიც ბიზნესკრედიტს 300-დან 50,000 ლარამდე შემოგთავაზებთ. თუმცა ორგანიზაცია სესხის მოცულობის დიფერენცირებას ახდენს და საპროცენტო განაკვეთი სესხის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ანუ რაც უფრო დიდია სესხის მოცულობა, საპროცენტო განაკვეთი უფრო ნაკლებია და იგი თვიური 2,5%-დან 3,3%-მდე მერყეობს. სესხის გაცემის საკომისიოს 2,5% წარმოადგენს. სესხის დაფარვის ვადაა 12 თვიდან 48 თვემდე. საშეღავათო პერიოდიც სესხის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება და 6 თვემდე შეადგენს.
"ალიანს ჯგუფი" მომხმარებელს არასტანდარტული დაფარვის გრაფიკსაც სთავაზობს და იგი კრედიტის ნებისმიერ მოცულობაზე დასაშვებია. უზრუნველყოფას სესხის მოცულობის მიხედვით თავდებობა, გირავნობა და იპოთეკა წარმოადგენს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია GeoCapital მომხმარებელს 10,000 აშშ დოლარამდე ბიზნეს-სესხს, 4%-დან 5%-მდე საპროცენტო განაკვეთით სთავაზობს. ერთჯერადი საკომისიო 3,5%-ით განისაზღვრება, სესხის ვადა 6 თვემდე, უზრუნველყოფა ავტომობილის ღირებულების არაუმეტეს 40%-სა.
აღსანიშნავია, რომ მიკროსაფინანსო ბაზარზე არიან ისეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ბიზნეს-სესხებს ბიზნესის წარმოების დიდი გამოცდილების გათვალისწინებით გასცემენ. ერთ-ერთ ასეთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას "ფინკა" წარმოადგენს. "ფინკა" ინდივიდუალურ მიკროსესხებს გასცემს, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც სესხის გაცემის პერიოდისათვის უკვე შეუსრულდათ 18 წელი.
"ფინკა" მომხმარებელს 10,000 აშშ დოლარიდან 20,000 აშშ დოლარამდე ბიზნეს-სესხს სთავაზობს, კლებადი საპროცენტო განაკვეთი წლიური 23%-დან, 48 თვემდე ვადით. ყოველთვიური გადასახადი 30 დღიანი ინტერვალით განისაზღვრება, შეღავათიანი პერიოდი კი 3 თვემდე. მომხმარებელს უზრუნველყოფად უძრავი ქონება მოეთხოვება.
ბიზნეს-სესხს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მხოლოდ ზემოთ აღნიშნული კომპანიები გასცემენ. მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო ბაზარზეც გამოიკვეთა კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენცია, მათი საპროცენტო განაკვეთი მაინც მნიშვნელოვნად აღემატება საბანკო სექტორის საპროცენტო განაკვეთებს. თუმცა, მომხმარებელი მათ მაინც დიდი რაოდენობით ჰყავთ. ექსპერტთა განმარტებით, მიკროსაფინანსო ბაზარზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკუთარი ფულის უქონლობაა, ამიტომ ისინი ფინანსებს საერთაშორისო ფონდებიდან, გრანტებიდან ან მიზნობრივი პროგრამებიდან იზიდავენ. მაგრამ რაკი საქართველოში ასეთი ფონდები პრაქტიკულად არ არსებობს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საბრუნავ თანხას ბანკებიდან კრედიტის სახით იღებენ და შემდეგ ასევე კრედიტად გასცემენ. ექსპერტთა ნაწილის განცხადებით, რადგან საქართველოში ბანკიდან სესხის აღება გართულებულია, მომხმარებელი იძულებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოს და ბანკთან შედარებით ბევრად მაღალი საპროცენტო განაკვეთი გადაიხადოს.
თეონა ჭიტაძე