”საჭიროა კონკურენტული გარემო და მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში”
ინტერვიუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორთან ნუგზარ თოდუასთან
- როგორ შეაფასებდით ქართული ბიზნესის დღევანდელ მდგომარეობას?- შეიძლება ითქვას, რომ ქართული ბიზნესი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ბიზნესმენები და ქართველი მწარმოებლები არაკონკურენტულ გარემოში იმყოფებიან, რადგან ქართულ ბაზარზე მომრავლებული ცნობილი ფირმები შედარებით იაფფასიანი პროდუქციით უწევენ კონკურენციას.
ქართულმა ბიზნესმა და პროდუქციამ უცხოურ კომპანიებთან მეტოქეობის გაწევა რომ შესძლოს, ვფიქრობ, მენტალური ცვლილებაა აუცილებელი. ჩვენს მწარმოებლებს ჰგონიათ, რომ ქართულ ბაზარზე მხოლოდ უცხოური პროდუქციის გაყიდვაა შესაძლებელი და თავად კი საგარეო ბაზარზე გასვლა წარმოუდგენლად მიაჩნიათ. სწორედ ამაშია შეცდომა, რადგან გლობალიზაციის პირობებში, საშინაო და საგარეო ბაზრების ერთმანეთისგან გამიჯვნამ დაკარგა არსებითი მნიშვნელობა. შეიძლება ჩვენ არ გვინდა საგარეო ბაზარზე გასვლა და საერთაშორისო კონკურენციაში ჩაბმა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უცხოელები მოდიან ჩვენთან და კონკურენტები ხდებიან. ამიტომ, ქართულმა ბიზნესმა რომ წარმატებას მიაღწიოს, მათ საექსპერტო, კონკურენტუნარიანი პროდუქციის დამზადებაზე უნდა იფიქრონ. არა აუცილებლად საექსპორტო ბაზარზე გასატანად, არამედ ადგილობრივ ბაზარზე წარმატების მისაღწევად.
- რამდენად მონოპოლიზებულია ბიზნესი და რა გავლენას ახდენს ეს ქართულ ეკონომიკაზე?- ფაქტია, რომ დღეს ქართული ბიზნესი მონოპოლიზებულია. უცნაურია, მაგრამ თუ დავაკვირდებით, თითქოს ბაზარზე სხვადასხვა ფირმები არსებობენ, მაგრამ სინამდვილეში, ბევრი სხვადასხვა სახელწოდების ფირმა ერთია და, შესაბამისად, მონოპოლიურად მართავს ბაზარს. ზოგადად, მონოპოლიზებული ბაზარი კი, ბუნებრივია, ხელს უშლის როგორც ბიზნესის, ისე ეკონომიკის განვითარებას.
- მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო ბიზნესის კეთების სიიოლის მიხედვით XII ადგილზეა, რამდენად სანდოა ეს მონაცემები და ზოგადად, რა იგულისხმება ”ბიზნესის კეთების სიმარტივეში”?- ამ შემთხვევაში, ალბათ, ”ბიზნესის დაწყება" იგულისხმება, რადგან ”ბიზნესის კეთება" და ”ბიზნესის წარმართვა" შედარებით რთული საქმეა.
შესაძლოა ეს მონაცემები არსებობს, მაგრამ რეალურად ხომ არ ჩანს, რომ საქართველო ამ მხრივ წარმატებული ქვეყანაა?! ჩვენ რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ "ბიზნესის დაწყების" თვალსაზრისით ძალიან სახარბიელო მდგომარეობაში ვართ, სინამდვილეში, ბიზნესის კეთება საქართველოში ასე მარტივი საქმე არაა.
- რა უშლის ხელს საქართველოში ბიზნესის განვითარებას?- პირველ რიგში, აუცილებელია საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა და საკანონმდებლო ბაზის რეგულირება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინვესტიციების ხელშეწყობაც. როგორც ტურიზმის განვითარებისთვის ეხმარებიან ინვესტორებს, ასევე უნდა დაეხმარონ იმ ადამიანებს, ვინც ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში ჩადებენ. საჭიროა, ქართველი გლეხის ხელშეწყობა და მისთვის სტიმულის მიცემა, რათა მან ეკოლოგიურად სუფთა, ქართული პროდუქცია შექმნას, რომელზეც მოთხოვნა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო ბაზარზეც იქნება.
ასე რომ, საჭიროა უფრო მეტი ინვესტიცია სოფლის მეურნეობაში?!
- პრემიერის გადაწყვეტილებით, ის ბიზნესმენი, ვინც ე.წ. ”კეთილსინდისიერ გადამხდელთა” სიაში შევა, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება. თქვენი შეფასებით, რა კრიტერიუმებით და რამდენად ობიექტურად მოხდება ხელისუფლების მხრიდან ”კეთილსინდისიერი გადამხდელების” გამოვლენა?
- ამ სიაში, ალბათ, ის ბიზნესმენები შევლენ, ვინც არ დამალავს გადასახადებს და ვისაც არ ექნება დამატებითი, ფარული პროდუქცია.
დღეისათვის, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძვრები შეინიშნება და შესაძლოა, ბევრი ბიზნესმენი მოხვდეს ამ სიაში. ჯერ ერთი, შესაძლოა, არსებობს შიშის მომენტი და ბევრ ბიზნესმენს, სხვადასხვა მიზეზების გამო, ეშინია სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ქართველი ბიზნესმენებიც ფიქრობენ იმიჯის შექმნაზე, ანუ, თუ ფირმები ბაზარზე სახელს დაიმკვიდრებენ და გარკვეულ იმიჯს შეიქმნიან, შესაბამისად, მათ მიერ წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაც გაიზრდება.
- ბოლო პერიოდში, დიდი ყურადღება ექცევა ტურისტული ბიზნესის განვითარებას. თქვენი შეფასებით, აქვს თუ არა საქართველოს რეალურად ის პოტენციალი, რომ ტურიზმი ეკონომიკის ძირითად დასაყრდენ ძალად იქცეს?- საქართველოში უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი არსებობს და ამ ბიზნესის განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ტურიზმი მარტო დეკლარირებულად ვერ განვითარდება, აუცილებელია, როგორც ინფრასტრუქტურის შექმნა, ისე მოსამსახურე პერსონალის გათვითცნობიერება.
თუმცა, თუ დავაკვირდებით ცნობილ ქვეყნებს, რომლებშიც ტურიზმს ერთობლივ შიდა პროდუქტში უზარმაზარი ხვედრითი წილი აქვს, ვნახავთ, რომ მათ არა მარტო ტურიზმით, არამედ სხვა დარგების განვითარებით მიაღწიეს წარმატებას, თუნდაც, ტურიზმის მაღალ დონეს. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც მარტო ცალკე, განყენებულად, ტურიზმით ვერ განვითარდება. ტურიზმთან ერთად სხვა დარგების, მაგალითად, სოფლის მეურნეობის, განვითარებაც აუცილებელია.
- თუ გააუმჯობესებს ბიზნესის და, ზოგადად, ეკონომიკის მდგომარეობას ანტიმონოპოლიური სამსახურისა და კანონმდებლობის აღდგენა?- რა თქმა უნდა, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა აუცილებელი ფაქტორია, თუნდაც იმ მხრივ, რომ მან ქართულ ბაზარზე არსებული მონოპოლია დაარეგულიროს.
- რა შეიძლება შეცვალოს პრემიერის მიერ დანიშნულმა ბიზნეს-ომბუდსმენმა და რეალურად დაიცავს თუ არა ის ბიზნესმენთა ინტერესებს?- შეიძლება ხელისუფლების მიერ იყოს დანიშნული, მაგრამ თუკი რეალურად მის აზროვნებაში ჩადებული იქნება ნამდვილი დახმარების კეთილი სურვილი, უზარმაზარი საქმეები შეიძლება განახორციელოს და ხელი შეუწყოს ქართველ ბიზნესმენებს. ეს შეიძლება იყოს საზღვარგარეთ ქართული ბიზნესის, ქართველი მწარმოებლების, ქართული ფირმების ცნობადობის ამაღლება, მათთვის პარტნიორების მოძიება, ქართული ბიზნესის დაცვა უამრავი სხვადასხვა დამაბრკოლებელი ფაქტორისგან, იქნება ეს წამოსული სახელმწიფო თუ კერძო სფეროებიდან.
- ფიქრობთ, რომ დღევანდელი ომბუდსმენი ბიზნესმენთა ამგვარად ხელშეწყობას შეძლებს? - ახალი კანდიდატურა რამდენად შეძლებს არ ვიცი, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ როგორც ახალი ინსტიტუტი, ეფექტურად ამოქმედდება.
ესაუბრა ლალი ალელიშვილი