კახა კოხრეიძე "მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი- ბატონო კახა, მოგეხსენებათ, მცირე და საშუალო ბიზნესი არის ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა და მოსახლეობის ძირითადი დამსაქმებელი. საკმარისია თუ არა ის, რაც კეთდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის?- ბევრი რამე ისეთი გაკეთდა, რამაც მცირე და საშუალო ბიზნესს გაუმარტივა საქმიანობა, მაგალითად, სახელმწიფო სერვისების მიღება, ელექტრონული დეკლარირებები, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს საკმარისი არ არის. ცენტრალური თემა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფინანსები, მათ სჭირდებათ იაფი სესხი, იაფი საკრედიტო რესურსი, საშეღავათო პერიოდებით, საპროცენტო განაკვეთების რეალური მაჩვენებლით, რაც მათ გახდის უფრო კონკურენტუნარიანს.
- დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე არაერთხელ შეიცვალა საგადასახადო კოდექსი თუ მასში არსებული ცალკეული მუხლი. სიახლეები, რომელიც არის საგადასახადო კოდექსში, ითვალისწინებს თუ არა რაიმე შეღავათს მცირე ბიზნესით დაკავებულთათვის?- სიახლეები არის უფრო სოციალური შინაარსის. ეს არის ბრუნვის გადასახადის შემოღება, მიკრობიზნესის ცნების შემოღება. რამდენიმე ისეთი სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს ოპერირების გაუმჯობესებას, არის წინასწარი გადაწყვეტილების მექანიზმი. კომპანიას თუ სურს ბიზნესის წამოწყება, ან არსებული ბიზნესის დაბეგვრის რეჟიმში გარკვევა, მას შეუძლია წერილობით მიმართოს სამინისტროს და მიიღოს კონკრეტული პასუხი და ამის მიხედვით იხელძღვანელოს. ბევრი ისეთი რამ შეიცვალა, რაც გაამარტივებს საქმიანობას, მაგრამ არის საკითხები, რომელიც გადაჭრას საჭიროებს. პირველ რიგში აუცილებელია, მივიდეთ ისეთ საგადასახადო კოდექსამდე, რომელსაც მერე ხშირად არ შევცვლით.
- თქვენი აზრით, ქვეყანაში მიმდინარე ინფლაცია და სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა, როგორ აისახება მცირე და საშუალო ბიზნესის მდგომარეობაზე?- თავისთავად ინფლაცია ძალიან ცუდია. ფაქტია, რომ ქვეყანაში არის ბევრი ფული, მაგრამ ის არის ადეკვატური წარმოების და შექმნილი დამატებითი ღირებულების. აუცილებელია ისეთი ნაბიჯები გადაიდგას, როგორც ეროვნული ბანკისგან, ასევე მთავრობისგან, რომ როგორც მინიმუმ, ერთნიშნა ინფლაციაზე ჩამოვიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ოპერირება. გარდა ამისა, სოციალურად ძალიან რთულ შედეგს გამოიღებს. ფასების ზრდა დაარტყამს, პირველ რიგში, მომხმარებელს, რაც რთული ეკონომიკური მდგომარეობის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
- მცირე ბიზნესის დაწყების და შემდეგ მისი განვითარების მთავარ წყაროს საბანკო კრედიტი წარმოადგენს. როგორ უწყობს ან უშლის ხელს ბანკები მცირე და საშუალო ბიზნესს?- არის რამდენიმე ბანკი, რომელიც მცირე ბიზნესს მხარს უჭერს. არის ახლი ინიციტივები, მცირე ბიზნესისთვის დაბალი საპროცენტო განაკვეთის შეთავაზების, მაგრამ ბიუროკრატია მაინც მაღალია. არასდროს იქნება საქართველოში მცირე ბიზნესი ისე მომზადებული, რომ ბიუროკრატიული ბარიერები გადალახოს, ამიტომ სახელმწიფოს აქტიური ნაბიჯები აქ გარდაუვალია. მეწარმეს შეიძლება ჰქონდეს წარმატებული იდეა, წარმატებული პროექტი, მაგრამ არ ჰქონდეს აქტივი. შეიძლება აქტივის არქონის გამო, წარმატებული ბიზნესპროექტის დაფინანსებაზე უარი თქვას, ზოგადად, ეკონომიკამ? არა, რა თქმა უნდა! რადგან ეს ნიშნავს აუთვისებელ პოტენციალს.
- მთავრობის პროგრამა სოფლის მეურნეობის მიმართ - არსებობს თუ არა ასეთი რამ, რაც არსებობს, იმას როგორ დაახასიათებდით? - შეიძლება სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს რაღაც პროექტებს. გარკვეული ხარჯები ამ მიმართულებითაც არის, მაგრამ მე ვამბობ, რომ ამ მიმართულებას ძალიან ინტენსიურად უნდა მიეხედოს. თანამედროვე სერვისების შეთავაზებით, სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება. ფერმერმა, უშუალოდ გლეხმა, რომელიც რეგიონში რაღაცას საქმიანობს, შეიძლება ვერ აითვისოს ეს. მათ ჩვენ კონკრეტული პროექტები უნდა ვაჩვენოთ.Aანუ მთლიანად თავიდან ბოლომდე დეტალური ინფორმაცია უნდა დაიდოს ფურცელზე. აუცილებელია (არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით) შეიქმნას სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, სადაც დასხდებიან თანამედროვე განათლების მქონე ადამიანები, დაამუშავებენ პროექტებს და უკვე გამზადებულ პროექტებს შესთავაზებენ პოტენციურ ბიზნესმენებს, ინვესტორებს.
- მე მინდა შევეხო კიდევ ერთ აქტუალურ თემას, ბურების ჩამოსახლებას საქართველოში. რა მიზნით ჩამოყავთ საქართველოში სამხრეთ აფრიკელი ფერმერები? რამდენად აუცილებელია ეს?- პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერი გამოცდილების გაზიარება არის კარგი, თუ არის წარმატებული შემთხვევა, ის შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც მოდელი. მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. რაც უფრო მეტი კონკურენცია იქნება, მით უკეთესია ჩვენთვის. სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ მცირე მეწარმეებს მინდა ვუთხრა, რომ ამის ნუ შეეშინდებათ, პირიქით, იყვნენ უფრო ორიენტირებულნი ბაზარზე, მობილიზებულნი, შეისწავლონ ბაზარი, და თუ ვინმე უფრო ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდებათ, შეეცადონ, რომ მას კონკურენცია გაუწიონ.
ნატო ლომსაძე