
ნავთობპროდუქტების რეალიზატორებს ქსელში პროდუქციის გაძვირების საბაბი მიეცათ, მსოფლიოში შავ ოქროზე ფასები ისევ გაიზარდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების საცალო ქსელში საწვავზე ფასებმა, ბოლო 4 თვის განმავლობაში, რამდენჯერმე მოიმატა, რასაც მსოფლიო ტენდენციებს უკავშირებენ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი ცვალებადია და პერიოდულად ზრდა და კლება შეინიშნება, საქართველოში მსოფლიო ტენდენციების ასახვა მხოლოდ ზრდის მიმართულებით ხდება.
მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის ოთხთვიანი მატება, ქართულ საცალო ქსელებზე, უკვე რამდენჯერმე აისახა, სამი თვის განმავლობაში შავ ოქროზე ფასმა თითქმის 20 დოლარით მოიმატა და ბარელის ღირებულებამ 100 დოლარს მიაღწია.
იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატების ტენდენცია კომპანიებს არასტაბილურ გარემოს უქმნის. მისივე განმარტებით, საქართველო, როგორც 100%-ით იმპორტიორი ქვეყანა მხოლოდ საერთაშორისო ფასებზეა დამოკიდებული. ამ დროისათვის, ყველაზე მოთხოვნად Euro Premium-ის ფასი 2.03 ლარს უტოლდება, რაც ბოლო 2 წლის ყველაზე მაღალი ნიშნულია.
საქართველოში დღეიდან საცალო ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა. კომპანია „ლუკოილში" განმარტავენ, რომ 5 თეთრით გაძვირდა როორც ბენზინი, ასევე ევრო დიზელის ღირებულებაც.
შესაბამისად, კომპანიის გაყიდვების ოფისებში დღეიდან კორექტირებული ფასები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც Euro Super -ის ღირებულება 2.15 ლარით, Euro Diesel -ის ღირებულება 2.15 ლარით, Euro Premium -ის ღირებულება 2.03 ლარით, Euro Regular -ის ღირებულება 1.95 ლარით, ხოლო Premium Avanguard-ის ღირებულება 2.10 ლარით განისაზღვრა.
ნავთობიმპორტიორები ამ ცვლილების გამომწვევ მიზეზად ხან ნავთობის საერთაშორისო ფასების ზრდას, ხანაც დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის ვარდნას ასახელებენ.
ექსპერტები კი აცხადებენ, რომ საქართველოში საწვავზე ფასები საკმაოდ მაღალია და მსოფლიო ფასებთან შესაბამისობაში არ მოდის, რის მიზეზადაც ნავთობიმპორტიორებს შორის კარტერული შეთანხმების არსებობა სახელდება.
ამასობაში, არ არის გამორიცხული, რომ მსოფლიო ბაზარზე ვითარება შემოტრიალდეს და ნავთობი, პირიქით, გაიაფდეს. თუმცა, ფასების კლება გრძელვადიანი თუ არ აღმოჩნდა, როგორც ეს ფინანსური კრიზისის დროს იყო, მცირეოდენი გაიაფება ალბათ, საქართველოს მომხმარებლამდე ვეღარ მოაღწევს.
ნინო დარბაისელი